ჩეჩნური დიასპორა პარლამენტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მათი მოლოდინის მიუხედავად, პარლამენტმა სახალხო დამცველს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი უთხრა.
საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი მაინც იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება. ხოლო, თუ ახალი ხელისუფლება მათ იმედებს არ გაამართლებს, ისინი არც ამ ხელისუფლების მორჩილნი იქნებიან და აუცილებლად დაიცავენ თავიანთ უფლებებს.
როგორც For.ge-სთან საუბარში მექა ხანგოშვილი აცხადებს, პირადად მას არგუმენტი არ აქვს, თუ რატომ გადაიფიქრა პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუმცა იმასაც აცნობიერებს, რომ, თუკი ეს სახელმწიფო ინტერესში შედის, ჩეჩნებს არ აქვთ უფლება, რაღაც მოითხოვონ პარლამენტისგან.
უბრალოდ, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ დამატებითი საპარლამენტო კომისია შექმნა წაადგებოდა ამ ძალიან გაჭიანურებული და რთული სპეცოპერაციის ობიექტურ გამოძიებას.
„ჩვენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები ვართ და ყოველთვის გვესმის სახელმწიფოსი. ალბათ, თავისი სირთულიდან გამომდინარე და იმის გამოც, რომ წინა ხელისუფლება ისე „სუფთად“ მუშაობდა, სამხილებს არ ტოვებდა, პროკურატურაში გაჭიანურდა ამ საქმის გამოძიება. ამ საქმის ირგვლივ დასაკითხი პირები, ალბათ, კიდევ ბევრნი არიან, თუმცა უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, თავს ვიკავებ ამ ადამიანების გვარ-სახელების დასახელებისგან. ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მინდა გითხრათ, თუკი გაგვიჩნდება ეჭვი, რომ გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს, პირველ რიგში, ჩვენს სათქმელს მაინც ვიტყვით და ჩემი ნათქვამი მხოლოდ ზაკაევის კომისიას არ ეფუძნება“, - გვითხრა ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა.
ამასთან, მექა ხანგოშვილს ახალაების რეაბილიტაციის მცდელობის არ ესმის. იგი ინტერესდება, რას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ჩირქი უნდა ჩამოერეცხოთ, მაშინ, როცა მათ მთელი ერი შეურაცხყვეს. მექა ხანგოშვილი კითხვას სვამს, ნუთუ ახლა გახდნენ ქისტები ძმები, ხოლო, როცა მათი ჩახოცვის ბრძანება გასცეს, მაშინ არ იყვნენ ქისტები და ჩეჩნები ძმები? მით უმეტეს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახალაიებს ოთხი საათის განმავლობაში უხსნიდნენ, რომ არაფრით შეიძლებოდა მსგავსი რამის დაშვება, რადგან ქართველებსა და ვაინახებს შორის ძმობა მარტო ერთ და ორ საუკუნეს არ ითვლის და ეს ჩვენი წელთაღრიცხვიდან მომდინარეობს. ამდენად, მექა ხანგოშვილი არ ენდობა დათა ახალაიას ნათქვამს, ლაფანყურის ამბებში მათი უდანაშაულოდ წარმოჩენის შესახებ.
გარდა ამისა, მექა ხანგოშვილი მოითხოვს, ლაფანყურის ამბების დროს ლიკვიდირებულთა ოჯახის წევრები დაზარალებულებად ცნონ. კერძოდ, მისი თქმით, ორი კვირის წინ აეროპორტში პრობლემები შეექმნა ლაფანყურის ოპერაციისას დაღუპული ასლან მარგოშვილის მამას, რომელსაც შვილის სიკვდილის შემდეგ მას ღვიძლის სიმსივნე განუვითარდა და მკურნალობის მიზნით რამდენჯერმე იმყოფებოდა ბელორუსიაში. სამშობლოში დაბრუნებისას კი ეს ავადმყოფი კაცი ორი საათის განმავლობაში აეროპორტში დააყოვნეს. ამის გამო გამთენიისას, შვიდის ნახევარზე მექა ხანგოშვილს დაუკავშირდა ასლან მარგოშვილის მამის დისშვილი, რომელიც ტიროდა, რადგან ბიძის ჩამოსაყვანად მივიდა და ამ დროს ბიძამისს არ უშვებდნენ. დისშვილი ითხოვდა, წყალი მაინც მიეწოდებინათ ან სასწრაფო გამოეძახათ ბიძისთვის, ამის საპასუხოდ კი ცინიკურად უთხრეს, - ჩეჩნები მაგრები ხართ და გაუძლებთო. ბოლოს, ერთი ნაცნობი გამოუჩნდათ და ის მიეხმარა. მექა ხანგოშვილის თქმით, ასლან მარგოშვილის მამამ ისე ინერვიულა, ორი დღის განმავლობაში შოკური მდგომარეობიდან ძლივს გამოიყვანეს. თანაც, დღემდე აეროპორტში მისი დაბრკოლების მიზეზიც არ იცის.
