„ყოველდღიურად, ჩვენი 800 000 მოქალაქეა ჩართული ონლაინკაზინოების თამაშებში. მთავრობის ინიციატივაა, რომ 25 წლამდე ჩვენს მოქალაქეებს წვდომა შევუზღუდოთ ონლაინკაზინოებთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მან დაბეგვრისა და რეკლამის განთავსების შესახებ დაგეგმილი რეგულაციების ვადებიც დაასახელა.
„1-ლი იანვრიდან, საგადასახადო ნაწილში, დაბეგვრის რეჟიმი შედის ძალაში, ხოლო რეკლამა 1-ლი მარტიდან აიკრძალება. ეს შეეხება ტელევიზიებს, ონლაინმედიებს, რადიოებს და ა.შ.“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
დღეს კანონმდებლები აზარტული თამაშების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, მესამე მოსმენით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.