„ბევრი მიზეზის გამო საქართველოსთვის იდეალური არის მონარქიული წყობა“

„ბევრი მიზეზის გამო საქართველოსთვის იდეალური არის მონარქიული წყობა“

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის, რაც ნიშნავს საკუთარ ფესვებთან დაბრუნებას, აუცილებელია მონარქიის აღდგენა. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, მის უწმინდესობას აქვს ნათქვამი, რომ ეს თავის დროზე უნდა მოხდეს, მაგრამ არც დაგვიანება შეიძლება და არც გასწრება, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს აუცილებელი თემა.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ფიქრობს, რომ საქართველოში მმართველობის რამდენიმე მოდელი შეიძლება იყოს ეფექტური. მონარქიის ფორმულა - „მეფობს, მაგრამ არ მართავს“ - თანამედროვე მსოფლიოში ეფექტურია. ბატონო დავით,

რამდენად იზიარებთ ამ პათოსს?

დავით ზარდიაშვილი: ეროვნული მოძრაობიდან ვარ მონარქისტული იდეის მომხრე და რასაკვირველია, ვიზიარებ. ნაძალადევად ამის გაკეთება აბსოლუტურად წარმოუდგენელია. პირიქით, შეიძლება ამ იდეის დისკრედიტაციაც კი გამოიწვიოს. იდეას ვიზიარებ რამდენიმე მიზეზის გამო - პირველი, ეს იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. საქართველოში ეს ისტორიული მემკვიდრეობა ქართველი ხალხის ნებით არ გაუქმებულა. ეს იყო გარეშე ძალადობის შედეგი - რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის შედეგი. ქართლ-კახეთის ანექსიით დაიწყო და შემდეგ მოიცვა მთლიანად საქართველო. რასაკვირველია, ეს იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. გარდა ამისა, ეს იქნება გაწყვეტილი გზის აღდგენა, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა მრავალი ათასწლეულის განმავლობაში გადიოდა.

რას გულისხმობთ?

- ორასი წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრივი ტრადიცია შეწყდა. ჩვენ ვიყავით უცხო ქვეყნის, რუსეთის იმპერიის ნაწილი, შემდეგ ვიყავით საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკა და ბუნებრივია, შეწყდა განვითარება. ამის აღდგენა არის საჭირო და ეს უნდა მოხდეს. როცა ვლაპარაკობთ სამართლიანობის აღდგენაზე, უწინარეს ყოვლისა ეს უნდა გვქონდეს მხედველობაში.

სამათლიანობის დარღვევა მოხდა მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერიამ ძალადობით გააუქმა საქართველოს სამეფო. ამითი დაზიანდა, დაზარალდა და უსამართლოდ იქნა მთლიანად დანგრეული ტახტის უფლებები. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს სახელმწიფოებრივი ტრადიაცია განახლდეს. მიმაჩნია, რომ საქართველოს სამეფოს აღდგენა ჭეშმარიტად არის ის, რაც დაასარულებდა ამ შავ-ბნელ ხანას საქართველოს ისტორიაში, ამ ორასწლოვან ოკუპაციას და შემდეგ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღდგენით დააგვირგვინებდა.

სამართლებრივ პოლიტიკურ ასპექტში რას ნიშნავს მონარქიის აღდგენა?

- ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. სამართლებრივად ეს ნიშნავს ყველაზე უფრო სრულყოფილ წყობას. ქართული სახელმწიფოებრიობისთვის არის ყველაზე უფრო ბუნებრივი. მოცემულობაა, საქართველო ისტორიულად არსებობდა მრავალი ათასწლეულის განმავლობაში როგორც სამეფო, ეს ქრისტიანული სამეფო გახლდა და ბუნებრივია, ამ ისტორიული ტრადიციის აღდგენა დაკავშირებული არის იმასთან, რომ ეს კავშირი აღსდგეს. ე.ი. თითოეული ქართველი პასუხისმგებელია და ვალდებულია არა მხოლოდ დღევანდელი თაობის, არამედ წარსული და მომავალი თაობების წინაშე. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია აღდგეს ისტორიული ტრადიცია და ასე გააგრძელოს საქართველოს სახელმწიფომ არსებობა.

ფიქრობთ, მონარქია გაამყარებს ჩვენს სახელმწიფოებრივ იდენტობას?

- რასაკვირველია. ამას არა მარტო სიმბოლური დატვირთვა აქვს, არამედ ერთგვარი საკრალური დატვირთვაც აქვს. იმიტომ, რომ ამითი მოხდებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ზეგარდმოკურთხევა. მოგეხსენებათ, რომ მეფე მირონცხებული გახლავთ და ეს არის კავშირი სულიერებასთან, რჯულთან, სარწმუნოებასთან. ეს არის ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობის ერთ ინსტიტუციის გარშემო გაერთიანება, რასაც ჰქვია - ტახტი, ანუ მონარქი, რაც ძალიან არსებითი იქნებოდა ქვეყნის გაერთიანებისთვისაც. გაიხსენეთ, ქართველ მეფეთა ტიტულანტურ ჩამონათვალში პირველი არის მეფე აფხაზთა. პირველ რიგში აფხაზეთი მოიხსენიება და ეს არსებითად ხაზს უსვამს იმას, რომ ბაგრატოვანთა დინასტია გაბატონდა მთელს საქართველოში და ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ აფხაზეთიდან. ბაგრატმა პირველად სწორედ აფხაზეთის გვირგვინი დაიდგა და შემდეგ დანარჩენი საქართველოსი.

