უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის  ვაქცინა საქართველოში უფასოა 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის  ვაქცინა საქართველოში უფასოა 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბევრმა ადამიანმა უკვე გაიკეთა  და   ქვეყანაში ვაქცინირებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. როცა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე პირების აცრას ითვალისწინებდა. ახლა ვაქცინაციის ჩატარება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, თუკი ის  პირი საქართველოში ლეგალურად არის შემოსული და ქვეყანაში მინიმუმ სამი თვეა იმყოფება. 

სად შეუძლიათ ვაქცინაცია

საქართველოში მყოფ ბინადრობის მოწმობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაცია ჯერჯერობით შეუძლიათ 3  დაწესებულებაში: თბილისის აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ბათუმის  რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და  ქუთაისში,  ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში. 

ანუ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე შეუძლია: საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც საქართველოში იმყოფება და მისი შემოსვლიდან გასულია სულ მცირე 3 თვე, ასევე სახელმწიფო პროგრამის - „იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს. საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების უცხოელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობას მოქალაქეობის მიუხედავად; ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინასებულ პროექტებში მომუშავე პირებსა და მათი ოჯახის წევრებს. პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს. N164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლის ოჯახის წევრი (შვილი, მშობელი, მეუღლე) საქართველოს მოქალაქეა.

როგორ მოვემზადოთ ვაქცინაციისთვის

ვაქცინაციისათვის წინასწარი კვლევების ჩატარება ან მედიკამენტოზური მომზადება არ არის საჭირო. თუმცა, გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, კონსულტაციის შედეგად, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.  ვაქცინაციის წინ ანტიჰისტამინური პრეპარატების თვითნებური მიღება ექიმი- ალერგოლოგის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია, ვინაიდან, მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსია) პრევენციის ნაცვლად, შესაძლოა, დაგვიანდეს სამედიცინო დახმარების გაწევა ანაფილაქსიის წინა ადრეული ნიშნების არასრულყოფილი გამოვლენის შედეგად. ვაქცინაციის წინ კოვიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების კვლევა არაინფორმატიულია და, ტესტის პასუხის მიუხედავად, აუცილებელია სრულყოფილი ვაქცინაცია. 

რომელი ვაქცინებია ხელმისაწვდომი უცხო ქვეყნის მოქალაქეეებისთვის?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, უცხოელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, ვაქცინაცია უფასოა და მათ მათთვის სასურველი ნებისმიერი  ვაქცინით შეუძლიათ აცრა. 

შეგახსენებთ:  საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. დღეისათვის ხელმისაწვდომია 4 სხვადასხვა დასახელების ვაქცინა: „ფაიზერი“, რითაც ვაქცინაცია შეუძლიათ: 12 წლის ასაკიდან ბავშვებსაც. 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს; ორსულებს, ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. მეძუძურ დედებს.  ხელმისაწვდომია ასევე „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: booking.moh.gov.ge  ან „ცხელ“ ხაზზე -1522.

 ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია ჯავშნის რედაქტირება, გადავადება ან გაუქმება.