ქართველები თავისებური წეს-ჩვეულებების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებში ხშირად ვვარდებით. გამონაკლისს არც პოლიტიკოსები წარმოადგენენ. დღევანდელ წერილში საუბარი ამ პროფესიის ხალხზე გვექნება და ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიას გაგაცნობთ.
ჩვენი პირველი სტუმარი პარლამენტარი გუბაზ სანიკიძე იქნება. წინა საუკუნის 80-იან წლებში ბატონი გუბაზი იმ დროს ჯერ კიდევ მშვიდ ქვეყანა სირიაში აღმონდა. ერთ დღესაც ქართველმა ქალაქ დამასკოში გასეირნება გადაწყვიტა და ერთ „ისტორიაში“ გახვეული აღმოჩნდა.
გუბაზ სანიკიძე: „1988 წელს სირიაში მომიწია ჩასვლა, სადიპლომოზე ვმუშაობდი. დამასკოს ცნობილ ბაზრობას ვეწვიე, მივდივარ ჩემთვის და ყველას და ყველაფერს ვათვალიერებ. უცებ ძახილი მესმის:
- პუტკუნ, პუტკუნ!
გამიხარდა, მეგობარი გამომიჩნდა-მეთქი, ვიყურები აქეთ-იქით, მაგრამ ვერავინ ვიცანი. ალბათ, მომეჩვენა, გავიფიქრე და გზა გავაგრძელე, მაგრამ ისევ:
- პუტკუნ, პუტკუნ!
გავიხედე, არავინაა, გადავირიე, კაცო! გავჩერდი ერთ ადგილზე და ველოდები როდის მობეზრდება მალვა და გამოჩნდება. ამ დროს ვიღაც გასაბერი ბუშტების გამყიდველი ამეტუზა ცხვირწინ, უცნაურად მომაჩერდა და მეუბნება:
- პუტკუნ, პუტკუნ!
- შენ მეძახდი? - ვეკითხები არაბულად.
- არა, - ბუშტი მომიშვირა, - ამას ჰქვია „პუტკუნა“.
ერთ მშვენიერ დღეს ბატონი დავით ბერძენიშვილი ქალაქ ბრიუსელში ჩაფრინდა. ბედის ირონიით, ევროპის შუაგულში ჩასულ ჩვენს თანამემამულეს ჯიბეში მხოლოდ ორი-სამი დოლარი ჰქონდა. გუბაზ სანიკიძის მსგავსად ბერძენიშვილსაც „არაორდინალური“ ისტორია შეემთხვა.
დავით ბერძენიშვილი: „ნატოს შტაბბინაში შეხვედრა იყო დანიშნული. ბრიუსელში ვენის გავლით ჩავფრინდი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ჯიბეში ხურდები მაქვს და გავიხედოთ, ჩემოდანი არ ჩამოვიდა. სხვა გზა არ იყო, მივედი ნატოში ჯინსებით და გაუსკდათ გული!
მეორე დილით ოფიციალური შეხვედრა უნდა შემდგარიყო და ზრდილობიანი ფორმით შემახსენეს, რომ კოსტიუმში გამოწყობილი უნდა ვყოფილიყავი და სასწრაფოდ მაღაზიები შემომევლო. კი, ორ-სამ დოლარად ასარჩევად მექნებოდა საქმე! ახლა რისი იმედი მაქვს - თუ ჩემოდანი ჩემთან 24 საათზე მეტის დაგვიანებით მოვა, ავიაკომპანია იძულებული იქნება, გვარიანი საკომპენსაციო თანხა გადამიხადოს, რომელიც მთელი ოჯახის გამოსაპრანჭად მეყოფოდა. თან დროში ვეტევი, ფულიც ავიღო და შეხვედრაზეც ოფიციალური სამოსით გამოვცხადდე. ვდგავარ შტაბბინის დერეფანში და საათს დავყურებ. 17 საათი გავიდა, 18, 19, 20. სიხარულისგან თვალები მიბრწყინდება ნელნელა. ყურადღებას აღარ ვაქცევ, რა უცნაურად მიყურებენ გამვლელ-გამომვლელები, ჩემი დარდი მაქვს, 24 საათი შესრულდეს. 21 საათი გავიდა და ვხედავ, ვიღაც, ჩემი ცოდვით სავსე, ჩემოდანს მოარბენინებს განწირული ყვირილით:
- მისტერ დავით, მისტერ დავით!
