როგორ იწინასწარმეტყველა ჰერბერტ უელსმა მეოცე საუკუნე

როგორ იწინასწარმეტყველა ჰერბერტ უელსმა მეოცე საუკუნე

კლერ ტომალინი თავის ბიოგრაფიულ ნაშრომში, ახალგაზრდა ჰერბეტ ჯორჯ უელსი ცვლის სამყაროს, წერს:

"გადავწყვიტე, დამეწერა წიგნი ახალგაზრდა უელსის შესახებ — მისი იდენტობის ფორმირებაზე, წლებზე, რომლებშიც იგი მუშაობდა, ფიქრობდა და ვითარდებოდა როგორც მწერალი. [...] ის იყო მხიარული, ქალებისათვის მიმზიდველი და სექსისთვის ღია. მას მტკიცედ ჩამოყალიბებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა და ემხრობოდა სოციალურ თანასწორობას, რესპუბლიკანიზმსა და მსოფლიო მთავრობის შექმნას. ის თავს მშრომელ მწერლად მიიჩნევდა და არა — სპილოს ძვლის კოშკში მყოფ ხელოვანად; თავისი მიღწევებით დამსახურებულად ამაყობდა და მიიჩნევდა, რომ გაწეული სამუშაოსთვის მისთვის კარგადაც უნდა გადაეხადათ. და მას, ამასთან, შეეძლო ყოფილიყო არასანდო, ეგოისტი და შურისმაძიებელიც კი".

ძნელია, არ გაიზიარო ტომალინის მოხიბვლა ამ კომპლექსური ადამიანით. ჰერბერტ ჯორჯ უელსი (1866-1946) — აღიარებული გენიოსი და მრავალ ჟანრში წარმატებული მწერალი — უდიდესი კულტურული გავლენითაც სარგებლობდა. მისი პირველი რომანის, დროის მანქანის (1895) გამოქვეყნებიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე პერიოდში უელსს, ფაქტობრივად, მისი ყველა თანამედროვე დიდი მწერალი და მოაზროვნე განადიდებდა (და მერეც სპეკულაციური ლიტერატურის ჟანრში მოღვაწე ყველა ავტორი სამარადჟამო ვალშია მასთან). ამ ადამიანთა სია მართლაც გამორჩეულად მრავალფეროვანია, რადგან აერთიანებს ისეთ ცნობილ ისტორიულ ფიგურებს, როგორებიც არიან უინსტონ ჩერჩილი, უელსის მასწავლებელი თომას ჰენრი ჰაქსლი, ბერტრან რასელი, ართურ კონან დოილი, ჯოსეფ კონრადი, სტივენ კრეინი, ჯორჯ ბერნარდ შოუ, ჰენრი ჯეიმსი, ჯორჯ ორუელი, ოლდოს ჰაქსლი და ბოლშევიკური რევოლუციის არქიტექტორები. როგორც ტომალინი წერს, "მისი პოპულარობა შეუფასებლად დიდი იყო" და როგორც შოუმ შენიშნა, უელსისთვის თავის გვიანდელ ვიქტორიანულ სამყაროში "ბრიტანეთის ყველა სოციალური წრის კარი ღია იყო".

უელსი არც მდიდარ და არც პრივილეგირებულ ოჯახში არ დაბადებულა, თუმცა ის და დედამისი სარა — "ღრმად რელიგიური და ინგლისის ეკლესიის ერთგული ქალი" — თავს საშუალო კლასად მიიჩნევდნენ. ნამდვილად საოცარი ამბავია, თუ როგორ მოახერხა ჰერბერტ უელსმა, თავი დაეღწია სიღარიბისა და ფიზიკური ავადმყოფობისათვის. "ორი წლის განმავლობაში ოჯახი ძალზედ ხელმომჭირნედ ცხოვრობდა — პური და ყველი, საუზმეზე კი ნახევარი ქაშაყი", — წერს ტომალინი. ამასთან, უელსმა ბავშვობაში წვივი მოიტეხა, მოგვიანებით კი, რაგბის უხეში თამაშის დროს მიღებულ ტრავმას — ექიმის დიაგნოზის თანახმად, "დამსხვრეულ თირკმელსა და ღვიძლის დაზიანებას" — გადაურჩა. შედეგად, უელსს დასჩემდა ხველის შეტევები, რომელთა დროსაც სისხლს აღებინებდა.