მექა ხანგოშვილი აცხადებს, რომ ასეთი რამ მხოლოდ დღეს არ მომხდარა და წლების განმავლობაში ჩეჩნების მიმართ მუდმივად ხორციელდებოდა კონტროლი. მეტიც, არა მხოლოდ ჩეჩნებს, არამედ საქართველოს მოქალაქე ქისტებსაც აეროპორტში საათობით აყოვნებდნენ.
„ჩვენს მიმართ რამდენი უსამართლობა მოხდა, ამის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქმე არ შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი რამდენჯერმე დავაყენე ახალ მთავრობასთან, რომ საფუძვლის გარეშე საქართველოს მოქალაქე ქისტების დევნა უნდა შემწყდარიყო. წინა მთავრობის დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქალი იყო, ბავშვი, მოხუცი თუ ავადმყოფი, ნებისმიერი ჩეჩენისა და ქისტის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა. წარმოიდგინეთ, საჯარო პირი გახლავართ და, ასე თუ ისე, მაინც ცნობადი სახე ვარ, ამ დროს ოფიციალური დელეგაციის ფარგლებში მეც კი ნახევარი საათი გავუჩერებივარ ძველ ხელისუფლებას. ისინი თავს იმართლებდნენ, ქისტური გვარი როცა გამოჩნდება, წითელი ენთება და უფლება არ გვაქვს, არ გადავამოწმოთ და არ დავრეკოთო“, - აცხადებს მექა ხანგოშვილი.
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ ლაფანყურის მოვლენების ირგვლივ საპარლამენტო კომისია აუცილებად უნდა შექმნილიყო და, რაც შეიძლება, მალე უნდა გამოეძიებინათ ეს საქმე, რამდენადაც ლაფანყურის ინციდენტი აღარ არის მარტო ქართული სახელმწიფოებრიობის და სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციის ნიშა. ეს ბევრად უფრო სერიოზული თემა გახდა. ამიტომ საქართველომ სამართლიანობის დემონსტრაციის მასტერკლასი მთელ მსოფლიოს უნდა ჩაუტაროს.
მისი თქმით, როცა საქმე ასე ჭიანურდება, ალბათ, საპარლამენტო ზედამხედველობა უნდა გაძლიერდეს. თუმცა გასაკვირი არ არის ამ საქმის გამოძიების გაჭიანურება, რადგან ფიზიკურად მოწმეები ან ცოცხლები აღარ არიან, ან საქართველოში არ იმყოფებიან. ხოლო იმისთვის, რომ მოწმე საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიკითხოს, მინიმუმ, იმ ქვეყნის ხელმძღვანელობის ნებართვაა საჭირო, სადაც ის ამჟამად იმყოფება.
„ახალაიებმა ის უნდა თქვან, რაც სინამდვილეში მოხდა და რასაც აქამდე არ ამბობდნენ. დანაშაული თავის თავზე რომ აიღეს და რაღაცები დაიბრალეს, თანაც, იმაზე მეტი დაიბრალეს, ვიდრე ჩადენილი ჰქონდათ, სწორედ ამიტომ დადგნენ დარტყმის ქვეშ და ამიტომაც გაწირა ისინი ნაცმოძრაობამ, რომელმაც გადაწყვიტა, მარტო ახალაიებისთვის შეეწმინდათ ხელი. თუმცა, ბოლო დროს ახალაიები გონს მოეგნენ, ალბათ, მალე სიმართლეს იტყვიან და მათი სიმართლის შემდეგ გამოჩნდება ახალი დეტალები. თუკი ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, ჩამოვლენ, ან არ ჩამოვლენ და ჩვენებებს მისცემენ, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ახალი მოწმეები და ახლი დეტალები გამოჩნდება“, - აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.
ამასთან, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობენ ისეთი ადამიანები, რომელთა მიმართაც ლაფანყურის საქმის მოწმეებს ნდობა გააჩნიათ და ისინი მათთან აპირებენ თანამშრომლობას, პარლამენტში კი საჯაროდ და სახალხოდ შესაძლოა, არც ეთანამშრომლათ. თუმცა ზაალ კასრელიშვილი არ იზიარებს იმ აზრს, რომ ახალაიები თურმე ანგელოზები ყოფილან და ყველამ ყველაფერი მათ დააბრალა.
მისი თქმით, თუნდაც ასე იყოს და ახალაიები მარტო ბრძანებებს ასრულებდნენ, მაშინ უკანონო ბრძანების შესრულებაც იგივე დანაშაულია.
რაც შეეხება სხვა საგამოძიებო კომისიებს, ზაალ კასრელიშვილის აზრით, ზაკაევის კომისია ერქმევა თუ სხვა ადამიანის სახელობის კომისია, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ ქართველებს გარდა, ჩრდილო კავკასიაში ყველამ ყველაფერი იცის - სახელებიც, გვარებიც, მარშრუტებიც, დროც, თანხის რაოდენობაც. მეტიც, კავკასიელებმა ისიც იციან, ვინ არიან ბრძანების გამცემნიც და შემსრულებელნიც. უბრალოდ, კავკასიელები ელოდებიან, ქართველები რამდენად ობიექტურები იქნებიან და რა სამართლებრივ დასკვნებს დადებენ.