სასჯელაღსრულების სამინისტრო ციხეში „მაყურებლების“ პრობლემის არსებობას ადასტურებს. მათი თქმით, „მაყურებლების“ პრობლემა უკვე 15-20 წელია არსებობს. 2012 ნოემბერში „მაყურებლების“ ხელშეწყობისათვის N15-ე დაწესებულების ხუთი თანამშრომელი გაათავისუფლეს.
ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით სამინისტრო ფსიქოლოგებისა და არასამთავრობოების მონაწილეობით სპეციალურ ჯგუფს ქმნის, რომელიც მიმართული არ იქნება კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, არამედ -ზოგადად მაყურებლების იდეის წინააღმდეგ.
რამდენად რთულია ქართულ ციხეებში ე.წ. „მაყურებლების“ ინსტიტუტი?! ამის შესახებ For.ge უფლებადამცველებს ესაუბრა.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ „მაყურებლების“ პრობლემა მხოლოდ 15-20 წელი კი არა, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული არსებობს, რაც კი პენიტენციური დაწესებულებები არსებობს და, ალბათ, მანამდეც, ყოველთვის აქტუალური იყო. გარკვეული კასტა, კრიმინალური ავტორიტეტები ცდილობდნენ, თავიანთი მეთოდებით ემართათ დაწესებულებები და სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონებით არ მომხდარიყო ციხეების მართვა. უფრო მეტიც, ე.წ. „მაყურებლები“ ყველა ქვეყანაში არიან და ასეთი ადამიანები წინა ხელისუფლებასაც ჰყავდა, რომლებიც თავად ხელისუფლების მიერ იყო დანიშნული.
„ისინი პატიმრებს ეუბნებიან, ე.წ. „ობშჩიაკი“ უნდა შეკრიბოთ, ანუ ფული მოიტანოთო, თამაშებს აკონტროლებენ და, თუ ე.წ. წითელი ზონა არ არის და შავი ზონაა, თამაშები უნდა მიმდინარეობდეს. თამაშები კი ნიშნავს, რომ ვინც წააგებს, აუცილებლად თანხა უნდა მიიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლისა და ღირსების შელახვის პრობლემა შეექმნებათ. ასეთი ღირსებაშემლახავი ფაქტები სისტემატურად ხდება ციხეებში. ამიტომ ამ საკითხს ვერ მოუვლის ვერც არასამთავრობო და ვერც ფსიქოლოგი. ამას ციხის ადმინისტრაციამ უნდა მოუაროს, თუკი ისინი არ შევლენ გარიგებაში ამ ე.წ. ავტორიტეტებთან“, - მიიჩნევს გელა ნიკოლაიშვილი.
მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ სხვანაირად გადაწყვიტა ამ პრობლემის მოგვარება, გარკვეულწილად, ის აღმოფხვრა, მაგრამ თვითონ დაიკავა მათი ადგილი და ამ დანაშაულს კანონის ძალით კი არ ებრძოდა, არამედ - უკანონობით, რაც ლეგალიზებული იყო. ეს მაშინ, როცა ე.წ. მაყურებლების იდეასთან ბრძოლა კანონის გზით შეიძლებოდა. თუ პატიმარი რამეს დააშავებდა, მათთვის დასჯის მეთოდად შეიძლება გამოეყენებინათ სატელეფონო საუბრის, პაემნის აკრძალვა, კარცერში ჩასმა, საყვედურის გამოცხადება, ვადამდე პირობით გათავისუფლებისთვის ცუდი დახასიათების მიცემა.
იურისტი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ უკვე დიდი ხანია, ეს სერიოზული პრობლემაა და კარგი იქნებოდა, უფრო ქმედითი და სისტემური მექანიზმი არსებობდეს, რაც საშუალებას მისცემდა, მათ შორის, ექსპერტებიც ჩართულიყვნენ ამ პროცესში.
რაც შეეხება დაწესებულების რეჟიმს და პატიმართა ქცევას, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ეს მთლიანად სასჯელაღსრულებით სამინისტროზეა დამოკიდებული და ამ პროცესის მართვა რთულია. თუმცა, პრობლემა გადაჭრადია, რადგან საგრძნობლად შემცირდა პატიმართა რაოდენობა საპატიმრო დაწესებულებებში.
