მგონია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გადატრიალება არ მოხდება - იქ ნებისმიერი ძალა პრორუსულია, თუ რამეში ერთმანეთს ედავებიან, ედავებიან იმაში ვინ უნდა ჭამოს, ვინ უნდა ხრას რუსული ფული

მგონია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გადატრიალება არ მოხდება - იქ ნებისმიერი ძალა პრორუსულია, თუ რამეში ერთმანეთს ედავებიან, ედავებიან იმაში ვინ უნდა ჭამოს, ვინ უნდა ხრას რუსული ფული

ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებით, ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ალბათობით გადატრიალება არ მოხდება. ამასთან, როგორც ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როგორც არ უნდა განვითარდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოვლენები, საქართველოსთვის არაფერი შეიცვლება.

ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზეთში, ოპოზიცია ამ ქმედებებით შედეგს ვერ მიაღწევს და მაინც ე.წ. საპარლამენტო არჩევნებამდე მივლენ, რომელიც 2022 წლის 12 მარტს გაიმართება.„ახლა აფხაზეთში ორი ძალა არსებობს, პირობითად, არძინბას ძალა და პირობითად, ბჟანია-ანქვაბის ძალა, რომლებიც მუდმივად ებრძვიან ერთმანეთს და არადემოკრატიული ფორმებით ერთმანეთს ცვლიან ხოლმე. 12 მარტს დაინიშნა ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. ე.წ. პარლამენტი, რომელიც ახლა არის აფხაზეთში ხაჯიმბასია, ე.წ. ხელისუფლება კი ბჟანიასი. ამ მოვლენებით კი შეიძლება შეიცვალოს ვითარება და ე.წ. პარლამენტიც ბჟანიასი გახდეს, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება და ითხოვს ერთ წლით გახანგრძლივდეს "პარლამენტის" ყოფნა, "პარლამენტარობა" შეინარჩუნონ. ამასობაში კი იმედი აქვთ, რომ ბჟანიას ჩამოაგდებენ არაცივილიზებული მეთოდებით, რისი საფუძველიც აქვთ - სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, ენერგეტიკული კრიზისიც, შუქი თითქმის არ მიეწოდებათ, არც წყალი, ამასთან, არის დაძაბულობაც. უამრავი საფუძველია ბჟანიას გაშვების, მაგრამ ეს პრობლემები ყოველთვის იყო. ასე რომ, აქ ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვისაა. საზოგადოება შუაშია გაყოფილი და არ არის ჩამოყალიბებული ღირს თუ არა ამ "ხელისუფლების" არჩევნებამდე 2 თვით ადრე გაშვება. მგონია, რომ გადატრიალება არ მოხდება. აფხაზეთში არ არსებობს ანტირუსული განწყობები ერთი მხრივ და მეორე მხრივ, არ არსებობს პროქართული განწყობებიც. ნებისმიერი ძალა პრორუსულია, თუ რამეში ისინი ერთმანეთს ედავებიან, ედავებიან იმაში ვინ უნდა ჭამოს, ვინ უნდა ხრას რუსული ფული. ამიტომ ვინც ოპოზიციაშია, ის შურის თვალით უყურებს "ხელისუფლებაში" მყოფებს. რუსეთი კი მხარს უჭერს სტაბილურობას და მას აფხაზეთში არეულობა არ სჭირდება. ამას ხედავს ოპოზიცია და ცდილობს რუსეთს დაუმტკიცოს, რომ ისინი უფრო კარგები არიან. მგონია, რომ ოპოზიცია ამ ქმედებებით შედეგს ვერ მიაღწევს და მაინც ე.წ. არჩევნებამდე მივლენ. თუმცა, აფხაზეთში ისე ხშირად და მოულოდნელად ხდება ერთი პატარა, 500-კაციანი შეტევით „ხელისუფლების" ჩამოგდება, რომ გამორიცხულიც არ არის, „ხელისუფლება" შეიცვალოს. მე მაინც ეჭვი მეპარება, მაგრამ ყველაფერი მოსალოდნელია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. ამასთან, ზაქარეიშვილის მოსაზრებით, საქართველო ისე იქცევა, თითქოს აფხაზეთი სულ სხვა პლანეტა იყოს, თუმცა, ეს მხოლოდ დღევანდელ მოვლენებს არ ეხება.

