სააკაშვილის ადვოკატი: პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა სამშობლოში დაბრუნებაზე არის აბსურდული - ეს იყო გმირული ნაბიჯი

სააკაშვილის ადვოკატი: პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა სამშობლოში დაბრუნებაზე არის აბსურდული - ეს იყო გმირული ნაბიჯი

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმის პირველი არსებითი განხილვა გაიმართა, თუმცა პროცესს არ დასწრებია პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ განმარტა, თუ რაში მდგომარეობს მიხეილ სააკაშვილის დანაშაული ამ საქმეზე. ამავდროულად, სასამართლო სხდომაზე დაცვის და ბრალდების მხარის მიერ დაყენებულ კონკრეტულ შუამდგომლობებზე იმსჯელა და მათი უმეტესობა დაკმაყოფილდა.

კერძოდ, სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობით, საქმეს დაერთო სააკაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზის შედეგად მიღებული მტკიცებულებები. რაც შეეხება ადვოკატების შუამდგომლობებს, ისინი ითხოვდნენ, საქმეს დართვოდა სახალხო დამცველისა და ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა, რომელიც ეხება სააკაშვილის ჯანმრთელობას. სასამართლომ ეს შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.

სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, საქართველოში საზღვრის უკანონო გადმოკვეთისას კანონი არ დაურღვევია, რადგან, მათი აღქმით, ეს იყო ჰეროიკული აქტი და საქმეს სამართლებრივი შემადგენელი არ აქვს.

„მესამე პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა. ის დაბრუნდა განსხვავებული ფორმით, ვიდრე ეს დაანონსებული იყო, რათა ამას არ მოჰყოლოდა რაიმე გართულება და არ დაზარალებულიყვნენ ადამიანები, სააკაშვილმა გადაწყვიტა, სხვა ფორმით დაბრუნდეს სამშობლოში. პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა სამშობლოში დაბრუნებაზე, ბუნებრივია, არის აბსურდული. ეს იყო გმირული ნაბიჯი“, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე შემდეგი სხდომა 13 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.