„სასჯელაღსრულების სამინისტრომ არ უნდა გადააჭარბოს და არ გამოიყენოს სახდელის მომეტებული ზომა. პატიმრობის შესახებ კანონი უამრავ საკითხს არეგულირებს, მათ შორის, დისციპლინური სახდელების დადების საკითხს. თუკი საპატიმრო დაწესებულებაში კონკრეტული პატიმარი არღვევს შიდაწესებს, შეიძლება, თუნდაც პაემნები შეუზღუდონ. მთავარია, ეს ეფექტურად ამუშავდეს. საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არ ხორციელდება მონიტორინგი და არ არსებობს მონიტორინგის საბჭოები, რაც პრობლემაა“, - აცხადებს იურისტი.
პოლიტპატიმარი ზაზა დავითაია ე.წ. „მაყურებლების“ შესახებ საუბრისას იხსენებს, რომ სასჯელასრულების ადმინისტრაცია ამ კატეგორიის პატიმრებს სხვა პატიმრების დათრგუნვის მიზნით იყენებდა.
- მართალია, „მაყურებლები“ პირობითად ისეთ იმიჯს იქმნიდნენ, თითქოს, ქურდების დავალებით მოქმედებდნენ, მაგრამ რეალურად, ბოლო წლებში ამ ადამიანებს ქურდებთან კონტაქტი არ გააჩნდათ, რადგან სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ქურდები იზოლირებულნი იყვნენ ყველა კატეგორიის პატიმრისგან. ე.წ. „მაყურებლებს“ არც რაიმე ვაჟკაცურთან ჰქონდათ შეხება. უბრალოდ, ისინი იყვნენ ქურდულის ეგიდით მოქმედი პატიმრები, რომლებიც ადმინისტრაციის დავალებით თრგუნავდნენ სხვა პატიმრებს და ეს ხდებოდა იმ მიზნით, რომ ადმინისტრაციის მიერ ნაცემი პატიმრების რაოდენობამ იმატა. ადმინისტრაცია უკვე ცდილობდა, პატიმრები სხვისი ხელით „გაეპრესა“. მაგალითად, პატიმართან, რომელიც საკუთარი უფლებისთვის იბრძოდა, მივიდოდა ციხის „მაყურებელი“ და ეტყოდა, შენ ახლა განცხადებას არ დაწერ, გასაჩივრების მიზნით არ გადაგზავნი, რადგან ჩვენ აქ გვაქვს „პალაჟენია“, რომელიც შენი ჩივილის გამო აუცილებლად გაგვიფუჭდება. ამიტომ, უფლებას არ მოგცემთ, ზონაში არსებული მდგომარეობა დაამძიმო. თუ მაინც იჩივლებ, ძვლებში დაგამტვრევთ. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი იძულებული ხდებოდა, მათ დამორჩილებოდა. თუ არ დაემორჩლებოდა, მაყურებლები მას სცემდნენ და ნაცემი პატიმარი ადმინისტრაციისკენაც ვერ გაიშვერდა ხელს, რადგან რეალურად პატიმრებისგან იყო დასჯილი. პატიმრისგან პატიმრის მდგომარეობის დამძიმება და, ასე ვთქვათ, ჩაშვება, მიღებული ფორმა არ იყო. ადმინისტრაცია კი ამით სარგებლობდა. პირადად მე, როგორც ყოფილ პოლიტიკურ პატიმარს, შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც იმავე „მაყურებლებს“ შორის ბევრ ღირსეულ ადამიანს შევხვედრივარ, რომელიც მართლაც ზრუნავდა პატიმრების უფლებებზე. ზოგადად, „მაყურებლები“ პატიმრების უფლებებზე ზრუნვისთვის ინიშნებიან ქურდული ინსტიტუტის მიერ და მათ პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესება ევალებათ. თუმცა სააკაშვილის რეჟიმისდროინდელმა „მაყურებლებმა“ ეს წარმოდენა გაამრუდეს და ისინი პატიმრების უფლებების დასაცავად კი არა, საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე სხვა პატიმრების დათრგუნვის ხარჯზე ზრუნავდნენ. პატიმრებზე მზრუნველი და მათი ქომაგი „მაყურებლები“ კი პრინციპულად მიუღებელნი იყვნენ ციხის ადმინისტრაციისთვის.
თუკი მაყურებლები ციხის ადმინისტრაციის დავალებებს ასრულებდნენ, მაშინ პატიმრებზე ზრუნვას როგორ ახერხებდნენ?
