კულტურის სამინისტრო მუზეუმების რევიზიას იწყებს

კულტურის სამინისტრო მუზეუმების რევიზიას იწყებს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ for.ge-ს პირობა მისცა, რომ სამინისტრო შეამოწმებს თითოეული, მნიშვნელოვანი სამუზეუმო ექსპონატის მდგომარეობას და შედეგს საზოგადოებას აცნობებს.

კულტურის მინისტრი საათი და 15 წუთი პასუხობდა სხვადასხვა მედიასაშუალებების შეკითხვებს. კითხვები სამინისტროს პრესსამსახურთან შეთანხმებული იყო. ჩემი კოლეგების და სამინისტროს პრესსამსახურის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 22 შეკითხვიდან უმეტესობა საინტერესო იყო და თითქმის, არც ერთი შეკითხვა არ გამეორებულა. სანამ დასმულ კითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხს შემოგთავაზებთ, მანამდე მოკლედ გადმოგცემთ იმ მნიშვნელოვან ახალ ამბებს, რის შესახებაც კულტურის მინისტრმა გამოკვეთილად ისაუბრა:

წელს, ან მომავალი წლის დასაწყისში ლევილის ქართველთა მამული საქართველოს საკუთრებაში შეიძლება გადმოვიდეს; სამინისტროს ძალისხმევით 44 უსინათლო ადამიანი დასაქმდა; თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მოთხოვნით, ხვალ, თურქეთში ქართველი არქეოლოგი ჩავა და იშხანში ახლახანს აღმოჩენილ სამარხებს შეისწავლის; ჩვენი ქვეყნის რეგიონებში არსებული თეატრების საქმიანობის ჯეროვნად წარმოჩენის მიზნით, 23 თეატრი დაფინანსდება; სამინისტრო ხუთ კინოსაპროექციო აპარატს ყიდულობს, რომელსაც რეგიონებში კულტურის სახლებს გადასცემს; მიმდინარეობს მოლაპარაკება დუშეთში არსებული იმ შენობის გამოსასყიდად, რომელშიც ილია ჭავჭავაძე მოსამართლეობდა; გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში კულტურის მინისტრმა 2 000 ადამიანი მიიღო; რაბათის კომპლექსის გარშემო ატეხილ აურზაურზე წერტილის დასმა იმ ხელშეკრულების ხელმოწერაზეა დამოკიდებული, რომელიც თურქეთსა და საქართველოს შორის უნდა გაფორმდეს;

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეთანხმებით მცხეთაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაკონსერვდა;  X საუკუნის კუმურდოს საკათედრო ტაძრის მოსანახულებლად მინისტრი ახალქალაქში ჩავა, მაგრამ რაც შეეხება ტაძრის რეაბილიტაციას, ამაზე ჯერ ვერაფერს იტყვის; დავით გარეჯაში მომლოცველების წინაშე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია მას შემდეგ ექნება, რაც უახლოეს პერიოდში აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდება და ვითარებაში გაერკვევა; იმ ტაძრების ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს მეზობელი სომხეთი ედავება, არქეოლოგიური კვლევები ჩატარდება და მათი წარმომავლობა ამის მიხედვით დადგინდება.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში გაგვაფრთხილეს, რომ მხოლოდ ერთი კითხვის დასმის საშუალება გვექნებოდა, რადგან კითხვის დასმის მსურველები მრავლად იყვნენ. შესაბამისად, for.ge შეეცადა ორი უმნიშვნელოვანესი და ერთმანეთთან დაკავშირებული კითხვები გაგვეერთიანებინა. უცვლელად გთავაზობთ, როგორც ჩვენს კითხვას, ისე კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას მიერ გაცემულ პასუხს:

for.ge: აპირებს თუ არა კულტურის სამინისტრო ჩვენი ქვეყნის საგანძურის მდგომარეობით დაინტერესებას და კიდევ, მეორე კითხვა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს საგანძურს, რომლის უდიდესი ნაწილიც ხელოვნების მუზეუმშია - რატომ აჭიანურებთ ხელოვნების მუზეუმის გამოყოფას სამუზეუმო გაერთიანებიდან? ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო, როცა წერილობით მოგმართათ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის 90-მაანამშრომელმა. მათ ნაწილს მიმდინარე წლის დასაწყისში შეხვდით, ხარჯთაღრიცხვაც წარადგინეს, მაგრამ სამინისტროს ქმედითი ნაბიჯი დღემდე არ გადაუდგამს.

