13 სართულიანი სახლი დაანგრიეს და 35 სართულიანს აშენებენ

13 სართულიანი სახლი დაანგრიეს და 35 სართულიანს აშენებენ

იმელის ყოფილი შენობის უკან 35-სართულიანი შუშის ფასადიანი შენობის მშენებლობამ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ ნაგებობებს პრობლემები შეუქმნა. როგორც ამ ქუჩის მაცხოვრებლები აცხადებენ, ამ სახლების გარკვეულ ნაწილს ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და დაუშვებელია, რომ ე.წ. ცათამბჯენისთვის შესრულებულმა სამუშაოებმა მათი სახლები დააზიანოს. მით უფრო, რომ საძირკვლის ამოღებისას სახლები ირყევა, რადგან მძიმე ტექნიკა მუშაობს.

იმელთან დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებენ „საქართველოს გზის“ წარმომადგენერლი მამუკა ბალიაშვილი და ქალაქის ყოფილი მთავარი არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი.

For.ge-სთან საუბარისას გიგა ბათიაშვილი დაინტერესდა, თუკი თაბუკაშვილზე მდებარე 13 სართულიანი შენობის დანგრევა შეიძლებოდა, მაშინ ამ ისტორიულ უბანში 35 სართულიანის აშენება რამდენად გამართლებულია?!

მისთვის, როგორც თბილისელისთვის, დედაქალაქში ერთ-ერთი უძვირფასესია მთაწმინდა. ამიტომ, მთაწმინდის კალთის ქვედა ნაწილში გრანდიოზული არაფერი არ უნდა აშენდეს, რაც შეეჯიბრება მთაწმინდას თავისი ზომით და დაუკარგავს მას მასშტაბს, რადგან მთაწმინდა უწმინდესია და ტყუილად არ ჰქვია მას მთაწმინდა.

„ინვესტორი ამ საკითხში ყველაზე ნაკლებადაა დამნაშვე. დამნაშავეა ის, ვინც უფლებას აძლევს ინვესტორს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ქალაქისთვის სასარგებლო არ არის. მამა დავითის მთის კალთის ერთ ნაწილს კომპოზიციურად ამთავრებს „ივერია“, ანუ დღევანდელი „რედისონი“. ეს სუფთა მხატვრულ-პროფესიონალური საკითხია და იქ სხვა გრანდიოზული ნაგებობის წამოჭიმვა დაუშვებელია. შესაძლოა, 10 მეტრში ამის გაკეთება შეიძლებოდეს, ას მეტრში კი - კატეგორიულად დაუშვებელი. ამიტომ ამას პროფესიული განხილვა სჭირდება“, - მიიჩნევს გიგა ბათიაშვილი და აინტერესებს დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც „იმელის“ მიმდებარედ დაიწყო მშენებლობა.

მისი თქმით, ერთია მორალური საკითხი, რაც მთაწმინდის განუმეორებლობას უკავშირდება და მეორეა, ამ მშენებლობის ტექნიკური გავლენა მახლობლად მდებარე ნაგებობებისთვის.

მამუკა ბალიაშვილი ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ 2007 წლიდან იმელის შენობასთან გაუმართლებელი მეთოდებით ბრძოლა მიმდინარეობს. მეტიც, გოკა გაბაშვილის 2007 წლის 10 ივნისის N 3154-ე ბრძანებით, იმელის შენობა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს. ამის პარალელურად კი მერიამ დაანგრია თაბუკაშვილზე მდებარე 13-სართულიანი შენობა იმ მიზეზით, რომ მაღალი განაშენიანების მქონე ნაგებობა ამ უბანში არ შეიძლებოდა.

თუმცა, მალე ამის საპირისპირო შედეგი მივიღეთ, როდესაც ჯერ „კემპინსკიზე“ იყო საუბარი, რომელიც თურმე იმელის რეკონსტრუქციას მოახდენდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ „კემპინსკი“ თვითონ არ შემოდიოდა, მენეჯმენტს განახორციელებდა და სასტუმროს ქართველები ააშენებდნენ. მოგვიანებით კი, გიგი უგულავამ განახორციელა მისი პრეზენტაცია და წარადგინა არაბი შეიხი, რომელიც ინვესტიციას განახორციელებდა. 10 აგვისტოს გაიცა მშენებლობის ნებართვა, ოქტომბრის თვეში კი არაბების მიერ დაიწყო ამ ცათამბჯენის მშენებლობა.

„ამ ტიპის მშენებლობები შეიძლება განხორციელდეს დიღომსა და ქალაქის სხვა პერიფერიულ ნაწილებში და არამც და არამც ისტორიულ უბანში. კულტურის მინისტრთანაც გვექნება კონსულტაციები, რათა იმელის შენობას 2007 წელს გაუმართლებლად ჩამორთმეული სტატუსი დაუბრუნდეს. ამასთან, ვაყალიბებთ მოძრაობას ისტორიული თბილისის გადასარჩენად“, - აცხადებს მამუკა ბალიაშვილი.

მისი თქმით, თუნდაც მარტო თაბუკაშვილის ქუჩაზე ბევრი ისტორიული და პრობლემური სახლია, მათ შორის, არის უკანონო დაშენებებიც და საჭირო იქნება რაღაც ჯგუფის შექმნა, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს, რათა ძეგლები არ დაინგრეს.

ამასთან, მამუკა ბალიაშვილი ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას ლეგიტიმურს უწოდებს, რადგან ამ ადამიანების სახლებს საფრთხე ემუქრებათ. მისი თქმით, სახიფათოა „ივერიის“ მოპირდაპირე მხარეს, იმელის შენობის გვერდით მდებარე სახლი, რომელსაც ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. ამიტომ ამ ფორმით მშენებლობის დაწყება გაუმართლებელი იყო.

ამდენად, მისი აზრით, უნდა შეჩერდეს მშენებლობა, მით უფრო, რომ იგი მთლიანად ამახიჯნებს უბანს.

შეგახსენებთ, 2012 წლის საპარალმენტო არჩევნების შემდეგ იმელის შენობის უკან ახალი შენობის აშენების ნებართვა თბილისის მერიამ გასცა. მშენებლობას არაბი ინვესტორი აბდულა იბნ ალ ნათანიანი აწარმოებს.