„ჟანრის ბესტსელერი“ თუ ხუბუას რეაბილიტაციის მცდელობა?

„ჟანრის ბესტსელერი“ თუ ხუბუას რეაბილიტაციის მცდელობა?

მე-9 არხის 21 აპრილის გადაცემაში „გრიფის გარეშე“ ერთი სიუჟეტი დაეთმო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, გიორგი ხუბუას და ჟურნალისტმა, სხვათა შორის, ისიც თქვა - შეიძლება სააკაშვილის მთავრობასთან ხუბუას დაპირისპირება ჟანრის ბესტსელერად იქცესო.

თავისთავად ჩვენ ცუდს ვერაფერს ვხედავთ იმაში, რომ ხუბუამ ხმა ამოიღოს და ილაპარაკოს იმ დანაშაულობებზე, რომლებიც ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა ზოგადად საგანმანათლებლო სფეროში და, კერძოდ, უნივერსიტეტის მიმართ. უფრო მეტიც, ამ საქმეში ხუბუას წახალისებაც კი შეიძლება. რეჟიმის ჩაძირვისას მისი ბუნების ადამიანისაგან ეს მოსალოდნელიცაა, ლოგიკურიც და ობიექტურ გარემოებათა გამო შეიძლება ერთი შეხედვით წარმოუდგენელი შედეგიც კი მივიღოთ - ხუბუასგან სასარგებლო რამე გამოდნეს.

ჩვენს გაოცებას სულ სხვა რამ იწვევს...

იმის ნაცვლად, რომ დღეს უნივერსიტეტის დამაქცევარი ხუბუას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იდგეს:

უნივერსიტეტიდან კონკურსის საფუძველზე გაშვებულ ხუბუას უნივერსიტეტის სრულ პროფესორად აბრუნებენ;

უნივერსიტეტის დღევანდელი ხელმძღვანელობა ხუბუას ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტს უხსნის და ამ ინსტიტუტის გახსნას მთავრობის წევრებიც, - ბ-ნები ხადური და ნარმანია, - ესწრებიან;

ხუბუას დაცვას განაგრძობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი და უნივერსიტეტის პროფესორი, ქ-ნი გუგული მაღრაძე, რომელიც ხუბუას რექტორობიდან გათავისუფლების დროს მას, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ლამის საფლავში ჩაჰყვა და სხვ.

ესა და ზოგიერთი სხვა გარემოება გვაიძულებს „გულმავიწყთა“ საყურადღებოდ დავსვათ კითხვა: ვინ არის სინამდვილეში გიორგი ხუბუა?

პირი, რომლის ხელითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ავადსახსენელმა კახა ლომაიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს ქვეყნის უპირველეს სასწავლო-საგანმანათლებლო კერას;

პირი, რომელმაც ერთი ბრძანებით მოსპო უნივერსიტეტის სამეცნიერო სექტორი, ასობით დამსახურებული თანამშრომელი ქუჩაში გაყარა და ამით ისინი ფაქტობრივად შიმშილისათვის გაწირა;

პირი, რომლის სინდისსაც აწევს უნივერსიტეტიდან მის მიერ გაძევებული არაერთი მეცნიერის სიკვდილი;

პირი, რომელმაც პოლიციას ფაშისტური მეთოდებით დაასჯევინა უნივერსიტეტის პროფესურა, მათ შორის, მანდილოსნები და ასაკოვანი პროფესორები;

პირი, რომელმაც თვალსაჩინო ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები სააკაშვილის „ჯიბის სასამართლოს“ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლებინა;

პირი, რომელმაც საკუთარი ნათესავებით, მეგობრებითა და მეზობლებით აავსო უნივერსიტეტი;

პირი, რომელმაც მეცნიერებათა აკადემიის სისტემიდან სამართლის ინსტიტუტის გაყვანით სათავე დაუდო ეროვნული აკადემიის რღვევას და ა. შ.

ხუბუას რექტორობის პერიოდი ასოცირდება საუნივერსიტეტო სივრცეში ძალადობის, უმეცრების, უპრინციპობის მოძალებასთან, პარტიული ერთგულების ნიშნით კადრების შერჩევასთან, სწავლების დონის დაცემასთან და საქართველოში უძველესი და სახელოვანი სასწავლებლის პრესტიჟისა და რეპუტაციის განადგურებასთან;

დღეს ხუბუას, როგორც ჩანს, ისევ უნდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში მოსვლა და, რაც მთავარია, შეიძლება მან მხარდამჭერები დღევანდელ ხელისუფლებაში იპოვოს. ამ უკანასკნელთა საყურადღებოდ კი უნდა განვაცხადოთ:

ხუბუას „გათეთრების“ მცდელობაც კი უპერსპექტივო საქმეა, რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების მიუტევებელი შეურაცხყოფაა. ამიტომაც, ხუბუას სავარაუდო მხარდამჭერებს გულწრფელად ვურჩევთ: ნუ გადააყოლებენ ამ უპერსპექტივო საქმეს ნურც თავიანთ სინდისსა და სახელს და ნურც - „ქართული ოცნების“ რეპუტაციას.

რაც შეეხება „ჟანრის ბესტსელერს“, მას ჩვენი საზოგადოება მაშინ ნახავს, როცა უნივერსიტეტში ხუბუას „მოღვაწეობასთან“ დაკავშირებული მასალები გამოქვეყნდება.