საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ვადიანი აბონემენტების დანერგვის შესახებ წერს.
„მოდით ერთად გადავხედოთ:
1. ახალი რეგულაციებითა და განახლებული ავტოპარკით საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების კომფორტი მნიშვნელოვნად იზრდება, დრო კი მცირდება;
2. ერთმანეთთან სინქრონდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი;
3. ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი - ერთი ლარი - (იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა - მეტრო, ავტობუსი, მიკრავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან);
4. ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი სამი ლარი, მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად);
5. ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი - 20 ლარი (ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი;
6. ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი - 40 ლარი, რომლის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება, რადგან კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან.
7. ულიმიტო, სამთვიანი ბარათი - 100 ლარი, ტრანსპორტით აქტიურად მოსარგებლეს ხარჯს სულ მცირე გაუნახევრებს;
8. ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი - 150 ლარი. ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში 25 ლარს შეადგენს;
9. ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი. ანუ თვიური ხარჯი 20 ლარი იქნება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობისათვის.
10. სრულიად უფასო მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ:
1)თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები; 2)მოსწავლეები; 3) უბნის ინსპექტორები და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები; 4) თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები; 5) თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები და სხვა.
11. შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ:
1) თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები; 2) საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები; 3) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები; 4) პენსიონერები; 5) თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები; 6) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები და სხვა.
12. შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები“, - წერს გიორგი ვოლსკი.
2022 წლის 1-ლი თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ვადიანი აბონემენტები დაინერგება.