- ხანდახან, გამორჩებოდა ხოლმე ციხის ადმინისტრაციას და ამ მაყურებლებში მართული ადამიანის მაგივრად უმართავი პატიმრებიც შემოეპარებოდათ. ასეთ პატიმრებს, რომელთაც ადმინისტრაცია ვერ იმორჩილებდა და, რომლებიც მართლაც ზრუნავდნენ სხვა პატიმრების უფლებებზე, დაუყოვნებლივ იშორებდნენ, რაც ნიშნავდა, რომ ისინი დახურულ დაწესებულებებში გადაჰყავდათ. ის პატიმრები, რომლებიც ადმინისტრაციის ინტერესებს ატარებდნენ, სხვადასხვა თვალსაზრისით იყვნენ დაჯილდოებულნი: მათ განსხვავებული საკვები ჰქონდათ, ზოგიერთ მათგანს ჰქონდა ტელეფონი, რაც სასჯელაღსრულებით სისტემაში დღემდე აკრძალულია, ჰქონდათ უამრავი აკრძალული ნივთი, ასევე, ისეთი ტანსაცმელი და ნივთები, რომლებიც კანონით თუნდაც დაშვებულია, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ჩვეულებრივი პატიმრისთვის მიუწვდომელი იყო.
ისინი „ობშჩიაკის“ ფულსაც აგროვებდნენ და ძალადობდნენ პატიმრებზე?
- ფაქტია, ქურდული სამყარო როცა აკონტროლებდა მაყურებლებს, უფრო სამართლიანობა იყო იმ მხრივ, რომ ისინი შეკრულნი მაინც არ იყვნენ ციხის ადმინისტრაციასთან.
თუმცა, ალბათ, ყოფილა შემთხვევები, რომ ქურდული სამყაროდან დანიშნული მაყურებლებიც შეკვროდნენ ადმინისტრაციას.
- ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ იმავე კრიმინალურ, უკანონო ანუ ქურდულ ფსიქოლოგიაში არის გარკვეული სამართლიანობის კრიტერიუმი და, თუკი მაყურებელი მართლაც ქურდებისგან იყო დანიშნული, ის აუცილებლად რაღაც გარკვეულ სამართლიანობის პრინციპებს აკმაყოფილებდა, რადგან სხვა შემთხვევაში, ქურდების განკითხვის ობიექტი ხდებოდა. ასეთი მაყურებელი ძალიან მკაცრად ისჯებოდა იმავე ქურდებისგან.
რაც შეეხება „ობშჩიაკების“ შეგროვებას, ამას ადმინისტრაციისთვის აგროვებდნენ?
- გულწრფელად თუ ვიტყვით, მედალს ორი მხარე აქვს და ეს თანხები თუკი სამართლიანად შეგროვდებოდა, მართლაც უქონელ და დავრდომილ პატიმრებს ხმარდებოდა. ამ მენტალიტეტის მიმდევარი არ გახლავართ, ამის მიუხედავად, სიმართლე უნდა ვთქვა, ეს ე.წ. „საერთოები“ ადრე მართლაც დავრდომილი, ავადმყოფი პატიმრების უზრუნველყოფას ხმარდებოდა და ერთგვარი კომუნის სახესხვაობა იყო. მაგრამ სააკაშვილის პირობებში ეს „ობშჩიაკები“ მახინჯი სახით შენარჩუნდა, და როდესაც ქურდების გავლენა მოისპო, ამან გადაინაცვლა არა მხოლოდ მართული პატიმრების მატერიალური კეთილდღეობისკენ, არამედ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლების კეთილდღეობისკენ. ხშირად ადმინისტრაცია სწორედ ამ მართული პატიმრების საშუალებით აგროვებდა „ობშჩიაკს“ სიგარეტების სახით, რომელიც ვალუტის ფუნქციას ასრულებდა ციხეში, რადგან ციხეში ფულის კუპიურა დაუშვებელია და ასე შეგროვილი „საერთოები“ სააკაშვილის ციხის ადმინისტრაციის ჯიბეებში ილექებოდა. ამის ერთ-ერთი შემსწრე მეც გახლავართ. ჩემი პატიმრობის პირობებში სასჯელაღსრულების გენერალურმა ინსპექციამ სიგარეტების ათობით ყუთები აღმოაჩინა, რომლებიც ასეთი ე.წ. „საერთოების“ სახით იყო შეგროვილი და ადმინისტრაციის ბიუჯეტში გახლდათ გადანაცვლებული. თვით სააკაშვილის რეჟიმის შიდა სამზარეულოშიც კი ასეთი ინფორმაციის გახმაურებას მწავე რეაქცია მოჰყვა და ეს აშკარა კორუფციის ფაქტი მაშინაც ვერ დამალეს.