საბედნიეროდ, უელსის დედამ მუშაობის დაწყება შეძლო ფრანცის ბულოკთან, ვისი ქმარიც მდიდარი მიწათმფლობელი და აპარკის — მთელ ქვეყანაში "ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და ელეგანტურად მოწყობილი სახლის" მესაკუთრე იყო. დედასთან ერთად აპარკის მოსამსახურეების ფრთაში ცხოვრებისას ახალგაზრდა უელსს შესაძლებლობა მიეცა, მდიდარ ბიბლიოთეკას გასცნობოდა. ავადმყოფობისას მას შეეძლო, ძალების აღდგენის პარალელურად წიგნები ეკითხა. სწორედ ამ ადრეული წლების განმავლობაში დაწერა და ილუსტრაციებით გააფორმა მან თავისი პირველი წიგნი, უდაბნოს გვირილა. ამ დროს უელსი 12-13 წლისა იქნებოდა.

ახალგაზრდობაში ის არაერთხელ შემდგარა სხვადასხვა ისეთ კარიერული გზაზე, რომლებიც შეუსაბამო იყო მისი მრავალფეროვანი ნიჭისათვის — იქნებოდა ეს ორიგინალურობა, წარმოსახვის უნარი თუ კრიტიკული აზროვნება. როდესაც უელსი ქიმიკოსის თანაშემწედ ან მაღაზია Hyde’s Drapery Emporium-ში შეგირდად მუშაობდა, ეს მისი ცხოვრების "ყველაზე უბედური და უიმედო პერიოდი იყო". და მაინც, მისი ადრეული საქმიანობიდან რამდენიმე — მაგალითად, სტუდენტობისას მასწავლებლობა — მომავალში რიგიანად გამოადგა. სწორედ ამ გამოცდილებამ მისცა მას საშუალება, საკუთარი თავი გაენათლებინა ანატომიაში, მათემატიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში თუ გეომეტრიაში და შედეგად სამეფო სამეცნიერო კოლეჯის სტიპენდია მოეპოვებინა. აქ კი მისი ნიჭი დებატებსა და წერაში, მისი ბუნებრივი შარმი და იუმორის გრძნობა საბოლოოდ გაიფურჩქნა.

სამეფო სამეცნიერო კოლეჯში მას ვხედავთ როგორც "ყოველთვის მზადმყოფს ახალი ბილიკების გასაკვალად", — წერს ტომალინი, — "თავის თავზე ზედმეტის აღება უელსის ცხოვრების წესი იყო". კოლეჯში ის სიტყვით გამოდიოდა სადებატო საზოგადოების შეკრებებზე, რომელთაგან ერთ-ერთზეც "კაცობრიობის წარსულსა და მომავალზე" ისაუბრა. ამ სიტყვაში ათწლეულით ადრე აისახა უელსის ხედვები, რომლებიც მან საბოლოო სახით დროის მანქანაში ჩამოაყალიბა. ეს ნაწარმოები ჟურნალის, The New Review-ს პირველ ნომერში უელსის მეგობარმა, უილიამ ჰენლიმ დაბეჭდა, რომელიც ცნობილია თავისი პოემით, ინვიქტუსი ("დაუმორჩილებელი").

ტომალინი, რომელსაც ჩარლზ დიკენსის, სემიუელ პიპსის და სხვათა ბიოგრაფიებზე აქვს ნამუშევარი, მიხვდა, არ შეეძლო, მკითხველისთვის უელსის ახალგაზრდობაზე გაკვრით ესაუბრა და აღიარა, რომ "ის ზედმეტად საინტერესო ეჩვენა იმისათვის, რომ მიეტოვებინა". ამრიგად, ავტორი უელსის ცხოვრებას სწორედ აქედან შლის, როდესაც ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ბევრჯერ წაკითხული და ციტირებული ხელოვანის ცხოვრებას სამ განსხვავებულ, თუმცა კი ერთმანეთზე გადაჯაჭვულ ჭრილში გვიხატავს.

პირველ ჭრილში უელსი სოციალური აქტივისტია, რომელსაც განზრახული აქვს, "რომ წეროს, ილაპარაკოს და იქადაგოს რევოლუციაზე". ის ათეისტი, სოციალისტი და მთელი რიგი ისეთი წიგნების ავტორი გახლდათ, რომლებშიც უკეთეს სოციალურ მსოფლიოზე ოცნებობს. მისი პოლიტიკური პუბლიკაციები ისეთივე გავლენითა და პოპულარობით სარგებლობდა, როგორც მისი მონუმენტური მნიშვნელობის სამეცნიერო-ფანტასტიკური ამბები, რომელთაც ის "სამეცნიერო რომანებს" უწოდებდა. აქვე ჩვენ ვეცნობით მის მნიშვნელოვან, თუმცა, ამავე დროს, საკამათო რეპუტაციის მქონე თანამშრომლობას ბრიტანულ პროგრესულ-სოციალისტურ ორგანიზაციასთან, ფაბიანელთა საზოგადოებასთან. როგორც მწერალი მეგობარს უხსნის, თავისი ბესტსელერის, მოლოდინები, მიზანი გახლდათ, "მოარყიოს და გაანადგუროს მონარქია, მონოგამია და რესპექტაბელურობა — და მათთან ერთად, ბრიტანეთის იმპერიაც. ეს ყველაფერი კი ავტომობილებსა და ელექტროგათბობაზე სპეკულაციების სახით მოხდება". პატარა მიღწევაა არაა, რომ უელსის მიერ 1940 წელს შექმნილი ნაშრომი, კაცთა უფლებები, გახდა "ერთ-ერთი წყარო 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის", რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა.

