„საშობაო ტახივითაა, რომელ შიმშილობაზეა საუბარი!“

„საშობაო ტახივითაა, რომელ შიმშილობაზეა საუბარი!“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც სასამართლო პროცესზე ერთ საათიანი სიტყვით გამოვიდა, კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალში დააბრუნეს. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა და მისი თანამოაზრეები შფოთავდნენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. სწორედ ეს გახდა მისი გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანის მიზეზიც.

თუმცა, 50 დღე ნაშიმშილარმა ექს-პრეზიდენტმა შეუძლებელი შეძლო და ის ერთი საათი და 20 წუთი ფეხზე მდგომი შეუჩერებლად ორატორობდა. გაჩნდა ლოგიკური კითხვა, მისი შიმშილობა რეალობა იყო თუ არა და ამის ფონზე უნდა მოხდეს თუ არა მისი დაბრუნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?

ამ კითხვით ანალიტიკოსებს მივმართეთ. მათი ნაწილი თანხმდება, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ფეიკი იყო და ეს სასამართლო პროცესზეც დამტკიცდა. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა დაბრუნდეს თუ არა, ეს სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ. ბუნებრივია, თუ ადამიანი ჯანმრთელია მუდმივად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვერ იქნება. არსებობს შესაბამისი დაწესებულება და იქ უნდა იყოს. რამდენად შიმშილობდა და რამდენად არ შიმშილობდა, არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, მაგრამ ის კადრები რაც ვნახე, როდესაც გლდანის ციხეში გადაჰყავდათ, საკმაოდ ენერგიულად იყო. ცხადია, მას ჯანმრთელობას ვუსურვებ, თუმცა, ის, რომ ცნობილი ფეიკმეიკერია, ეს ყველამ კარგად ვიცით. მისი და მისი თანამოაზრეების მხრიდან სიცრუის ტირაჟირება არ მთავრდება. ახლა მოიგონეს, რომ მისი ფანჯრების დაბლა რაღაც მანქანა დგას, თურმე სააკაშვილს ასხივებს და ნელა-ნელა კლავს. არაერთხელ ვთქვი, რომ ასეთი ტყულიები ისევ სააკაშვილს უქმნის საბოლოოდ პრობლემებს. რაც უფრო ბევრჯერ მოიტყუებიან, საზოგადოებაში მით უფრო დაკარგავს სააკაშვილი სიმპათიას. შიმშილობა გვერდით, რომ გადავდოთ, სიტყვის გამოსვლისას ერთი სიტყვა არ უთქვია, რომ ნანობს. ასეთ ამორალურ ადამიანს ვერც ექნება რაიმე წუხილი იმ დანაშაულებებზე. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა მისი რეალური სახე. ეს არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების იქით არავინ და არაფერი არ ადარდებს“, - განუცხადა for.ge-ს პოლიტიკურმა ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა.

ნიკოლოზ მეტრეველის მსგავსად ექს-პრეზიდენტს ტყუილში ამხელს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე.

„მისი შიმშილობა აბსოლუტრად ფეიკი იყო. აქედან გამომდინარე, ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს და ის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა დაბრუნდეს, სადაც სასჯელს სხვა ადამიანებიც იხდიან. სააკაშვილი სხვა პატიმრებისგან რით განსხვავდება? პრეზიდენტი რომ იყო, ეს არაფერს ნიშნავს. ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს. თითქოს სააკაშვილი შიმშილობდა, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. როგორც გურიაში იტყვიან - საშობაო ტახივითაა, რომელ შიმშილობაზეა საუბარი“, - გვითხრა ანალიტიკოსმა.

განსხვავებული პოზიცია აქვს ანალიტიკოს დავით ნებიერიძეს. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი თითიდან გამოწოვილია და  აღნიშნული საკითხით მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ სააკაშვილი გატეხონ.

„აღნიშნული თემა თითიდან გამოწოვილია და მეტი არაფერი. მისი გორის ჰოსპიტალიდან ციხეში გადაყვანა-არგადაყვანის საკითხს მხოლოდ ექიმები გადაწყვეტენ. პროვოკატორი ხელისუფლების ხელში, რომელსაც მორალის ჩარჩოები არ გააჩნია და პრეზიდენტის ციხის პირად კადრებს უკანონოდ ავრცელებს, ეს შესაძლებელია? მიხეილ სააკაშვილს 50 დღე რომ არ ეშიმშილა და მას ერთი ნატეხი პური ჩაედო პირში, ამ კადრებს ხომ ყველა მედიასაშუალება გააშუქებდა და ყველას აჩვენებდნენ, რომ პრეზიდენტი ჭამს. მაგრამ, ასეთი კადრები რომ არ აქვთ, ზუსტად ეს ადასტურებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლა შიმშილობდა. ვისაც ასეთი კითხვები აწუხებს, მათი ინტერესია, რომ ყოფილი პრეზიდენტი კვლავ დაამცირონ და გატეხონ. ყოველ შემთხვევაში, რომ ვერ ტეხავენ, ცდილობენ შექმნა ისეთი საინფორმაციო სივრცე, რომ მათ ვირტუალურ რეალობაში წარმოადგინონ პრეზიდენტი გატეხილად“, - გვითხრა დავით ნებიერიძემ.

შეგახსენებთ, 29 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იყო, სადაც მას სიტყვით გამოსვლის უფლება მისცეს. ექსპრეზიდენტმა ერთ საათიან გამოსვლაში რამდენიმე თემას დაუთმო, თუმცა არცერთ საკითხში თავს დამნაშავედ არ თვლის.