რამდენად “გაუძვირდა” მოსახლეობას ახალი წელი

რამდენად “გაუძვირდა” მოსახლეობას ახალი წელი

საახალწლო მოლხენა და დროსტარება თითოეულ თბილისელს, შარშანდელთან შედარებით, მინიმუმ 150 ლარით “გაუძვირდება”. ეს არის 2010 წელს დაფიქსირებული უზარმაზარი ინფლაციის შედეგი. სიძვირის პიკმა, რასაკვირველია, საახალწლო დღეებს უწია და მოსახლეობა საგონებელში ჩააგდო.

წლიდან წლამდე პროდუქტებისა და საახალწლო აქსესუარებისფასები იზრდება, ძალაუნებურად იმატებს საახალწლო ხარჯებიც. საკვებ პროდუქტებზე ამ დღესასწაულის წინა დღეებში ფასის მატება ადვილი შესამჩნევია. 

წლეულს, წინა წლებთან შედარებით, გაძვირებულია ნაძვის ხეებიც და მოსართავი სათამაშოებიც. ნაძვის ხის სათამაშოების ფასი, დაახლოებით, ერთი ლარიდან იწყება. საშუალო ზომის ნაძვის ხის საყიდლად კი 50 ლარი მაინცაა საჭირო. შეიძლება, უფრო იაფადაც იყიდოთ, მაგრამ ხარისხი დაბალი იქნება, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს ნამდვილად ვერ გაძლებს. 

თბილისელების დიდი ნაწილისთვის საახალწლო ხარჯები მკვეთრად გაზრდილია. ისინი ამ ყველაფერს ფასების მატებას უკავშირებენ.  ახალი წლის აღნიშვნის მასშტაბები მათთვის იგივე რჩება, სამაგიეროდ იზრდება ხარჯები. 

“წლეულსაც ზუსტად ისევე ვემზადები ახალი წლისთვის, როგორც წინა წლებში, მაგრამ წლიდან წლამდე იმდენად იმატებს ფასები, რომ ის თანხა, რამდენიც შარშან მეყო, ახლა აღარ მეყოფა საახალწლოდ 300 ლარის დახარჯვა გვაქვს გათვალისწინებული. 

ამ თანხით ვერ მოვახერხებთ ვიყიდოთ ინდაურიც და გოჭიც, ამიტომ, სავარაუდოდ, არჩევნს ინდაურზე შევაჩერებთ. ფული უნდა გადავანაწილოთ ნამცხვრებზე, შოკოლადებზე, ჩურჩხელებზე, შამპანურზე, ხორცზე, ყველზე, ნიგოზზე. 

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, თანხა როგორ გავანაწილოთ. ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს. ვცდილობთ, ნელ-ნელა მოვიმარაგოთ პროდუქტები, სანამ ფასები პიკს მიაღწევს”, - ასეთ ფრაზებს თბილისის ქუჩებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაიგონებთ. 

თბილისელების უმრავლესობა ახალი წლისთვის 150-დან 300 ლარამდე დახარჯვას აპირებს. მხოლოდ ცოტამ თუ აღნიშნა, რომ შეეცდება ახალი წლის სუფრისთვის 100 ლარის ფარგლებში დახარჯოს. ცოტანი იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამ დღესასწაულს პომპეზურად აღნიშნავენ და სუფრის გასაწყობად თუ საჩუქრების შესაძენად ათასობით ლარს დახარჯავენ. 

მოსახლეობისთვის უმთავრესი პრობლემა მაინც საკვები პროდუქტების გაძვირებაა. ყველაზე მეტად სადღესასწაულო ბიუჯეტზე სწორედ გაძვირება აისახება. მათ, ვინც სახლისთვისაც უამრავ კერძს ამზადებს და ახალი წლის ღამესაც გადის სახლიდან, წლეულს ამ დღესასწაულისთვის უფრო მეტი თანხის გაღება დასჭირდება.  ფასების ზრდის მიხედვით თუ ვისმჯელებთ, წინა წელთან შედარებით, 100-150 ლარით მეტი მაინც დაეხარჯებათ.

საქართველოსგან განსხვავებით საშობაოდ და საახალწლოდ გაილაღეს ამერიკაში. სადღესასწაულო ვაჭრობის სეზონზე ოკეანის გაღმა რეკორდულ თანხას - 451,5 მილიარდ დოლარს დახარჯავენ, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3,3%-ით აღემატება. ამაზე მეტი თანხა ამერიკელებმა მხოლოდ კრიზისამდელ, 2007 წელს დახარჯეს, როცა სალაროებში 453 მილიარდამდე დოლარი დატოვეს. 

ამერიკული სუპერმარკეტები კლიენტებს დიდი ფასდაკლებებით იზიდავს, რომლებიც ზოგიერთ საქონელზე 70-75%-ს აღწევს. გარდა ამისა, გამყიდველებმა სამუშაო დღე გაზარდეს, რათა მოზღვავებულ კლიენტებს მოემსახურონ. 

ტრადიციულად, წინასაახალწლო კვირებზე საცალო გაყიდვების წლიური ბრუნვის 15% მოდის. გამონაკლისი არც 2010 წელი იყო.  სეზონის შედეგები მომავალ თვეში გახდება ცნობილი, თუმცა არაა გამორიცხული, მაჩვენებლებმა პროგნოზებს გადააჭარბოს.