საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონ“ შტამის 24 შემთხვევა ფიქსირდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველა დადასტურებული შემთხვევა ერთი კლასტერიდან მოდის და მათი ინფიცირების მიმდინარეობა მსუბუქია.
„დღეს საქართველოში დადასტურებული გვაქვს „ომიკრონ“ შტამის 24 შემთხვევა. ყველა მათგანი არის მსუბუქი მიმდინარეობის, ყველა ერთი კლასტერიდან მოდის. პირველი ორი შემთხვევა, რაც ორშაბათს დაფიქსირდა, მათი კონტაქტები გადამოწმდა და თითქმის ყველას დაუდასტურდა. ინფიცირებულების უმრავლესობა ვაქცინირებულია და ის მონაცემები, რაც ამ დრომდე არსებობს, ადასტურებს, რომ ის ვაქცინები, რაც ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს, კვლავაც ეფექტურია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განსაკუთრებით მოგვიწოდებს ბუსტერ დოზაზე, რადგან ბუსტერ დოზა აძლიერებს მნიშვნელოვნად იმუნიტეტს და ორგანიზმის დაცვის შესაძლებლობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ზოგადად „ომიკრონ“ შტამის თვისებებსა და მასთან დაკავშირებულ რისკებზეც ისაუბრა.
„ომიკრონ“ შტამს შეუძლია ძალიან სწრაფად მოიცვას დიდი რაოდენობით მოსახლეობა, რაც ქმნის იმ მთავარ რისკს, რომელიც ამ შტამს უკავშირდება. შემოკლებულია ინკუბაციური პერიოდი 3 დღემდე. თუ ჩვენ აქამდე 14 დღეზე ვსაუბრობდით, ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს ეს გადადება და მალევე გამოჩნდეს ნიშნები. ეს შტამი უფრო მეტად 20-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ფოკუსირდება, რაც ადასტურებს, რომ მეტად ახალგაზრდებზეა ორიენტირებული, ბავშვებშიც შესაძლებელია მისი გავრცელება. ჯერჯერობით უპირატესად ფიქსირდება მსუბუქი ან საშუალო დონის შემთხვევები, თუმცა აქაც გამორიცხული არ არის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და შესაძლოა დადგეს არასახარბიელო გამოსავალიც“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.