ის რომ ჩვენთან წინასაარჩევნოდ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების და თავად არჩევნების შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდება და ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვნად, პოლიტიკურის სპეკულაციებისთვის მომგებიანი თემაა. თუმცა, იშვიათია ამ მოვლენის ანალიზი, თუ რატომ ხდება ასე.
ზოგი ამას ე.წ. „შიშის სინდრომით“ ხსნიდა, როდესაც რეპრესიული რეჟიმის შიშით და თავის გადაზღვევის მიზნით, ხალხი არ ამხელდა საკუთარ რეალურ დამოკიდებულებებს. ზოგი თვლიდა, რომ ამაში თავად გამოკითხვის ჩამტარებელი ორგანიზაციები სცოდავდნენ, რომლებიც სათანადოდ „ვერ ხსნიდნენ“ რესპოდენტს მისგან გულწრფელი პასუხების მისაღებად. რესპოდენტის გულწრფელობაზე გამოწვევა კი არაა იოლი, სულაც რომ არ ეშინოდეს რეპრესიების, მასზე სხვა შემაკავებელი ფაქტორებიც მოქმედებს.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ჩანდეს ერთი შეხედვით, ასეთი გახლავთ ე.წ. „ბრედლის ეფექტი“ რომელსაც ზოგჯერ ვაილდერის ეფექტად მოიხსენიებენ. მკვლევარების აზრით, ის უფრო იმ ქვეყნების პოლიტიკური ცხოვრებისთვის არის დამახასიათებელი, სადაც რთული რასობრივი და ეთნიკური ურთიერთობებია, როდესაც ამომრჩეველს რასობრივი ნიშნით უწევს არჩევანის გაკეთება და ეს წინააღმდეგობაში მოდის მის რასობრივ შეხედულებებთან. თუმცა, „ბრედლის ეფექტის“ გამოვლინებები რასობრივი სენტიმენტების გარდა, ამომრჩევლის ქცევის სხვა ასპექტებშიც გვხვდება და ამას ჩვენს ქვეყანაშიც კარგად ვხედავთ.
ისტორიას რომ გადავხედოთ, „ბრედლის ეფექტის“ ტიპიური სცენარი გათამაშდა აშშ-ს კალიფორნიის შტატის გუბერნატორის არჩევნებზე 1982 წელს. წინასაარჩევნო გამოკითხვებში და ეგზიტ-პოლებშიც პოპულარული შავკანიანი კანდიდატი ტომ ბრედლი ლიდერობდა, მაგრამ ხმების დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გაიმარჯვა მისმა თეთრკანიანმა კონკურენტმა ჯორჯ დოქმეჯიანმა. გამოირკვა, რომ ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ, იმისათვის რომ რასიზმში არ დაედანაშაულებინათ, გამოკითხვებისას უბრალოდ იცრუა, როდესაც შავკანიან კანდიდატს მიანიჭა უპირატესობა, ხოლო არჩევნების დღეს, საარჩევნო კაბინაში თეთრკანიან კანდიდატს მისცა ხმა.
რა ხდება ჩვენთან? „ბრედლის ეფექტი“ ვლინდება ჩვენი ამომრჩევლის დიდი ნაწილის ორმაგ სტანდარტებში, როდესაც მას ურჩევნია გამოკითხვის დროს მხარი დაუჭიროს „პოლიტიკურად სწორ“ ვარიანტს, თუნდაც შინაგანად ეწინააღმდეგებოდეს მას.
არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩვენს სოციოლოგიურ გამოკითხვებში როდესაც ეკითხებიან ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდაჭერაზე, ბევრ რესპოდენტს არ უნდა რომ ის „ჩამორჩენილად“ და „ანტი-ევროპელად“ მიიჩნიონ, არ სურს „მოდას“ ჩამორჩეს, და ამიტომაც კითხვაზე - უჭერთ თუ არა მხარს ევროინტეგრაციას და NATO-ში გაწევრიანებას? პასუხობს „კი.“ თუმცა გონებაში სხვანაირად ფიქრობს, და საახლობლო წრეში შეიძლება ბოლო სიტყვებით ლანძღავს დასავლეთიდან იმპორტირებულ „გარყვნილებას“ და „ლიბერალურ იდეებს.“
ქართულ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ღირებულებითი სისტემა და ცნობიერება რომ ძალზე შორს დგას ევროპულისგან, 5-6 ივლისის მოვლენებმაც დაადასტურეს, როდესაც ვითომ „პრო-ევროპელი“ ლიბერალები აშკარა უმცირესობაში აღმოჩნდნენ, ხოლო ორთოდოქსი კონსერვატორები კი უმრავლესობაში. თბილისის ცენტრში ლგბტ-მარშის (რაც ევროპაში უკვე ჩვეულებრივი ამბავია) არდაშვებას, შესაძლოა ძალიან ბევრი მიესალმა, მაგრამ სოციოლოგიური გამოკითხვებში, სავარაუდოდ, ამას არ გამოხატავენ. ამას გააკეთებენ იმიტომ, რომ ქვეყნის გამოცხადებულ და დამკვიდრებულ პრო-ევროპულ და დასავლურ დისკურსს არ დაუპირისპირდნენ, პრო-რუსებად და ჩამორჩენილებად არ გამოჩნდნენ და საკუთარ თავს კიდევ დამატებითი პრობლემები არ შეუქმნან.
წინასაარჩევნო პერიოდში გამოკითხვების დროს ან პარტიულ შეხვედრებზე ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მოკრძალებულად ცდილობს დააფიქსიროს ის პოზიცია, რაც იმ მომენტშია საჭირო, მაგრამ არჩევნების დღეს მოიქცეს ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ. ამომრჩევლის ასეთ გაორებაზე, ფაქტიურად კი „ბრედლის ეფექტზე,“ როგორც ჩანს, ინფორმირებული არიან პარტიებიც და ამიტომაც იყო, რომ არცთუ შორეულ წარსულში მმართველი პარტია ამომრჩევლისგან საკუთარი არჩევანის დოკუმენტურად დადასტურებას ითხოვდა საარჩევნო ბიულეტენზე მის მიერ შემოხაზული ნომრის ფოტოს სახით.
„ბრედლის ეფექტის“ დროს ვლინდება ე.წ. „სოციალური სასურველობის ეფექტი“ (social desirability bias). როდესაც ამომრჩეველს ურჩევნია მისცეს ისეთი პასუხები, რომლებიც მათივე აზრით, უფრო მომგებიანია გარშემომყოფთა თვალში. ეს გამოიხატება იმაში, რომ ხდება ქვეყანაში გაბატონებული განწყობების და ოფიციალური პოლიტიკის ყასიდი მხარდაჭერა. ამ ტენდენციას ზოგი „მორიდებული ამომრჩევლის“ ფენომენს უწოდებს. ასეთ ადამიანებს ეშინიათ და არ სურთ თუნდაც ანონიმური გამოკითხვის დროსაც კი, საკუთარი ჭეშმარიტი განწყობა დააფიქსირონ. ეს ფენომენი, რა თქმა უნდა, განსხვავებულად ვლინდება სხვადასხვა ქვეყანასა და ეროვნულ-კულტურულ კონტექსტში. თუმცა, ის სერიოზულ პრობლემებს უქმნის სოციოლოგიურ გამოკითხვებს სანდოობის კუთხით. „ბრედლის ეფექტი“ პარტიებს ცრუ მოლოდინებს უქმნის მათი მხარდაჭერის რეალურ მასშტაბზე, რაც უკვე არჩევნებზე მოლოდინის საპირისპიროდ მიღებულ შედეგებში გამოიხატება. ამიტომაც, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ „ბრედლის ფენომენი“ მის ქართულ გამოვლინებაში და ფუჭი ილუზიები არ შეიქმნან.