თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე “მანანას” გადაღება მიმდინარეობდა. მომხიბვლელი ქურთი გოგონა იქაურ ქურთებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.
აღტაცებულები შესცქეროდნენ. მისი ყოველი ჟესტი და მიმიკა ისე ნაცნობი იყო მათთვის, რომ მოთმინების ფიალა აევსოთ, თავისთან იხმეს და ჰკითხეს: “გოგო, შენ სადაური ქურთი ხარ?: “ახლა არ მცალია, ვმუშაობ” – უპასუხა მედეა ჩახავამ და გაეცალა.
მეეზოვე კოლეგებს იქიდან ფეხი არ მოუცვლიათ. ცოტა ხნის შემდეგ ისევ იხმეს “თანამემამულე” მსახიობი: “მაინც ვინ ხარ, სადაური ხარ, სად გიპოვნოთ?”.
მაშინ მედეამ სარესებური ქართულით ჩაურაკრაკა: “თავი დაანებე, კასო, მე აქაური იეზიდი არ არის, მე ჩამოსული იეზიდი არის” და კისკისით გაეცალა იქაურობას.
ამ დროს ქალბატონ მედეას უკვე შესრულებული ჰქონდა სარეს როლი კიტა ბუაჩიძის კომედიაში “ეზოში ავი ძაღლია”.
ისეთი დინამიკური და ცეცხლოვანი იყო სარე-ჩახავას ყველა სცენა და დიალოგი სპექტაკლში, რომ შემდგომში ბატონი კიტა ბუაჩიძე წერდა: “მეეზოვე სარე მედეა ჩახავას შესრულებით ყველაზე უნაკლოა, მათ შორის, რომლებიც მე მინახავს. მე კი მინახავს სარე ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ სცენებზე”.