Netflix ფილმს იღებს ბებოზე, რომელმაც მადლიერების დღეს შვილიშვილის ნაცვლად შეცდომით უცნობი მიიწვია

Netflix ფილმს იღებს ბებოზე, რომელმაც მადლიერების დღეს შვილიშვილის ნაცვლად შეცდომით უცნობი მიიწვია

არიზონაში მცხოვრებმა ბებომ 6 წლის წინ მადლიერების დღესასწაულზე შვილიშვილის ნაცვლად უცხო ბიჭი მიიწვია. ქალმა, სახელად ვანდამ ჯამალს შეცდომით ის შეტყობინება გაუგზავნა, რომელიც თავისი 24 წლის შვილიშვილისთვის იყო განკუთვნილი და რომლითაც მას მადლიერების დღესასწაულზე იწვევდა. იმის გამო, რომ ვანდას შვილიშვილს ტელეფონის ნომერი შეცვლილი ჰქონდა, შეტყობინება ჯამალს მიუვიდა, რომელიც მაშინ 17 წლის იყო.

თავდაპირველი დაბნეულობა იმით დასრულდა, რომ ვანდამ და ჯამალმა სელფები გაცვალეს და შეცდომის არსშიც მარტივად გაერკვნენ. თუმცა ამის შემდეგ ჯამალმა იკითხა, ისევ შეეძლო თუ არა სადილად მისვლა. "რა თქმა უნდა, შეგიძლია. ბებიები სწორედაც რომ ყველას გემრიელ ვახშამზე ზრუნავენ", — ასეთი იყო ვანდას პასუხი. ამ დღის შემდეგ 6 წელი გავიდა და მათ მადლიერების დღესასწაულის ერთად აღნიშვნა ტრადიციად ექცათ: გასულ წელს ჯამალმა ვანდას ოჯახს თავისი შეყვარებულიც კი გააცნო.

ამ საოცარმა ისტორიამ ინტერნეტის გული მალევე მოიგო და, როგორც ჩანს, ნეტფლიქსის ყურადღებაც მიიპყრო. მალე ნეტფლიქსი 6-წლიანი მეგობრობის ისტორიის შესახებ ახალ ფილმს გადაიღებს, რომელშიც ეს უსაყვარლესი ამბავი გაცოცხლდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის სახელი The Thanksgiving Text (მადლიერების დღის შეტყობინება) იქნება.

ფილმის გადაღების ამბავმა თავად ვანდა და ჯამალიც გაახარა:

"ჩვენი ისტორიის მსოფლიოსთვის გაზიარება ძალიან გვახარებს. იმედი გვაქვს, რომ ის წაახალისებს სხვა ადამიანებს, რომ დაუმეგობრდნენ მათ, ვისთანაც ჩვეულებრივ ურთიერთობა ვერ ექნებოდათ. ძალიან იღბლიანები ვართ, რომ ღმერთმა შეცდომით გაგზავნილი შეტყობინების დახმარებით გულწრფელი მეგობრობა გვაჩუქა", — ამბობს ვანდა.

ვანდა და ჯამალი ამ მშვენიერ ტრადიციას კიდევ დიდხანს გააგრძელებენ. ჩვენ კი ამ საყვარელი ისტორიით ტკბობა ნეტფლიქსის ახალი ფილმით ნებისმიერ დროს შეგვეძლება.