როგორც ექსპერტი ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს აფხაზეთთან მიმართებაში გარდა სადღეგრძელოებისა არაფერი რეაგირება არ აქვს. „რუსეთისთვის არ შეიცვლება არაფერი და მით უმეტეს, საქართველოსთვის. საქართველოს აფხაზეთი საერთოდ არ აინტერესებს.

„ქართული ოცნებისთვის“ მთავარია, რომ მას არ დაბრალდეს აფხაზეთის დაკარგვა და ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, რომ ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს. ვინც არ უნდა მოვიდეს დღეს აფხაზეთში, საქართველოსთვის სამწუხაროდ, არაფერი შეიცვლება იმიტომ, რომ ჩვენ არ მივიღეთ არანაირი შეტყობინება, ყველაფერი „გავუტარეთ“. ბჟანიას გუნდი ქართველებთან დიალოგს, მოლაპარაკებებს დიდხანს ცდილობდა. ეს ჩავარდა, რადგან ქართული მხარე არ ელაპარაკებოდა მათ. ამასწინათ ქართველებისა და აფხაზეთის სამოქალაქო სექტორის წერილი გავრცელდა, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება საერთოდ არ მიაქცია. არადა, დოკუმენტი უნიკალურია და არასდროს ყოფილა ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი განცხადება თავიანთი ხელისუფლებების მიმართ. აშკარაა, რომ არაადეკვატურ ვითარებაშია საქართველოს ხელისუფლება, რასაც აფხაზებიც ხედავენ. ამიტომ დარჩნენ პირისპირ რუსეთთან და ცდილობენ მასთან გაარკვიონ ურთიერთობები ვინ უფრო საყვარელი ძალაუფლებაა. საქართველო ისე იქცევა, თითქოს აფხაზეთი სულ სხვა პლანეტა იყოს, თუმცა, ეს მხოლოდ დღევანდელ მოვლენებს არ ეხება - ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს აფხაზეთთან მიმართებაში გარდა სადღეგრძელოებისა არაფერი რეაგირება არ აქვს. არ ჰყოფნის საქართველოს ხელისუფლებას კომპეტენცია და არ უნდა ამ თემას ხელი მოკიდოს. გაურბიან რთულ საკითხებს, ვითომ არ არსებობს ეს რთული საკითხები. კონცეფციაზე კი მუშაობს ხელისუფლება, რომელიც მარტში-აპრილში უნდა მიიღონ, მაგრამ ის კონცეფციაც არ განსხვავდება დიდად „ნაციონალური მოძრაობის“ კონცეფციისგან. კონფლიქტებზე დღევანდელმა ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი მიითვისა, რომ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ რუსეთია, ის არის მთავარი პრობლემა და აფხაზებთან, ოსებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. რუსეთი რომ პრობლემაა ვეთანხმები, მაგრამ თუ აფხაზებს და ოსებს არ დაველაპარაკებით, კიდევ უფრო ძლიერდება რუსეთი. რუსეთს ვაძლიერებთ აფხაზებთან და ოსებთან არ ლაპარაკით. აფხაზები და ოსები ხედავენ, რომ ქართველები მათ ადამიანებად, მხარედ არ მიიჩნევენ და კიდევ უფრო მიისწრაფვიან რუსეთისგან. საქართველომ მათ ზურგი შეაქცია, რუსეთი კი ეხმარება. ჩვენც არსად ვჩანვართ რუსეთის თვალსაწიერში, ფეხებშიც კი არ ვებლანდებით რუსეთს უკვე ამ კონფლიქტების მიმართულებით“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია ასლან ბჟანიას გადაყენების პროცედურის დაწყებას გეგმავს. ოპოზიცია მოითხოვს, პროცედურის განმავლობაში ასლან ბჟანიას არ ჰქონდეს „ენერგეტიკული, ქონებრივი და საგარეო პოლიტიკური ინიციატივების“ განხორციელების უფლება“. ასევე, მათი მოთხოვნაა, გაუქმდეს „პრემიერ-მინისტრის პოსტი“ და „მთავრობის“ წევრები პარლამენტმა დაამტკიცოს. სოხუმში ოპოზიციის მომხრეებმა კან კვარჩიას მეთაურობით, გუშინ ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაც მოხდა. ცნობილია ასევე, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელსა და ასლან ბჟანიას შორის შეხვედრა გაიმართა.