შესაძლოა, ბეჭდების მბრძანებელი ტელეეკრანებზე ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში გვეხილა — მანამ, სანამ პიტერ ჯექსონი ტოლკინის შედევრის მიხედვით გადაღებულ ლეგენდარულ ტრილოგიას შემოგვთავაზებდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, ტოლკინს ცნობილი ჯგუფის, The Beatles-ისთვის ფილმის გადაღების უფლება რომ მიეცა.
ამის შესახებ ბეჭდების მბრძანებლის რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა ისაუბრა, რომელმაც ჯგუფის შესახებ დოკუმენტური სერიალი Get Back-იც გადაიღო. პიტერ ჯექსონმა თქვა, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას პოლ მაკარტნისა და რინგო სტარისგან ცდილობდა.
მისი თქმით, 1968 წელს ჯგუფის წევრებმა ბეჭდების მბრძანებელზე მუშაობის სურვილი გამოთქვეს. ჯექსონის მიხედვით, იდეა თავდაპირველად Apple-ის პროდიუსერ დენის ოდელს გაუჩნდა. მან ჯგუფის წევრებს წიგნები გაუგზავნა მაშინ, როდესაც ისინი ინდოეთს სტუმრობდნენ. როცა იდეის განხორციელებაზე მიდგა საქმე, ჯგუფმა ტოლკინისგან საავტორო უფლებები ვერ მოიპოვა.
"ტოლკინისგან ფილმის გადაღების უფლება ვერ მიიღეს, რადგან მას არ სურდა, პოპ-ჯგუფს მისი ისტორიის მიხედვით ფილმი შეექმნა... ორი აზრი არ არსებობს: 1968 წლის დასაწყისში, გარკვეული დროის განმავლობაში ამას მართლაც გეგმავდნენ", — ამბობს ჯექსონი.
დაუდასტურებელი ინფორმაციის მიხედვით, ფილმის გადაღების შემთხვევაში პოლი ფროდოს ითამაშებდა, ჯონ ლენონი — გოლუმს, ჯორჯ ჰარისონი — გენდალფს, რინგო კი — სემს. როგორც ცნობილია, ჯგუფს უნდოდა, ფილმზე სტენლი კუბრიკს ემუშავა. ჯექსონის თქმით, ეს უკანასკნელი დეტალი პოლ მაკარტნის ვერ დაადასტურებინა.
შეუმდგარი პროექტიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ ბეჭდების მბრძანებელი პიტერ ჯექსონმა გააცოცხლა და ის დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ტრილოგიად რჩება.
"პოლმა თქვა: მიხარია, რომ ფილმი ვერ გადავიღეთ, რადგან შემდეგ შენ გადაიღე და შენი ფილმი ძალიან მომწონს'. მე ვუპასუხე: 'ცუდია, რომ თქვენ არ გადაიღეთ, რადგან მიუზიკლი გამოვიდოდა", — ამბობს პიტერ ჯექსონი.