უელსმა, ფაქტობრივად, მართლაც მოახერხა, თავისი ცხოვრებიდან მონოგამიისა და რესპექტაბელურობის აღმოფხვრა. მისი ბიოგრაფიის ამ არასასიამოვნო, სევდით სავსე განზომილების კვლევით ტომალინი გვაჩვენებს, რომ "ის ცუდი ქმარი და არასანდო საყვარელი იყო". ყველაზე მეტად კი მან თავისი მეორე ცოლი, ჯეინი დააზარალა, რომელიც "წლების განმავლობაში რჩებოდა მარტო, სანამ უელსი საჯაროდ იყო დაკავებული სასიყვარულო ურთიერთობებით".

ამგვარად, ბიოგრაფიის მხოლოდ ბოლო, მესამე ჭრილია ის, რომელშიც უელსი წარმოგვიდგება როგორც ნაყოფიერი და ორიგინალური მთხრობელი, რომელმაც არაერთი მკითხველი და მწერალი შთააგონა. იმის მიუხედავად, რომ ის ხშირად ავადმყოფობდა და თვითნასწავლი გახლდათ, მისი ადრეული ლიტერატურული მოღვაწეობა მაინც გასაოცარია. დროის მანქანის წარმატებამდე ის სტუდენტებისთვის მისაყიდად დიაგრამათა ასლებს იღებდა, კერძო გაკვეთილებს უტარებდა მოსწავლეებს, ადგენდა გამოკითხვებს იაფფასიანი ჟურნალებისთვის, დაწერა ორი პოპულარული სამეცნიერო სახელმძღვანელო, რომელთაგან ერთ-ერთი თავად გააფორმა — და მაინც, ეს მისთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა შავი სამუშაო. ის არედაქტირებდა ჟურნალსა და ყოველკვირეულ გამოცემას, გამუდმებით წერდა წიგნების შეფასებებს, წარუმატებლად სცადა ბედი პიესების წერაში, გაზეთ The Pall Mall Gazette-ს მიჰყიდა რამდენიმე პატარა ნაწარმოები, რომლებმაც, თავისდა გასაკვირად, იმაზე მეტი შემოსავალი მოუტანა, ვიდრე სწავლებამ. და ეს ყველაფერი აისბერგის მხოლოდ მწვერვალი იყო მის მსუყე ლიტერატურულ შემოქმედებაში.

"მას ჰქონდა პერიოდი, როდესაც დღეში 7 ათას სიტყვას წერდა. ის წარმოუდგენელი ტემპით მუშაობდა და ქმნიდა ამბებს, რომლებიც იმდენად მრავალფეროვანია, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ მათზე მწერალთა გუნდმა იმუშავა", — წერს ტომალინი. სულ რამდენიმე მწერალი თუ გაუტოლდება მასა და მის გავლენას მსოფლიო ტექსტებზე. ჟიულ ვერნთან და გამომცემელ ჰიუგო გერნსბეკთან ერთად, უელსმა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი გამოიგონა. მთვარის შორეულ მხარეზე არსებული ერთ-ერთი კრატერი მისი სახელობისაა. ფუტურისტული ხედვის მქონე მწერალმა, რომელიც ოთხჯერ იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, იწინასწარმეტყველა თვითმფრინავები, ტანკები, სექსუალური რევოლუცია, ატომური ბომბი და შექმნა კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიწეროს ამბავი უცხოპლანეტელთა შემოჭრაზე (ტომალინის თქმით, სამყაროთა ომის შთაგონების წყარო "ტასმანია და ის განადგურება იყო, რომელიც მას ევროპელების იქ ჩასვლამ მოუტანა") და დროში მოგზაურობაზე (ის პირველი იყო, რომელმაც მსგავსი ტიპის მოგზაურობა მანქანის საშუალებით წარმოიდგინა).