ტრანსგენდერი პერსონაჟის გამო სპილბერგის West Side Story რამდენიმე ქვეყანამ აკრძალა

ტრანსგენდერი პერსონაჟის გამო სპილბერგის West Side Story რამდენიმე ქვეყანამ აკრძალა

სტივენ სპილბერგმა ბროდვეის საკულტო მიუზიკლის West Side Story (უესტსაიდის ისტორია) ახალი კინოეკრანიაცია გადაიღო, რომელსაც მრავალი მაყურებელი მოუთმენლად ელოდა, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის ცენზურა კინომოყვარულების ინტერესებს არად დაგიდევთ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უესტსაიდის ისტორიის ჩვენება აიკრძალა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საუდის არაბეთი, ქუვეითი, კატარი, ბაჰრეინი, ომანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

როგორც The Guardian წერს, აკრძალვის მიზეზი ფილმში წარმოდგენილი ტრანსგენდერი პერსონაჟი, სახელად Anybodys, გახდა. ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში მოითხოვეს, რომ ფილმიდან ის კადრები ამოეჭრათ, სადაც ეს გმირი ჩანს, რასაც მწარმოებელი კომპანია არ დათანხმდა, ამიტომ ფილმის ჩვენება მთლიანად შეიზღუდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ამ მიუზიკლის პირველი ეკრანიზაცია არ არის: 1961 წელს გადაიღო საკულტო ფილმი რობერტ უაიზმა და საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა. ადრინდელ ვერსიაშიც ჩნდება Anybodys, თუმცა იქ მისი გენდერული იდენტობა ბუნდოვანია. ახალ კინოსურათში კი ამ გმირს მეტი ყურადღება ეთმობა.

სანამ სტივენ სპილბერგის ფილმს შეექმნებოდა პრობლემები ცენზურასთან, იქამდე მარველის ბლოკბასტერი Eternals (მარადიულები) აკრძალეს საუდის არაბეთში, ქუვეითსა და კატარში გეი კოცნის გამო.

უესტსაიდის ისტორიას კრიტიკოსები ერთხმად დადებითად აფასებენ და მისი ხილვა ქართულ კინოთეატრებშიც 9 დეკემბრიდანაა შესაძლებელი.