„ზელენსკისა და ოლიგარქებს შორის დაიწყო სერიოზული პოლიტიკური ომი

„ზელენსკისა და ოლიგარქებს შორის დაიწყო სერიოზული პოლიტიკური ომი"

2 დეკემბერს უკრაინაში საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის გადადგომას ითხოვდნენ. უნდა აღნიშნოს, რომ ამ აქციამდე, რამდენიმე დღით ადრე ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, რაშიც უშუალოდ კრემლს ადანაშაულებდა.

ისიც ვიცით, რომ ბოლო პერიოდში ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა. ამასთან ერთად, ვისმენთ მოსკოვის მუქარას - რეალურად, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ღიად აფრთხილებს კიევს. მისი თქმით, თუ უკრაინას ურთიერთობების დალაგება გამოუვა, ვითარება „წითელი ხაზების“ გაჩენამდე არ მივა.

„საქმე ჯარების შეყვანა - არშეყვანაში, ბრძოლასა და უბრძოლველობაში არ არის, არამედ საქმე ეხება ურთიერთობების გაუმჯობესებას - უფრო სამართლიანი მდგრადი განვითარების შექმნას და საერთაშორისო აქტივობებში ყველა მონაწილის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას. აი, თუკი აქეთკენ იქნება ჭეშმარიტი სწრაფვა, არავინ არავითარ საფრთხეებს არ განიცდის. თუკი უკრაინის ტერიტორიაზე წარმოიქმნება რაღაც დარტყმითი კომპლექსები, მოსკოვამდე მოღწევის დროით 7-10, ხოლო ჰიპერხმოვანი იარაღით 5 წუთი, ჩვენ რა ვქნათ? მაშინ ჩვენ ვალდებული ვიქნებით რაღაც მსგავსი შევქმნათ მათთან მიმართებით, ვინც ჩვენ ასე გვემუქრება. წარმოგიდგენიათ? ჩვენ კი ამის გაკეთება უკვე ახლა შეგვიძლია. ჩვენ ახლა წარმატებით გამოვცადეთ და წლის დასაწყისიდან შეიარაღებაში გვექნება ახალი რაკეტები, რომელთა ფრენის დრო ასევე ხუთი წუთი იქნება მათთვის, ვინც ბრძანებებს გასცემს. აი, ეს, ასეთი საფრთხეების შექმნა ჩვენთვის არის „წითელი ხაზები“. ვიმედოვნებ, აქამდე საქმე არ მივა. ვიმედოვნებ, რომ საღი აზრის გრძნობა და საკუთარი ქვეყნისა და მსოფლიო საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობა მაინც გადაწონის“, - განაცხადა პუტინმა.

კიევში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა. საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო ზელენსკის გადაყენება, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება და ასევე ახალი კოალიციის შექმნა.

საქართველოს საგარემო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი ზოგადად არ გამორიცხავს, რუსეთის ჩარევას უკრაინის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. თუმცა, ამასთან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ამის ვარაუდის საფუძველი არ აქვს.

„რუსეთის ჩარევის გამორიცხვა რომელიმე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს საქმეებში არასდროს შეიძლება. იმის მტკიცება, რომ რუსეთი არ ჩაერევა უკრაინის საქმეებში, არ იქნებოდა სწორი, თუმცა, დღეს მე საფუძველი არ მაქვს ასე ვამტკიცო. ბატონი ზელენსკი რადგან ამას ამბობს, ალბათ, სათანადო მიზეზი აქვს.

უკრაინასა და რუსეთს შორის სიტუაცია რომ ძალიან დაიძაბა, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ის, რომ რუსეთი ყირიმის და დონბასის მაგალითზე შეეცდება გამოიყენოს არა მხოლოდ პირდაპირი სამხედრო აგრესია, არამედ შიდა დესტაბილიზაცია, რომლის ინტრუმენტები მას, როგორც ეტყობა, გააჩნია, ესეც ფაქტია, თუმცა, ის ჯერ კიდევ არაფერს ამტკიცებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ასეთი საფრთხე ნამდვილად დიდია.

რუსეთი, რომელსაც გააჩნია ყირიმში და დონბასში სიტუაციის დესტაბილიზაციის გამოცდილება, როდესაც შიდა პროცესები ჩართეს საქმეში და შემდგომ, გარეთა ინტერვენცია იქნა გამოყენებული, ასეთი გამოცდილების მქონე რუსეთი, რა თქმა უნდა, გასაგები იქნება თუ ასეთ გზას მიმართავს კიევის ხელისუფლების წინააღმდეგაც. თანაც, იგი ასე მწვავედ არის დაპირისპირებული“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.

ექსპერტი სამხერდრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ანალიტიკური ეჭვის საფუძველზე, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებში სწორედაც კრემლის ხელი ჩანს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უშუალოდ უკრიანაში ოლიგარქებსა და ზელენსკის შორის სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირება არსებობს.

„გასაგებია ზელენსკის დაპირისპირება ოლიგარქებთან, რომლებიც არიან ყველაზე მსხვილი ოლიგარქები უკრაინაში. გუშინდელი გამოსვლებიც, ვფიქრობ, რომ ამის გამოძახილია, - ზელენსკისა და ოლიგარქებს შორის დაიწყო სერიოზული პოლიტიკური ომი. ამ ოლიგარქებს გააჩნიათ საკუთარი ინტერესები რუსეთში.

იმის ფონზე, როგორც რუსეთი იმუქრება, იძლევა იმის ინდიკაციას, რომ ამის უკან დგას კრემლი. ზელენსკის გუნდიდან მიდის გადმობირება გავლენიანი პირების. მეორე მხრივ კრემლის კვალი იკვეთება, - რუსეთის მუქარა და გამოსვლები, ამასთან, ზელენსკის განცხადება სახელმწიფოს გადატრიალების შესახებ დაემთხვა ერთმანეთს. რამდენად არის ეს წმინდა შიდა პოლიტიკური და იმართებიან თუ არა ოლიგარქები კრემლიდან - ეს ორი სცენარი შეიძლება გამოვყოთ. ანალიტიკური ეჭვის საფუძველზე მგონია, რომ ამის უკან კრემლი დგას, განსაკუთრებით ოლიგარქებთან მიმართებაში“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან.