ტომ ჰოლანდმა ინტერვიუ შეაჩერა, რათა წითელ ხალიჩაზე ზენდეიას ცქერით დამტკბარიყო

ტომ ჰოლანდმა ინტერვიუ შეაჩერა, რათა წითელ ხალიჩაზე ზენდეიას ცქერით დამტკბარიყო

ზენდეიათი ტომ ჰოლანდიც ისევე მოხიბლულია, როგორც დანარჩენი სამყარო — იმდენად მოხიბლული, რომ ახალი ფილმის პრემიერაზე ინტერვიუ შეწყვიტა, რათა ზენდეიას შემოსვლით დამტკბარიყო.

13 დეკემბერს ლოს-ანჯელესში ტომისა და ზენდეიას ახალი ფილმის, Spider-Man: No Way Home-ის პრემიერა გაიმართა. ტომი ინტერვიუში იმ გზაზე საუბრობდა, რომელიც კასტინგიდან ადამიანი ობობას მესამე ფილმის გადაღებამდე გაიარა:

"ჩემი აგენტები აქ არიან და იმ მომენტს განვიხილავდით, როცა ფილმიდან პირველად დამირეკეს. ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა, ეს როლი მართლაც მიმეღო და ახლა აქ ვარ, რათა ადამიანი ობობას მესამე ნაწილი წარვადგინო! აღტაცებული ვარ, რომ ამ მომენტის ჩემს მეგობრებთან და ოჯახთან გაზიარება შემიძლია. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს", — თქვა ტომმა.

ტომმა Sony-ის პროდიუსერის, ემი პასკალის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც დაადასტურა, რომლის მიხედვითაც Sony ტომ ჰოლანდთან ერთად ადამიანი ობობას კიდევ რამდენიმე ფილმს გადაიღებს. თუმცა სანამ მომდევნო კითხვას უპასუხებდა, მისი ყურადღება ფანების კივილ-წივილმა მიიპყრო, რომლითაც ისინი ზენდეიას ეგებებოდნენ.

"მგონი, ზენდეია მოვიდა. ისეთი ხმაურია, მგონი, ზენდეია მოვიდა", — თქვა ტომმა და ინტერვიუ შეწყვიტა, რათა მზერით შეყვარებული მოეძებნა. ტომი და ჟურნალისტი ცოტა ხნით გაშეშდნენ, რათა ზენდეიას წითელ ხალიჩაზე თვალისმომჭრელი შემოსვლისთვის ეყურებინათ. ინტერვიუ მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, რაც ტომმა ზენდეიას ცქერით გული იჯერა.

ზენდეია, როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურებოდა. მას ვალენტინოს ადამიანი ობობას შთაგონებით შექმნილი კაბა ეცვა და წითელ ხალიჩაზე ნამდვილად ბრწყინავდა.