„სითი პარკის“ თანამშრომლები მონური მოპყრობის გამო უკვე 15 დღეზე მეტია გაფიცულები არიან. ამ ხნის განმავლობაში ქალაქში ევაკუაცია არ განხორციელებულა. სამაგიეროდ, „სითი პარკის“ თანამშრომლებზე მუქარის ფაქტებმა იმატა. მათ უმრავლესობას დაურეკეს და ოჯახის წევრების სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრნენ. კორპორატიული შიდა ტელეფონები კი გაუთიშეს, რომ ერთმანეთს არ დაურეკონ. როგორც „სითი პარკის“ თანამშრომლები აცხადებენ, ადმინისტრაციამ ისინი ყაჩაღებად აქცია და, ფაქტობრივად, მანქანების გატაცება დაავალა.
კომპანია „სითი პარკის“ გაფიცული თანამშრომლების ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გაფიცული თანამშომლების მოთხოვნებია „სითი პარკსა“ და თანამშრომლებს შორის ნორმალური შრომითი ხელშეკრულების აღდგენა, ასევე, ექსპერტების მიერ ქალაქში არსებული პარკირების სისტემის გადახედვა, რათა გაირკვას, რამდენად შეესაბამება აღნიშნული სისტემა ქალაქის დაგეგმარებასა და უსაფრთხოებას.
გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი ხელფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ავტომობილს გადაიყვანენ საჯარიმო განყოფილებაში, დღეში მინიმუმ, 8 მანქანის საჯარიმოზე გადაყვანა მოეთხოვებათ და თითო ჯარიმის სანაცვლოდ მხოლოდ 4 ლარს იღებენ.
„დარღვეულია კომპანია „სითი პარკის“ მიერ საკუთარი თანამშრომების მიმართ დადებული ხელშეკრულებები, კერძოდ, ყოველდღიურად მინიმუმ 8 მანქანის ევაკუირება უნდა მომხდარიყო, 60 ლარიანი ჯარიმა უნდა გამოეწერათ. ისინი იძულებულნი არიან, უკანონობა ჩაიდინონ, გამოწერონ ჯარიმები და დააზარალონ ქალაქის მოსახლეობა. თუ სასწაული მოხდა და რვა ჯარიმა ვერ გამოწერეს, ახსნა-განმარტებას აწერინებენ, შემდეგ კი სამსახურიდან უშვებენ“, - აცხადებს ადვოკატი.
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ამჯერად „სითი-პარკის“ თანამშრომლები იმის გამო გაიფიცნენ, რომ აქამდეც არაერთხელ გამოხატეს პროტესტი, მაგრამ, ვინც კი უკმაყოფილება გამოთქვა, ყველანი უკანონოდ, გაუფრთხილებლად სატელეფონო ზარით გაათავისუფლეს. არადა, მათ ოჯახები ჰყავთ, რაიონებიდან არიან ჩამოსულნი და ქირას ვერ იხდიან.
ადვოკატის თქმით, ყველაზე დიდი უსამართლობა ის არის, რომ მძღოლები ხშირად დამნაშავენი არ არიან. ყოფილა შემთხვევები, როცა მანქანა დროებითაა გაჩერებული, არც უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე, მანქანები არ ფერხდებიან და ისეთ ადგილას დგას მანქანა, წესით, ევაკუირება არ არის განსახორციელებელი. ამ დროს კი „სითი პარკის“ თანამშრომლებს ძალიან ბევრი მანქანა უკანონოდ გადაუყვანიათ. ისინი არც მალავენ, ჩვენ უკვე მონადირეები ვიყავით, ხალხი გადმოდიოდა შეტევაზე, ბევრი გვცემდა კიდეც, ყაჩაღებს გვეძახდნენ, ვეზიზღებოდით. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის ღირსების შემლახავია.
„ზოგჯერ მანაქანა ხუთი წუთით შეჩერდება, ავარიული აქვს ჩართული და მძღოლი განიშნებს, რომ ხუთი წუთითაა გადასული, მაშინვე უნდა მოსტაცო მანქანა და გაიტაცო, რათა თითო მანქანიდან ოთხი ლარი გამოიმუშავო?“ - კითხულობს ადვოკატი.
მისი თქმით, „სითი პარკის“ თანამშრომლები შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს, კომპანიის ხელმძღვანელს - ბინიამენ ლაჰამს შესჩიოდნენ ამის გამო, ის კი მათ პასუხობდა, თქვენს გარდა კიდევ რამდენი გაჭირვებულია, არ გინდათ მუშაობა და წახვალთო. ამის შემდეგ მათ ხელშეკრულებები ჩამოართვეს, თუმცა არც მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმში წერია რამე ხელმოსაჭიდი. მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ ასე უსამართლოდ აკრეფილი თანხის ნახევარი მერიის სასარგებლოდ შედის, ნახევარი კი ამ შპს-ს ხელმძღრვანელის, ებრაელი პირის საკუთრებაა. მთლიანობაში, კომპანია ორ კაცს ეკუთვნის - დავით ქილას, სწორედ ის არის ერთ-ერთი მეწილე და გენერალურ მენეჯერს - ბენიამინ ლაჰაფს.
ადვოკატი აცხადებს, რომ მათ დაიანგარიშეს და გაირკვა, რომ კომპანიას მთლიანობაში სადღაც 25 მილიონიანი წლიური მოგება რჩება და ეს ყველაზე მინიმალური თანხაა.
„ერთი მიყვებოდა, იძულებული ვხდები, გადავაჭარბო ჩემს უფლებამოსილებას და ოღონდაც მანქანა გავიტაცო, ყველაფერს ვკადრულობ, რადგან ოჯახი მშიერი მყავსო. ეს ყველაფერი ქალაქის წესრიგს კი არ ემსახურება, არამედ - ბიზნესს. არადა, ბიზნესი ამაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული, რომ გინდა თუ არა, 8 მანქანა დააჯარიმო. წინასწარ რა იციან, რამდენი მძღოლი დაარღვევს წესებს ყოველდღიურად? კაბალური პირობებია. სინამდვილეში, ეს არის დაგეგმარების საქმე. სულ 40-მდე კაცი მუშაობს ევაკუაციის სამსახურში, ეკიპაჟში სხედან მძღოლი, დამხმარე და ინსპექტორი“, - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.
ადვოკატი ადასტურებს, რომ მერია ხელს აფარებს „სითი პარკს“. ამ დროს კი ასეთი „სითი-პარკი“ არავის სჭირდება, უამრავი ტენდერი შეიძლება ჩატარდეს და სხვა კომპანიებმა უკეთესი პირობები შესთავაზონ დედაქალაქის მოსახლეობას. ამდენად, ამ კაბალური შინაგანაწესის შეცვლა ადვილია.
ამ ეტაპზე კი „სითი პარკის“ თანამშრომლებს ყოველთვიურად ფიქსირებული ნორმალური ხელფასი უნდა დაუდგინონ, რაც არსებობისთვის აუცილებელია. მათ 600-700 ლარიანი ხელფასი მაინც უნდა ჰქონდეთ და ეს ის თანხაა, რასაც „სითი პარკი“ ყოველდღიურად თითო კაცისგან შოულობს.