შიმშილობა და სხვადასხვა საპროტესტო აქცია აუცილებელია, რათა "ქართულმა ოცნებამ" დიალოგის პროცესი არ მიაფუჩეჩოს და არ წარმოაჩინოს ისე, თითქოს ყველაფერი წესრიგშია და მხოლოდ ვიღაც ცხელთავიანებს, რატომღაც წინასაახალწლოდ აქვთ სურვილი, რომ იშიმშილონ - სინამდვილეში ასე არ არის,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ შეუშლის მასობრივი შიმშილობის აქცია ხელს პრეზიდენტის ჩართულობით მიმდინარე პროცესს.
უგულავას თქმით, მათი ბრძოლა სამი ეტაპისგან შედგება - საპროტესტო მუხტის კონსოლიდირება, დიალოგი და საერთაშორისო წნეხის გაძლიერება.
"ჩვენ ვხედავთ ძალიან დამძიმებულ სურათს ქვეყანაში. ვხედავთ, რომ ყველაფერი ძვირდება - ტრანსპორტი, დასუფთავება, ელექტროენერგია. ვხედავთ ურთულეს საერთაშორისო გამოწვევებს და ვერ ვხედავთ საქართველოს იმ მაგიდაზე, სადაც საქართველოს ბედი წყდება. ამ მძიმე სურათში ვხედავთ დაპატიმრებულ, მოშიმშილე და ნაწამებ მესამე პრეზიდენტს. ამიტომ, ჩვენი აზრით, სამი კომპონენტისგან შედგება ის ბრძოლა, რაშიც ჩართული ვართ: საპროტესტო მუხტის კონსოლიდაცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება დიალოგის პროცესი მიაფუჩეჩოს; დიალოგის პროცესი, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება, რათა "ქართულმა ოცნებამ" სერიოზულად აღიქვას დიალოგის პროცესი და პრობლემები, რაც ქვეყანაში გვაქვს",- განაცხადა გიგი უგულავამ.