ყოფილი პარლამენტარი გურამ თურმანიძე, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრიც იყო, საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს აჭარაში „სასულიერო მისიონერების“ მოქმედების გაკონტროლებას. რა შედეგი მოჰყვა მის მიმართვას, ამაზე მას for.ge ტელეფონით ესაუბრა.
გურამ თურმანიძემ, რომელიც 1995-1999 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 1991-1996 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, დაახლოებით ერთი თვის წინ სოციალური ქსელის საშუალებით წერილობით მიმართა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს, აჭარის ა/რ. მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს და აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი თავამაიშვილს.
„მუსიკალური სასწავლებელი რომ გახსნა, 15-ჯერ შეგამოწმებენ. ბათუმსა და სხვა ქალაქებსა და რაიონებში სასულიერო სასწავლებლებს პანტა-პუნტით ხსნიან, მაგრამ მათ კაციშვილი არ აკონტროლებს. ეს ჩემი წერილი, დაახლოებით, ერთი თვის წინ გამოვაქვეყნე და მას შემდეგ ბათუმსა და ხულოში კიდევ 5 მედრესე გაიხსნა. თავად ჩამობრძანდით აქ, მიგიყვანთ და გაჩვენებთ ამ მედრესეებს. მაქვს ინფორმაცია, რომ ორი თვითმფრინავით შუააზიელი ქალბატონები ჩამოიყვანეს. საიდან ვიცი? თუ ჩამოხვალთ, ამ ინფორმაციის სისწორეში თავადაც დარწმუნდებით. ბათუმში მუსლიმური ბაგა-ბაღიც გახსნეს. ვითარება დღითიდღე რთულდება და ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან ჯერჯერობით სათანადო რეაგირება არ არის“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ყოფილი პარლამენტარი გურამ თურმანიძე.
უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომლითაც ყოფილმა პარლამენტარმა საქართველოს მთავრობის წევრებსა და საზოგადოებას მიმართა:
„ნება გვიბოძეთ თქვენ და საქართველოს საზოგადოებას გაუწყოთ შემდეგი: 1992 წლიდან აჭარაში მიმდინარეობს გარედან პროვოცირებული და შეუქცევადი ისლამიზაციის პროცესი, რომელშიც ჩვენი სახელმწიფო (მთავრობა) უცნაური ჩაურევლობის პოლიტიკას ატარებს. საეჭვო რეპუტაციის თურქი და არაბი სასულიერო „მისიონერები“ დაუბრკოლებლად და უკონტროლოდ ახორციელებენ მუსლიმური სალოცავებისა (მეჩეთების) და დაწყებითი სასულიერო სასწავლებლების (მედრესეების) მშენებლობას. ამ მისიონერებს პარტნიორობას უწევენ, ასევე, საეჭვო რეპუტაციის ადგილობრივი ცალკეული მორწმუნეები და სახელმწიფო მოხელეები. ისლამური საკულტო და საგანმანათლებლო ნაგებობების მშენებლობის პროცესში მიმდინარეობს მასში მონაწილე ყველა მხარის მიერ საეჭვო წარმოშობის „ფილანტროფიული“ ფულის გარეცხვა, ჩამოწერა და მითვისება.
ამ გზით მხოლოდ 2004 წლამდე პერიოდში აჭარის უმრავლეს სოფლებსა და დაბებში აშენდა და ამოქმედდა 70-მდე ახალი მეჩეთი, ასევე, რესტავრაცია გაუკეთდა ამაზე მეტ მეჩეთს, ახალი მინარეთების მიშენებით. აჭარაში ისლამის აქტიურ აღმსარებელთა რაოდენობასთან შედარებით, ეს წარმოუდგენლად ბევრი სალოცავია. იმავე ეტაპზე, მთიანი აჭარის ათასობით ახალგაზრდა ისლამის შესასწავლად გაგზავნილ იქნა თურქეთსა და არაბულ ქვეყნებში, შესაბამისად, მომზადდა ახალი სასულიერო კადრები მეჩეთების ამოქმედებისა და მოსახლეობის ისლამიზაციის გაღრმავების მიზნით.
