„ომიკრონის“ შემთხვევების ერთ მესამედს სჭირდება სამედიცინო მეთვალყურეობა, რაც შემთხვევების დიდი რაოდენობის ფონზე, შეიძლება ძალიან დიდი ზეწოლა გახდეს ჯანდაცვის სისტემაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ახალი შტამის მახასიათებლებზე ისაუბრა.
„დგას მეორე პრობლემა და გამოწვევა, რომელმაც მოგეხსენებათ დიდი შეშფოთება გამოიწვია მთლიანად მსოფლიოში, გლობალურად. ამიტომაც მას, „ომიკრონს“ შემაშფოთებელი შტამის კლასიფიცირება მიენიჭა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 26 ნოემბერს. ძალიან სწრაფი ტემპით მიდის წინ.
მისი რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი: გაორმაგების ვადა მერყეობს 1.8-დან 3.2-მდე. დეკემბრის მონაცემებია ეს. წინა დღეებთან შედარებით, საშუალო ზრდა ახალი შემთხვევების არის 35%. ახალი შემთხვევების დიდი პროცენტი მოდის 35 წლის ქვევით ასაკზე, ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია 2-44 წლის ასაკის ჯგუფში. ასევე, 2 წლის ქვემოთ ბავშვებში. საკმაოდ დამაფიქრებელია ის, რომ რეინფიცირების სიხშირე არის 5.4, ანუ ადამიანს თუ ჰქონდა ინფექცია გადატანილი ადრე, რეინფიცირება 5.4 მეათედ შემთხვევაში არის გაზრდილი. ინკუბაციური პერიოდი სამ დღემდე ჩამოვიდა, მაშინ როცა „დელტაზე“ იყო ოთხი და „ალფაზე“ იყო 5 დღე. შემთხვევის ერთ მესამედს სჭირდება სამედიცინო მეთვალყურეობა, რაც შემთხვევების დიდი რაოდენობის ფონზე, შეიძლება ძალიან დიდი ზეწოლა იყოს ჯანდაცვის სისტემაზე. ვაქინაცია არის პრევენციის მთავარი საშუალება, რადგან ახალი შტამის პირობებშიც, ვაქცინები „ომიკრონის“ შემთხვევაშიც იცავენ გართულებების და სიკვდილიანობისგან “, - განაცხადა გამყრელიძემ.