იფიქრა, გავახარებ და პატარა ფულს მაჩუქებსო, მაგრამ ისეთი თვალებით შევხედე, უკანმოუხედავად მოკურცხლა. შევედი იქვე ტუალეტში გამოსაცვლელად. მაშინვე დაცვის ხალხს აცნობეს, ვიღაც კაცი ჯერ საათს უყურებდა გახარებული, შემდეგ ტუალეტში გაბრაზებული შევარდა ჯინსებითა და ჩემოდნით, ხოლო უკან კოსტიუმით გამოვიდაო. ბუნებრივია, ოპერატიულად დამაკავეს და დიდი ბოდიშებით გამიშვეს, რა უცნაური ჩვევები გქონიათ ქართველებსო. ნატოს ხელმძღვანელობა ააშენა ღმერთმა, ყოველდღე ვახშმისთვის ფულს მაძლევდნენ, მაგრამ პრესტიჟულ რესტორანში ჯდომის ცდუნებას გავუძელი და ორი დოლარით წასული კაცი, 64 დოლარით დავბრუნდი ოჯახში“.
ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი უფრო შორს წავიდა და თავი შორეულ ჩინეთში ამოყო. მხოლოდ ქართველებს თუ დაგვემართება ასეთი შემთხვევა. მაო-ძე-დუნის სამშობლოში ჩასულ ჩვენებურს სამშობლოდან ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი „ჩეზე“ „გაჰყვა“ და ამის გამო კინაღამ იქაურ ციხეში აღმოჩნდა. ქართველმა მძიმე მდგომარეობას თავი „ღირსეულად“ გაართვა.
ვალერი გელბახიანი: „რამდენიმე წლის წინ საპარლამენტო ჯგუფი ჩინეთს ვეწვიეთ საქმიანი ვიზიტით. თბილისი-ბათუმის გზაზე მანქანაში ყოველთვის მქონდა პისტოლეტი „ჩეზე“, 15-ვაზნიანი. რა იცი, რა ხდება. დამირეკეს, ბათუმიდან არის გაფრენაო, ჩავედი, შევკარი პატარა ჩანთა და ეს იარაღიც შიგ არ ჩავდე?!
ყველა საკონტროლო პუნქტზე თავიდან-ფეხებამდე შეგვამოწმეს ბარგიანად, მაგრამ ამ პატარა ხელჩანთას იქვე, გვერდზე ვდებდი ხოლმე და კაციშვილი არ დაინტერესებულა. ჩავედით პეკინში, გაგვაფრთხილეს, ქალაქში დიდი ამბებია, სასტუმროს ნომრის ყოველ ოთახში და ტუალეტშიც კი ფარული კამერებია დაყენებული ტერორისტების გამოსაჭერად და არ შეგეშინდეთო.
შეხვედრაზე მიგვიწვიეს. შევედი აბაზანაში თავის მოსაწესრიგებლად და წვერის გასაპარსად, გავხსენი ჩანთა - პისტოლეტი! თუ იქვე სული არ გამძვრებოდა, არ მეგონა! თან ვიცი, კამერით მიყურებენ. ჩვენებს დავურეკე. თავს ცუდად ვგრძნობ, უჩემოდ წადით-მეთქი და დავიწყე ფიქრი, როგორ მოვიშორო. ბოლოს ჩავიდე ჯიბეში, გავედი ქუჩაში და ვაზნები თითო-თითოდ ურნებში ჩავყარე. უცებ ტვინში დამარტყა, ვარიანტი არაა, ვიღაც არ მითვალთვალებდეს-მეთქი და გადავწყვიტე, პოლიციას ჩავბარებოდი. მივედი სასტუმროში, მირეკავენ, შეხვედრა დამთავრდა და ოპერაში გელოდებითო. ჰამლეტ ჭიპაშვილი გამახსენდა, გამოცდილი დიპლომატია, იქნებ რამე მიშველოს-მეთქი. ვეცი ტაქსს და მძღოლს ოპერაში წაყვანა მოვსთხოვე. ეს ადამიანი თურმე ტაივანელი ყოფილა, მარტო ჩინური იცის და სადღაც მიყრუებულ ბარამდე მიმიყვანა. ძლივს ავუხსენი რომ იქ არ მინდოდა. მალე ძალიან პრესტიჟულ დასახლებაში აღვმოჩნდი. ტაქსი რომელიღაც კაზინოს წინ გაჩერდა. კარის წინ ორმეტრიანი რუსი ეროვნების მუტრუკები იდგნენ და მივადექი.
- ოპერა მინდა!
- ახლავე, შევიდა ერთ-ერთი კაზინოში.
- სად წავიდა? - ვეკითხები მეორეს.