ეს იმ პერიოდში მოხდა, როცა ქართული სახელმწიფო აჭარის ტერიტორიაზე სრულყოფილად ვერ ახორციელებდა თავის ხელისუფლებას და რეგიონის თავკერძი ლიდერი ასლან აბაშიძე თავს უფლებას აძლევდა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი, მეზობელი სახელმწიფოს საამებელი პროისლამური პოლიტიკა გაეტარებინა, რომ მას შიდასახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ჭიდილში თურქეთის მხრიდან მხარდაჭერა ჰქონოდა.
ვითარება სასიკეთოდ არ შეცვლილა, არც 2004 წლიდან, ასლან აბაშიძის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, ცხრა წლის განმავლობაშიც. პირიქით, უცხოური (თურქულ-არაბული) ინვესტიციების მოზიდვის მოტივით, კიდევ უფრო გაძლიერდა გარედან პროვოცირებული ისლამიზაციის პროცესი. ამჯერად „ნაციონალების“ მთავრობა მას პირდაპირ ახალისებდა. საქმეში აშკარად გამოიკვეთა თურქების როლი და ერთნაირად, აჭარის მთასა და ბარში, ქალაქებში, აგრეთვე აჭარის ფარგლებს გარეთ აჭარლებით განსახლებულ რეგიონებში გაიშალა ისლამისტური სასულიერო სასწავლებლების, არა მარტო მედრესეების, არამედ, ინტერნატების და პანსიონატების გახსნა-მშენებლობა, ახალგაზრდა კადრების უპირატესად ჯერ ადგილზე მომზადება და შემდეგ, კვალიფიკაციის ასამაღლებლად მათი თურქეთში გაგზავნა.
სასწავლებლები გაიხსნა, როგორც ვაჟებისათვის, ასევე გოგონებისათვის. ამ სასწავლებლების მოსწავლეთა კონტინგენტის წყარო გახდა ძირითადად ღარიბი ოჯახებიდან გამოსული ახალგაზრდები. არასრული მონაცემებით, 2010 წლის მდგომარეობით, აჭარაში მოქმედებს 51 მედრესე, 9 მედრესე-პანსიონატი, 22 სეზონური მეჩეთი (იალაღებზე). საკუთრივ ბათუმში მოქმედებს სამი ვაჟთა, ორი ქალთა პანსიონატი და ერთიც ისლამური ბავშვთა ბაღი.
საგანგაშო ხასიათი მიიღო სკოლის დამამთავრებელი კლასებიდან მოსწავლეების, განსაკუთრებით, გოგონების გამოყვანის პრაქტიკამ და ისლამისტურ სასულიერო სასწავლებლებში შეყვანამ, ან უამისოდ. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, პარალელურად მუშაობს აღნიშნულ სასულიერო სასწავლებლებში. მთიანი რაიონების რიგ საჯარო სკოლაში მოიშალა სასწავლო პროცესი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არცერთი მოქმედი მუსლიმური სასულიერო სასწავლებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებული არ არის. ამ სასწავლებლებში სწავლების შინაარსიც ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას. აქ ზრდიან მოქალაქეებს უცხო ქვეყნის ინტერესების სულისკვეთებით და ადვილი წარმოსადგენია, თუ ამ თვალსაზრისით რას უნდა ასწავლიდნენ უცხოეთის სასულიერო სასწავლებლებში გაგზავნილ ქართველ ახალგაზრდებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ განათლების სამინისტრო ჯიუტად არ დაინტერესებულა თუ რა კანონმდებლობის საფუძველზე ფუნქციონირებდა ეს სასწავლებლები, რა საგნებს, რა მსოფლმხედველობას ასწავლიდნენ იქ ბავშვებს და საბოლოოდ, სინამდვილეში რას ემსახურება აღნიშნული სასწავლებელები. შეიქმნა მომაჯადოებელი წრე, სახელმწიფო საგანამანათლებლო და ადმინისტრაციული ორგანოები არავითარ სამუშაოებს არ ეწევიან იმ მშობლებთან, რომელებიც სიღარიბის გამო თუ გამორჩენის მიზნით შვილებს იმეტებენ ასეთი „აღზრდა-განათლებისთვის“.
