კობა დავითაშვილის ვაჟმა, თორნიკე დავითაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გარდაცვლილ მამაზე და ნათლიაზე - მიხეილ სააკაშვილზე. თორნიკე 2017 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს, სადაც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს.
კობა დავითაშვილის ვაჟი ჰყვება, რამდენად მძიმე პაციენტი იყო მამა და მისი მოვლა დედას უწევდა.
"მამას მხრის შეცვლა რომ სჭირდებოდა, ვერ ახერხებდა, რადგან პარალიზებული იყო, დედას უწევდა მისი გადაბრუნება. მამას ბეხტერევის დაავადება ჰქონდა, ეს იშვიათი დაავადებაა საქართველოში, თუმცა გერმანიაში მესამე ადგილზეა დაავადებებში. მას ბევრი კომპონენტი აქვს, ერთ-ერთია გენეტიკური მიდრეკილება, მაგრამ სჭირდება სტარტერი, რათა ეს გენეტიკური კოდი ჩაირთოს, ერთ-ერთი ამის გამომწვევი ძლიერი ტრავმაა. ის, რომ მამა ამას 7 ნოემბრის ცემას მიაწერდა, არა რის საფუძველს მოკლებული, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამან გააქტიურა ავადმყოფობა, მამას ამაში ვეთანხმები. იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, რომ მომხდარი უკვალოდ არ ჩაივლიდა", - განაცხადა მან მაკა რაზმაძის გადაცემაში "ჩაი".
თორნიკე ინტერვიუში ნათლიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, იყო პერიოდი, როდესაც გადანათვლაზეც კი ფიქრობდა და ამაზე კითხვებს ოჯახშიც სვამდა.
"სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მიხეილ სააკაშვილი ჩემი ნათლიაა. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მომნათლეს. იმჟამად მამა და სააკაშვილი თანამოაზრეები იყვნენ. მამა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. სულ ორი ნათლია მყავს, მიხეილ სააკაშვილით დიდად არ ვამაყობ, კარგა ხნის განმავლობაში ვკითხულობდი, - გადანათვლა არ შეიძლება - მეთქი? - მეორე ნათლიით, ნონა წოწერიათი ვამაყობ, სტრასბურგში იყო წლების განმავლობაში მოსამართლე საქართველოს სახელით. მიყვარს ძალიან და დიდი სიყვარულით მოვიკითხავ. მეორე ნათლიას მაინც არ უცდია მამაჩემის მოკვლა.
არ მიყვარს, როდესაც ადამიანს ისეთ რამეს აბრალებ, რაც დამტკიცებული არ არის. მამაჩემი ისეთი ადამიანი იყო ტყუილებს არ ლაპარაკობდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ნათლიაჩემს რაღაც ბრალი მიუძღოდა მომხდარში, მაქვს მყარი საფუძველი, რომ ის მართალია. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ ნაწილში ბრალი არ აქვს წარდგენილი. მანდ ბრალი დაუმტკიცდა ზურაბ ადეიშვილს და დედასგან ვიცი, რომ მამას ძალიან ეწყინა, რადგან მას დიდ პატივს სცემდა და ჭკვიან ადამიანად მიიჩნევდა. ჭკვიანი ყოფილა და ბოროტი", - დასძინა მან გადაცემაში.