- „ოპერა“ ჩვენი უფროსის საიდუმლო „კლიჩკაა“, ახლავე მოიყვანს.
ვაი, შენს თავს ვალერი გელბახიანო! შიგნით რომ შემათრიონ და ეს იარაღი მიპოვონ ჯიბეში, იქვე გამაფრთხობინებენ სულს. გავვარდი გულისხეთქებით ტაქსისკენ და ისევ სასტუმროში დავბრუნდი. თავდაპირველად დასამშვიდებელი წამალი დავლიე, შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ოპერა სასტუმროს მეორე მხარეს მდებარეობდა. მივედი ჩინურ ოპერაში, მოვნახე ჰამლეტ ჭიპაშვილი და ჩემი გასაჭირი მოვუყევი. ჰამლეტმა, იარაღი ამ შენობის ტუალეტში გადააგდეო, მირჩია. მაშინვე წამოვხტი, პისტოლეტი ქართულ(!) გაზეთში გავახვიე და ტუალეტში დავტოვე. გამოვბრუნდი გახარებული და დარბაზში შესვლა ვერ მოვასწარი, დამლაგებელი ქალის ყვირილი გავიგონე. ამ ჩინელმა ქალბატონმა ჩემთან მოირბინა, მაჩვენა, აი, ეს დაგრჩათო და გაზეთში გახვეული იარაღი ხელში ჩამიდო! უფლება რომ მქონოდა, სიამოვნებით მივახრჩობდი!
მოკლედ, სასტუმროში „ჩეზე“ ნაწილებად დავშალე და ყველას ჩამოვურიგე, რომ თბილისამდე ჩაეტანათ და იქ ამეწყო. გაუჩნდათ სალაპარაკო, მაშაყირებენ და ვატყობ, საქვეყნოდ მეჭრება თავი. აეროპორტში, კონტროლზე რომ გავიარეთ, ჰამლეტი დაიჭირეს. ერთი საათი ჰყავდათ დაკავებული და თვითმფრინავიც იცდიდა, სიტუაციის გარკვევამდე. ახლა ამაზე დარდით გავთავდი კაცი, ჩემი მიზეზი ხომ არ იყო, სასხლეტი გამოჰქონდა. როგორც გაირკვა, ხანჯლები უპოვეს, ძლივს გავათავისუფლეთ და მთელი გზა მისი ამბავი ეკერათ პირზე.“
დღევანდელი „მოგონებების“ ბოლო სტუმარი, ამჟამად „ოპოზიციაში“ მყოფი „პოლიტიკოსი“ გოკა გაბაშვილის მამა კოტე გაბაშვილი იქნება. ბატონი კოტე მომავალში „გამინისტრებული“ ვაჟიშვილის სიჭაბუკის პერიოდის ერთ მართლაც რომ დაუჯერებელ ამბავს მოგვიყვება.
კოტე გაბაშვილი: “ორი ბიჭი მყავს, სხვაობა ერთი წელია. როცა უფროსი - დათო 8 წლის იყო, კინოში იღებდნენ. გადაღება ზოოპარკში იყო დანიშნული და 7 წლის გოკაც თან წავიყვანე, რაღაც 2 წუთი დავტოვე გოკა უყურადღებოდ, გავიხედე და ლამის გული გამისკდა! გოკა გისოსებში გამძვრალიყო, ვეფხვის გალიასთან მიცუნცულებულიყო და ულვაშებზე ეფერებოდა. აბა, როგორი დასანახია! ყველა შოკშია, ხმას ვერ იღებენ, ბედად, გამახსენდა, რომ ვეფხვი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია და ხმაური და ყვირილი აბრაზებს. ემოციები მოვთოკე და ფრთხილად დავიძარი. ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ გალიამდე მივედი. შემდეგ, ნახტომში დავავლე ხელი გოკას და მოშორებით ბუჩქებისკენ მოვისროლე. აი, მაშინ კი, იცოცხლეთ, იმისთანა ავყვირდი, ვეფხვი შიშისგან გალიის მეორე ბოლოსკენ გაიქცა. მივვარდი გოკას, მწვანე ბალახით დასვრილ ტანსაცმელს დაღონებული დაჰყურებს, გაბრაზებულია.
- რა დავაშავე, - ცრემლები მოაწვა, - ხომ თქვი, ცხოველები უნდა გიყვარდესო?
- შეგჭამდა.
- რატომ არ შემჭამა?
- რა ვიცი, - ჩავფიქრდი, - ეტყობა, შეეცოდე, დიდი კაცი დადგება, მინისტრიო...“