კრიტიკულად განწყობილმა საზოგადოებამ მთავრობას არაერთხელ სთხოვა, წესრიგი დაემყარებინა ამ სფეროში, აღეკვეთა ამ ანტიქართული სასწავლებლების ფუნქციონირება, მასში მიუღებელი მსოფლმხედველობის სწავლება, მაგრამ უშედეგოდ.
აღსანიშნავია, რომ საპატრიარქომ ბევრი რამ გააკეთა აჭარის რეგიონში ისლამიზაციის დამღუპველი პროცესის გასანეიტრალებლად. მათ შორისაა მისი მეცადინეობით და პატრონაჟით შუახევში ამოქმედებული წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი, სადაც უპირატესად რეგიონის მთიანი რაიონების ეკონომიურად შეჭირვებული ოჯახების შვილები სწავლობენ, კარგი სოციალური უზრუნველყოფით. თუმცა ამ მხრივ საპატრიარქოს ძალისხმევა საკმარისი ვერ იქნება.
შექმნილი ვითარება მოითხოვს, კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანოებმა გადაუდებლად შეიმუშაონ და განუხრელად გაატარონ ქმედითი სახელმწიფო პოლიტიკა აჭარის რეგიონში წარმოქმნილი აღნიშნული ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი საგანმანათლებლო პრაქტიკის აღსაკვეთად და აღმოსაფხვრელად, რათა დაცულ იქნეს საქართველოს ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, მიიღოს ხარისხიანი, ჩვენი მდიდარი ეროვნული საგანმანათლებლო ტრადიციებისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლება.
ხელისუფლებაში უკვე 5 თვეა აღარ არის „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ისლამისტური სასულიერო სასწავლებლები კვლავაც აგრძელებენ და აფართოებენ საქმიანობას. ამავე დროს, ახალი მთავრობა აპირებს გააგრძელოს „ნაციონალების“ პროექტი - თურქეთის მხარის მოთხოვნით ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თაობაზე. ეს უკანასკნელი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კვლავაც ორ, საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორის შეთანხმების ფორმატში განიხილება.
ასეთ ვითარებაში საზოგადოებაში შეშფოთებას იწვევს ახალი ქართული ხელისუფლების უმოქმედობა აჭარის ტერიტორიაზე მუსლიმური სასულიერო დაწესებულებათა ფუნქციონირების მიმართ. ვინ უშლის ხელს მოსახლეობის მაღალი ნდობით არჩეულ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტსა და მთავრობას, საქართველოს განათლების სამინისტროს, აჭარის ავტონომიის მთავრობას, ავტონომიის განათლების სამინისტროს, რომ შეიმუშაოს სათანადო ღონისძიებები, შეასრულონ ხალხის დაკვეთა და წერტილი დაუსვას რეგიონის სასწავლო-საგანმანათლებლო სფეროში შექმნილ მიუღებელ პრაქტიკას? ესეც თურქულ მხარესთან შეთანხმების ფორმატში ხომ არ განიხილება?
დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ბენდუქიძის აგრარულ უნივერსიტეტში ამჟამად არსებული სასწავლო-საგანმანათლებლო საკითხებზე მიმდინარეობს ჯანსაღი საჯარო კამათი, მაგრამ სრული დუმილი სუფევს აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო სფეროში შექმნილ ზემოაღნიშნულ ვითარებაზე, საზოგადოება ელოდება გადამჭრელ ძალისხმევას ამ მიმართულებით და იმედოვნებს, რომ მალე გადაიდგმება დამაიმედებელი ნაბიჯებიც“.