ბოლო ერთი კვირის ინციდენტების, ასევე დადებითობის მაჩვენებელს აქვს კლების ტენდენცია. გარკვეულწილად შემცირდა, მაგრამ მაინც მაღალია გარდაცვალების რაოდენობა. ზოგადად რომ შევაჯამოთ, ეპიდსიტუაციას აქვს გაუმჯობესების ტენდენცია, თუმცა 2 195 შემთხვევა ერთ დღეში ჩვენთვის მაღალია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„რაც შეეხება აცრებს, გუშინ 7 199 აცრა ჩატარდა და აქედან ძირითადი იყო მეორე დოზა და „ბუსტერი, დაკლებულია პირველ დოზებზე აცრები. ეს დიდი პრობლემის წინაშე აყენებს ქვეყანას, რადგან ბოლო ერთი თვეა, გლობალურ ჯანმრთელობაში მთავარი თემა გახლავთ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საფრთხეები, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს. უკვე 90-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებულია „ომიკრონი“, მას საკმაოდ სწრაფი გავრცელების თვისებები აღმოაჩნდა, ფოკუსირებულია უფრო მეტად ახალგაზრდა მოსახლეობაზე.
საბედნიეროდ, შემთხვევები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს მძიმედ, „დელტა“ შტამთან შედარებით, მაგრამ არავინ იცის, როგორ შეიცვლება მიმდინარეობა. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მოწოდება არის ვაქცინაცია და „ბუსტერიზაცია“, ანუ მესამე დოზა უკვე ხდება რეკომენდებული ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სრულად არის აცრილი. ვინც აუცრელია, იმას უნდა მოვუწოდოთ, რომ აიცრან ორი დოზით და შემდეგ მოვუწოდოთ „ბუსტერისკენ“. რეალურად აცრა იცავს მოსახლეობას სხვადასხვა შტამის გავრცელებისგან.
60 წლის ზემოთ მყოფი მოსახლეობა არის ყველაზე მეტად მოწყვლადი ყველა შტამთან მიმართებაში, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება „ომიკრონი“ თუ „დელტა“ ვარიანტი. ამიტომაც არის, რომ ფატალური გამოსავლის 85% 60 წელს ზემოთ ასაკშია. ამის გათვალისწინებით, აცრებისთვის პირველი სამიზნე უნდა იყოს სწორედ ეს ჯგუფი. ჩვენთან დაახლოებით 800 000-მდე მოქალაქეა 60 წელს გადაცილებული და დღევანდელი რიცხვით ერთი აცრით აცრილია 400 000 ადამიანი. 9 ნოემბერს გამოცხადებული წახალისების შემდეგ, ამ ასაკის დამატებით 100 000 ადამიანი აიცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა მოვუწოდოთ ყოველდღიურად მთელ მოსახლეობას და განსაკუთრებით ამ ასაკის ადამიანებს, რომ აიცრან, რადგან ნებისმიერი შტამი მათთვის არის სახიფათო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.