არჩილ თალაკვაძე: მთელი ჯანდაცვა, ექიმები, მათთვის არის სულერთი, ოღონდ ერთადერთი კლიშე დაამკვიდრონ, რომ სააკაშვილს ისეთი მკურნალობა სჭირდება, რომლისთვისაც ბადენ-ბადენში არის გადასაყვანი

არჩილ თალაკვაძე: მთელი ჯანდაცვა, ექიმები, მათთვის არის სულერთი, ოღონდ ერთადერთი კლიშე დაამკვიდრონ, რომ სააკაშვილს ისეთი მკურნალობა სჭირდება, რომლისთვისაც ბადენ-ბადენში არის გადასაყვანი

სიმართლე გახლავთ ის, რომ ის [მიხეილ სააკაშვილი] ქვეყანაში შემოვიდა დესტაბილიზაციისთვის და ახლა ცდილობს, რომ სხვა მეთოდებით, მანიპულაციებით შეაწუხოს ხელისუფლება და დისკრედიტაცია გაუწიოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ახლა ცდილობენ, რომ ყველანაირად ემოციურად დატვირთონ მისი თემა, ხან მესამე პრეზიდენტად მოიხსენიებენ და არსად ამბობენ, რომ ეს ადამიანი არის პატიმარი და რისთვის არის მსჯავრდებული. მოთხოვნებიც გაუგებარია, ერთი პერიოდი ამბობდნენ, უპირობოდ გათავისუფლდესო, მერე ამბობდნენ, რომ სამართლიანი სასამართლო არის ჩვენი მოთხოვნაო. ნახეს, რომ ხალხმა კარგად იცის, რომ სამართლიანმა სასამართლომაც გაასამართლა და სამართლიანი სასჯელიც აქვს და ეს სასჯელი ორჯერ მეტი იქნებოდა მისივე კანონებით რომ ყოფილიყო გასამართლებული. ახლა ცდილობს მათი მედია, მათ მიერ მანიპულირებული ექსპერტები, რომ პოლიტიკური ზეწოლა მოახდინონ ექიმებზე. მთელი ქვეყნის ჯანდაცვაზე ამბობენ, რომ ამ ექიმებს, ამ პროფესორებს, ამ ექთნებს არ შეუძლიათ აქ მკურნალობაო, მათ წარმოდგენა არ აქვთ, ადამიანი შიმშილობას რომ შეწყვეტს, მერე როგორ უნდა მიხედონ, ან სტრესს რომ მიიღებს, ამას როგორ უნდა გაუმკლავდნენო. მთელი ჯანდაცვა, ექიმები, თავიანთი წარსულით, აწმყოთი, მათთვის არის სულერთი, ოღონდ ერთადერთი კლიშე დაამკვიდრონ, რომ სააკაშვილს რაღაც ისეთი მკურნალობა სჭირდება, რომლისთვისაც ბადენ-ბადენში არის გადასაყვანი“, - განაცხადა თალაკვაძემ.