ანუ, არსებითად მნიშვნელოვანია აფხაზეთის ნაწილში მონარქის ინსტიტუტის აღდგენა?

- რა თქმა უნდა. ეს ხაზს უსვამს ქართული სახელმწიფოსთვის აფხაზეთის მნიშვნელობას და ჩვენს ერთიან ისტორიულ წარმომავლობას. ეს კიდევ ერთი ძალიან მკაფიო არგუმენტია იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობა, ისტორიულადაც და სამომავლოდაც გარანტირებული იქნება. იმიტომ რომ, აფხაზები ისევე ცნობენ ბაგრატოვანთა სუვენერობას, როგორც ქართველები. ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს და იგივე აფხაზებითვის ეს იქნებოდა პატივისცემის ნიშანი. ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს ამ საკითხზე მუშაობა, აუცილებელია, რომ აფხაზთა ეროვნულ ცნობიერებაში გაჩნდეს ეს მომენტი. ერთ-ერთი სადაც ჩვენ მივაღწევთ კონსენსუსს, სრულ ურთიერთგაგებას ეს არის - „ვერთიანდებით საერთო ტახტის ქვეშ“ და ეს ტახტი გახლავთ როგორც აფხაზთა, ისე ქართველთა ეროვნული იდენტობის სიმბოლო.

გასაგებია რა უპირატესობები აქვს, მაგრამ რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მონარქის ინსტიტუტის აღდგენა?

- პირველ რიგში, როცა ლაპარაკია ქართველი ერის თვითგამორკვევაზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ისტორიული წარმომავლობა - ვინ ვართ ჩვენ. თქვენ რომ ნახოთ საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი, იქ ქართველი ერის სუვერენული უფლებები საბუთდდება ისტორული შემთხვევითობით. კერძოდ, საქართველო ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთს და ეს წერია იმ აქტში. წარმოგიდგენიათ რამხელა შეცდომაა? საქართველო ნეაბყოფლობით არ შეერთებია რუსეთს. არავითარ შემთხვევაში გეორგევსკის ტრაქტატი არ გულისხმობდა რუსეთის იმპერიაში შესვლას.

საქართველოს ისტორიული სახელი, როგორც საერთაშორისო მისია იყო ქართველნ-იბერნი, ანუ ქრისტეს კვართის მცვლენი. წარმოგიდგენიათ რამხელა პატივი იყო. ანუ, ქრისტეს კვართის მცველობა იყო ჩვენი ისტორიული მისია. ქრისტეს კვართი დღესაც სვეტიცხვოველშია დაბრძანებული, მირონიც იქვე იხარშებოდა. ამის მთავარი მცველი იყო ბაგრატოვანთა ტახტი.

შესაბამისად, საქართველოს სულიერი აღორძინება და ამის ხატი გახლავთ სამეფოს აღდგენა. ამიტომ ჩემთვის ძალიან ძვირფასია ამ იდეის აღდგენა. ბევრი მიზეზის გამო საქართველოსთვის იდეალურია მონარქიული წყობა. ერთ-ერთი არის ის, რომ სახელმწიფო მეთაურს, ანუ ხელმწიფეს უჩნდება უზარმაზარი პასუხისმგებლობა, ვიდრე დღევანდელ პრეზიდენტს აკისრია, რომელსაც 5 წლით ვირჩევთ.

როგორ ფიქრობთ, ამისთვის არის მზად ქართული საზოგადოება?

- ვერ გეტყვით. არ მგონია. ამ იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

რა ჯგუფი შეიძლება იყოს ამ იდეის მოწინააღმდეგე?

- პირველ რიგში ლიბერალური შეხედულებების ფრთა. მე რასაც ვამბობ, ეს არის კონსერვატულ-მონარქისტული შეხედულებები, ამის მიმდევარი ვარ, მაგრამ საქართველოში ამ საკითხის გარშემო არ არსებობს რამე კონსენსუსი. ჩვენ რამდენჯერმე შევცვალეთ კონსტიტუცია. 1995 წლიდან გვქონდა საპრეზიდენტო რესპუბლიკა, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილმა დაამახინჯა საქართველოს კონსტიტუცია. 25 ცვლილება შეიტანა და გადავიდა ე.წ. სუპერსაპრეზიდენტო მოდელზე. დღეს გვაქვს საპარლამენტო მოდელი, მაგრამ თუ მონარქია აღსდგება, მმართველობის სისტემის თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეიცვლება. შენარჩუნებული იქნება საპარლამენტო მმართველობა და გვექნება საპარლამენტო მონარქია. როგორც ირაკლი გოგავამ თქვა - მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. მართვა-გამგეობაში არ ერევა. პარლამენტი აკომპლექტებს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს აძლევს მმართველობის მანდატს.

