ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოების, 1984-ის მიხედვით მალე ახალი წიგნი, სახელად ჯულია გამოვა. წიგნში 1984-ში განვითარებული მოვლენები უინსტონ სმითის შეყვარებულის, ჯულიას თვალით იქნება მოთხრობილი. ჯულიას ავტორი სანდრა ნიუმანია. რომანის გამოსვლის ზუსტი თარიღი ცნობილი არაა.
ჯულია ახალი პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ცნობილ ნაწარმოებს ქალების თვალით ხელახლა გვაცნობს. ახალ ნაწარმოებს ჯორჯ ორუელის საავტორო უფლებების მფლობელებმა მხარი უკვე დაუჭირეს და მათ შორის თავად ჯორჯ ორუელის შვილიცაა. მწერლის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, პროექტის განსახორციელებლად ავტორს დიდი ხანი ეძებდნენ და თვლიან, რომ სანდრა ნიუმანი სწორედ შესაფერისი კანდიდატია.
"ორი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც ორუელის რომანმა დაგვიტოვა არის ის, თუ რას ხედავს ჯულია უინსტონში და როგორ გაიკვალა გზა პარტიის იერარქიაში. სანდრა დიდი ძმის სამყაროს სიღრმისეულად და დამაჯერებლად იკვლევს ისე, რომ არც ორიგინალს ღალატობს და მკითხველს განსხვავებულ ამბავს სთავაზობს, რომელიც ადგილს ორიგინალის გვერდით იკავებს. ორუელის 1984-ის მილიონობით მკითხველი პროვოკაციულ და სასიამოვნო მეგზურს აღმოაჩენს", — ამბობს მწერლის ოფიციალური წარმომადგენელი ბილ ჰამილტონი ახალ ნაწარმოებზე.
ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოები 1949 წელს გამოიცა, თუმცა მკითხველებს შორის პოპულარულობას დღემდე არ კარგავს. 1984 ტოტალიტარულ რეჟიმში მცხოვრებ უინსტონ სმითზე მოგვითხრობს, რომელიც "დიდი ძმისა" და პარტიისთვის მუშაობს, თუმცა პარტიის კანონების საწინააღმდეგოდ, ჯულიასთან აკრძალულ ურთიერთობას იწყებს.