გურამ ოდიშარია: მუზეუმები ჩვენი ერთ-ერთი საფიქრალია. ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს, ჩვენს მუზეუმებშია. ძეგლს ვერავინ წაიღებს და ვერ მოგვპარავს, მაგრამ მიზეზთა გამო, რაღაც შეიძლება გზადაგზა დაკარგო. როდესაც ჩემს სომეხ კოლეგას ვესაუბრებოდი იმაზე, თუ რაში მიდის მისი ყველაზე დიდი ენერგია, მან თქვა, რომ ეს არის მუზეუმები, ძეგლები და საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა (იქ ახალ-ახალ კანონებს ძალიან ხშირად წერენ).

რაც შეეხება გამოყოფასთან დაკავშირებულ საკითხს - ეს მუზეუმი ძალიან კარგი ხალხითაა, ასე ვთქვათ, დასახლებული. მათ სრულყოფილი წერილი თავიდანვე ვერ წარმოგვიდგინეს და ჩვენ კიდევ ამ ომებში დროც არ გვქონდა, მაგრამ მათ გუშინწინაც, გუშინაც შევხვდი, ვესაუბრე. აქამდე არ არსებობდა, მაგრამ ახლა ჩვენთან შეიქმნება სამუზეუმო საბჭო, რომელშიც შევლენ ცნობილი ექსპერტები, სპეციალისტები, ვისაც საზოგადოება ენდობა.

ჩვენ აუცილებლად ვიზიარებთ საზოგადოების აზრს და ამავე დროს, ექსპერტების აზრს. არის შემთხვევა, როდესაც ეს აზრი ერთმანეთს ხშირად ემთხვევა და არის შემთხვევა, როდესაც საპირისპირო ხდება.

ეს იქნება ის შემთხვევა, როცა ჩვენ ერთად, ხელჩაკიდებული ვიმუშავებთ და მანდ ბევრი რამ აუცილებლად შეიცვლება, ჩვენ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რასაც ყველანი ერთად მოვილაპარაკებთ და მოვისაუბრებთ.

გარდა ამისა, პერიოდულად ხორციელდება სხვადასხვა ობიექტების, ორგანიზაციების გეგმიური შემოწმებები და მუზეუმი, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ არის. მოვიდა დრო, რომ ჩვენ ამაზე აქტიურად უნდა ვიფიქროთ.

for.ge:  კონკრეტულად საგანძურის მდგომარეობით როგორ დაინტერესდებით, მხოლოდ გეგმიური შემოწმებებით, თუ სხვა ტიპის ღონისძიებები ჩატარდება?

გურამ ოდიშარია: შემოწმებები მრავალი მიმართულებით, მრავალპროფილიანი იქნება. სვანეთში ჩვენს საგანძურზე თქვენთან საუბარი გვქონდა. იქ ვიყავით, ვნახეთ, თუმცა, მაშინ ეს ყველაფერი უკვე შეფუთულ მდგომარეობაში იყო და ჩვენ ყველაფერს აუცილებლად შევამოწმებთ, სად როგორ მდგომარეობაშია ეს ყველაფერი. პირობას გაძლევთ, რომ თითოეულ, მნიშვნელოვან ექსპონატზე გვექნება ჩვენი დასკვნა, რასაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში აუცილებლად მივწვდით.

ჩვენ არა ვართ უკანასკნელი მოდელების ელექტრო ხელსაწყოების შემქმნელი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ გვაქვს უმდიდრესი კულტურა და ამ კულტურას გავუფრთხილდებით ისე, რომ მას მომავალ თაობებთან ღირსეულად მივიტანთ.

ამას წინათ მცხეთაში ვიყავით, სადაც ცნობილია, რომ მუზეუმი ფაქტობრივად არ არსებობს, ექსპონატები საშინელ მდგომარეობაშია ჩაყრილი. აპარატი, რომელიც, თითქოს, ტემპერატურის კონტროლს აწარმოებს, ისე გადატვირთულად  მუშაობს, რომ რვა ლიტრი წყალი სარდაფიდან ამოაქვს, რაც ექსპონატებს ნელ-ნელა აზიანებს.

დედაქალაქში კიდევ რა მდგომარეობაშია ექსპონატები, არის თუ არა ზოგიერთი მათგანი ადგილზე და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს თქვენი დახმარებით შევისწავლით, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა“.