ფრანგმა ალპინისტმა მონბლანზე ნაპოვნი განძის ნახევარი მიიღო

ფრანგმა ალპინისტმა მონბლანზე ნაპოვნი განძის ნახევარი მიიღო

ფრანგმა ალპინისტმა, რომელმაც 8 წლის წინ მონბლანზე ზურმუხტებით, საფირონებითა და ლალებით სავსე ყუთი იპოვა, ძვირფასი ქვების ნახევარი მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ალპინისტმა, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, ლითონის ყუთი ალპებში, მყინვარის წვერზე 2013 წელს იპოვა. ძვირფასი ქვები პაკეტებში იყო დაფასოებული, წარწერით „დამზადებულია ინდოეთში“, ამიტომ საფრანგეთის მთავრობაში ივარაუდეს, რომ განძი ინდური ავიალაინერის ერთ-ერთ მგზავრს ეკუთვნოდა, რომელმაც მონბლანზე კატასტროფა მე-20 საუკუნეში განიცადა.

ალპინისტმა თავისი აღმოჩენა პოლიციაში მიიტანა და რადგან განძის მფლობელის ნათესავები ამ დრომდე არ გამოჩენილან, კანონის მიხედვით, ქვები მპოვნელსა და სახელმწიფოს შორის თანაბრად გაიყო. განძის თითოეული ნახევრის ღირებულება დაახლოებით 150 ათას ევროს შეადგენს.

გასულ საუკუნეში მონბლანზე ორი ინდური ლაინერი ჩამოვარდა. 1950 წლის ავიაკატასტროფის შედეგად 48, 1966 წელს კი 117 ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთში ვარაუდობენ, რომ ძვირფასი ქვები მეორე ლაინერის მგზავრს ეკუთვნოდა, რომელიც ბომბეიდან (მუმბაი) ნიუ-იორკში მიფრინავდა.