ვარიანში მოძღვარს საძოვარ მიწებს ედავებიან (video)

ვარიანში მოძღვარს საძოვარ მიწებს ედავებიან (video)

გორის რაიონის სოფელ ვარიანში 50-მდე მცხოვრებმა აქცია იმ მიწების სიახლოვეს გამართა, რომელიც ოფიციალურად ადგილობრივ მოძღვარს მამაო გრიგოლს ეკუთვნის. აქციაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღანელი პირები მივიდნენ და დაასკვნეს, რომ საკითხი შესასწავლია. სადავო მიწა 2007 წელს აუქციონზეა გატანილი და მისი მფლობელი მოძღვარი გახდა. შეკრებილები აცხადებენ, რომ ეს მიწები სოფლის საძოვარს და ასევე სარეზერვო ფართს წარმოადგენდა, ხოლო ის სოფელს უნდა დარჩენოდა.

მოძღვარის მომხრე ვარიანელები კი იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, სასულიერო პირს სოფელში ავიწროებენ და მისი ქონების დაპატრონება სურთ: ,,ამ კაცმა თავისი ფულით და შრომით შეიძინა მიწა, გააკეთა საკალმახე და ეხლა უნდათ, რომ ეს ყველაფერი წაართვან. ამ კაცს კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია სოფელში” – აცხადებენ მოძღვრის მომხრეები.

მოძღვარი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ ის სოფელში 1994 წლიდან დასახლდა: ,,ჩამოვედი ამ პერიოდში სოფელში მოძღვრად. უნდა დამნიშვნოდა მაშინ ხელფასის სახით ანაზღაურება, მაგრამ არ დამინიშნეს. ჩავეწერე ადგილობრივ მცხოვრებად და მივიღე მიწა. შემდეგ როგორც ცნობილია, შევარდნაძის პერიოდში, მიწების პრივატიზაცია ხორციელდებოდა. როგორც ადგილობრივ მკვიდრს, მეკუთვნოდა ჰექტარი და 25 მეასედი მიწა და ავიღე. 2007 წელს სარეზერვო მიწებზე აუქციონი გამოაცხადეს, იქ სხვებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ეს მიწები აუქციონზე სწორედ მე შევიძინე. ვინც მე მიპირისპირდება, ყველასთან დიდი ამაგი მაქვს.”- აცხადებს მოძღვარი.

ადგილობრივი ხელისუფლება საკითხის შესწავლას აპირებს. მოძღვრის მოწინააღმდეგე მხარე აცხადებს, რომ მიწები მან იმ მოტივით შეისყიდა, თითქოს ის საპატრიარქოს გადაეცემოდა. მოძღვარი ამბობს, რომ მას საპატრიარქოს სახელი არ გამოუყენებია.