ციხის მაყურებლები პატიმრების წამებაში ერეოდნენ?
- ისინი არანაკლებად აწამებდნენ პატიმრებს, ვიდრე ადმინისტრაციის ჩინოვნიკები. რეალურად, ადმინისტრაციის ხელში ეს ინსტიტუტი გახდა პატიმრებზე ზემოქმედების ბერკეტი.
მაყურებლების მხრიდან პატიმრებზე ფიზიკური ზეწოლისა და ღირსების შემლახავი ქმედების თვალსაზრისით, კონკრეტული შემთხვევები თუ გახსენდებათ? ზოგადად, პატიმრების რეაქცია როგორი იყო ამ ტიპის მაყურებლების მიმართ?
- ნუ დამასახელებინებთ გვარებს, მაგრამ, როდესაც პოლიტიკური მოსაზრების გამო შიმშილობა გამოვაცხადე, ჩემთან მოვიდნენ ასეთი კატეგორიის ადამიანები და მომთხოვეს შიმშილობის შეწყვეტა იმ მოტივით, თითქოს, ჩემს შიმშილობას ციხეში სპეცნაზის შემოვარდნის გამოწვევა შეეძლო. მაყურებლებმა მაშინ პირდაპირ მითხრეს, ციხეში გააფუჭებ „პალაჟენიას“ და შენს გამო შეიძლება სხვა პატიმრები სპეცნაზის მიერ გაილახონო. ასეთ დროს ადმინისტრაცია ხელს იბანს და პასუხისმგებლობას მოშიმშილე პატიმარს აკისრებს. ეს პროცესი მართულია, რათა არავინ გამოაცხადოს შიმშილობა და არ გაახმაუროს, რომ ციხეში ხდება სხვა პატიმრების ცემა, წამება, გაუპატიურება. ისინი მეც დამემუქრნენ, მაგრამ ვუპასუხე, რომ გარეთ, თავისუფლებაზე სააკაშვილის რეჟიმს არ ვეპუებოდი და ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა, თუნდაც შევწიროდი ამ რეჟიმს. ამის შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება ვერ გაბედეს. უამრავი გაუხმაურებელი ფაქტი არსებობს, როცა შედარებით უცნობ პატიმრებს ამ კატეგორიის მართული პატიმრები ცუდად ექცეოდნენ. ამ მართულმა პატიმრებმა შემდგომში დაირქვეს „მაყურებლები“, თუმცა რეალურად, „მაყურებლები“ ისინი არ ყოფილან. მაყურებლები კიდევ უფრო უკეთეს შეფასებას იმსახურებდნენ, ვიდრე მართული პატიმრები. ამ მართულმა ხალხმა უამრავ პატიმარს პროტესტის გრძნობა ჩაუხშვეს. რომ არ ყოფილიყო ეს კატეგორია, ის პროცესები, რაც 2012 წლის შემოდგომაზე განვითარდა და, რამაც სააკაშვილის რეჟიმის დამხობა განაპირობა, ცოტა უფრო ადრე განხორციელდებოდა, რადგან უკმაყოფილების ტალღა პენიტენციალურ სისტემაში ყოველთვის შეიმჩნეოდა.
მაყურებლების მხრიდან პატიმარ მამაკაცებზე სექსუალური ძალადობა მომხდარა?
- არა, მაყურებლების მხრიდან ასეთი რამ არ ხდებოდა. ამ უგვანო დავალებებისთვის ციხის ადმინისტრაციას ჰყავდა სპეციალურად შერჩეული კადრები და ის ადამიანები, რომლებიც ამ ბინძურ ფუნქციას ასრულებდნენ, არ ყოფილან ჩვეულებრივი პატიმრები, არამედ ისინი იყვნენ ე.წ. „ნასედკა ქათმები“.
ე.წ. მაყურებლებს პატიმრები ვერაფერს უბედავდნენ, რადგან ეს „ინსტიტუტი“ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო დაშვებული?
- კრიმინალურ სამყაროში რატომღაც მიღებულია, რომ მაყურებელს არ შეიძლება სიტყვა და ხელი შეუბრუნო. ასეთი ფსიქოლოგია იმ შედეგის დადგომას უწყობდა ხელს, რომ ციხე-კოლონიები მთლიანად ადმინისტრაციისგან გაკონტროლებულიყო და პროტესტის ტალღა არ გასცილებოდა ციხეს.