მმართველობის ტვირთი არის პრემიერის და მისი მთავრობის?

- დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა აქ ლაპარაკია იმაზე, რომ კურთხევას იღებას, ანუ საკრალურობას იძენს სახელმწიფო და ის უფრო სუფთა ხდება, იმ თვალსაზრისით, რომ კანონებს მონარქიაში მეფე აქვეყნებს. მეფე კიდევ მირონცხებულია, ანუ მარტო ერის ნება არ არის კანონების მიღება, არამედ ზეგარდმოკურთხევა აქვს ამას. ეს სამართლიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რომ მონარქიის აღდგენა პირადად პატრიარქის იდეაა და თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა მთლიანობას შეიძენს მხლოდ მაშინ, როცა აღსდგება - მონარქია.

მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ ამას სჭირდება მზაობა. პირველ რიგში, განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ არსებული საპარლამენტო წყობა. სახელმწიფო ინსტიტუტები დავაყენოთ ფეხზე, სისტემა გავმართოთ და ამის შემდეგ შეიძლება ამ საკითხზე ფიქრი. ძალიან მნიშვნელოვანი იდეაა მონარქის აღდგენა, ჩვენი გამაერთიანებელია, მაგრამ მივალთ აქამდე? ისტორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის იდეალთან მიახლოების გზა. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს იდეალი არის სამეფო გზა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბაგრატიონი, ეს არის ყველაზე უფრო დაწინაურებული გვარი, რომლის ღვაწლი არა მარტო საქართველოში, სრულიად საქრისტიანოს წინაშე არის ერთ-ერთი გამორჩეული და უდიდესი. შემიძლია გითხრათ, რომ მთელს საქრისტიანოში არ არსებობს გვარი, რომელსაც ამაზე დიდი ღვაწლი აქვს, მაგრამ არის კითხვის ნიშანი - დღევანდელი ბაგრატიონები არიან მზად ამ ტვირთისთვის?

დავით ბაგრატიონის შემთხვევამ აჩვენა, რომ არ იყვნენ მზად...

- რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება მას რამე პასუხისმგებლობა დავაკისროთ! ეს იქნება როგორც ქვეყნის მტრობა, ასევე მისი. ამიტომ, პატრიარქის გადაწყვეტილება იყო ბრძნული - იქნებ გავზარდოთ უფლისწული. საუბარი არის პატარა გიორგიზე, რომელიც ახლა 12 წლის არის და იზრდება, მაგრამ ეს ღვთის განგებაა. მარტო ერის ნება არ არის, ღვთის ნიშანი უნდა იყოს. რასაც ამბობს ეს ათეისტებისთვის სასაცილო იქნება, მაგრამ სინამდვილეში ასეა - მეფე, არ არის მარტო ერის რჩეული, ის არის ღვთის გამორჩეული - ბიბლიურად არის ასე. ბაგრატიონთა დინასტია უკავშირდება მეფსალმუნე, ბიბლიურ დავითს.

ირაკლი გოგავა საუბრობს, ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე და წარმატებული ქვეყნების მაგალითები მოჰყავს, ხოლო მეორე მხარეს არის საპარლამენტო მონარქიები. ჩვენ საპარლამენტო წყობა გავქვს და განსხვავება რაშია?

- რასაკვირველია, არიან წარმატებული ქვეყნები, როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო. ბატონი ირაკლი ამბობს, რომ ყველაზე წარმატებული საპრეზიდენტო არისო, მაგრამ ან არის ასე, ან არაა. არიან წარუმატებელი მონარქიები და რამდენიც გინდა, არიან საპარლამენტო რესპუბლიკები. მარტო გერმანია რად ღირს, ევროპაში ყველაზე წარმატებული ქვეყანა არის გერმანია. ეს არის კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა და როგორ შეიძლება თქვა, რომ ის არ არის წარმატებული ქვეყანა?!

მონარქია კი არის დროთა კავშირის სიმბოლო - წარსულის, აწმყოსი და მომავლის სიმბოლოა. არჩევითი კი არ არის ეს თანამდებობა, არამედ ეკუთვნის ყველაზე დიდ და გამორჩეულ გვარს საქართველოს ისტორიაში, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი წინაპრების, აწმყოსი და მომავლის წინაშე. საბოლოო ჯამში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის, რაც ნიშნავს საკუთარ ფესვებთან დაბრუნებას, აუცილებელია მონარქიის აღდგენა. მის უწმინდესობას აქვს ნათქვამი, რომ ეს თავის დროზე უნდა მოხდეს, მაგრამ არც დაგვიანება შეიძლება და არც გასწრება. საქართველოს საბოლოო სახე გახლავთ მონარქის აღდგენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს აუცილებელი თემა.

 

 

DDDzia ბრძენი იყო ჩვენი წინაპარი, რომელმაც თქვა:
"ჭკვა თავშია და არა წლებშიო".
რუსებსაც აქვთ მსგავსი გამოთქმა:
Борода уму не замена.
2 წლის უკან