„ერთია, რა უნდათ გახარიასა და ამ გუნდის ხელმძღვანელობას და მეორეა მათი წევრები ადგილებზე, რომლებიც, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ყოფილი წარმომადგენლები და ბევრი მათგანისთვის კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსის გაფორმება“, - ამის შესახებ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ გიორგი გახარია და მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიზნებს იზიარებენ.
„თუ ვინმეს დღემდე ეპარებოდა ეჭვი, რომ ის, რასაც გიორგი გახარია აკეთებდა, დაწყებული იმ პირველი დღიდან, როცა მან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყლის დასხმა იყო, დღეს, ეს ძალიან ბევრისთვის გახდება ნათელი. ვფიქრობ, დღეიდან, ისინი უფრო რადიკალურად დაიწყებენ ფიქრს იმაზე, რომ არ შეიძლება ამ თამაშში ჩართვა. ვგულისხმობ გახარიას პარტიის იმ წევრებს, რომლებიც ადგილებზე არიან არჩეულები თვითმმართველობებში“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ მხარდაჭერით აირჩიეს.