"არსებობს საკმაოდ არგუმენტირებული და არა ერთი ქართველის მიერ გაზიარებული მოსაზრება, რომ მოსამართლეს არ უნდა მიეცა გუშინდელი საათნახევრიანი უტიფარი, ღრმად შეურაცხმყოფელი ყბედობის შესაძლებლობა სააკაშვილისთვის; მართლაცდა:
ჯერ ერთი, მისი ეს ვრცელი ბოდვა ბრალდების საპასუხოდ რაიმე არსებითი მნიშვნელობის არც ერთ სამართლებრივ არგუმენტს, საქმესთან დაკავშირებულ რაიმე მტკიცებულებას, იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტზე ანდა გარემოებაზე მითითებას და სხვ. საერთოდაც არ შეიცავდა; მეორე: უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი, რომელსაც არა აქვს რა რაიმე სამართლებრივი კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან, მოკლებულია ამ ქვეყანაში პოლიტიკურ უფლებებს, იმდენადაა გაკადნიერებული, რომ განსაკუთრებულ, საქართველოს სუვერენიტეტის შეურაცხმყოფელ უტიფრობასაც სჩჩადის, როცა იგი სასამართლოს იყენებს ქართველ მოქალაქეთა პოლიტიკურ ნებაზე მძლავრი ზეგავლენის მოსახდენად, ე.ი. საკუთარი ყოვლად უკანონო პოლიტიკური საქმიანობის ისეთ იარაღად, რაც პოლარიზაციის გაღრმავებისა და უარესიც - სამოქალაქო დაპირისპირებების გაღვივებისკენ არის აშკრად მიმართული; მესამეც: მან იმთავითვე მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, როცა თავიდანვე განაცხდა, რომ არ ცნობს არც ქართულ მართლმსაჯულებასა და არც სახელმწიფო ბრალდების (პროკურატურის), ე.ი. სასამართლოში მონაწილე მხარის, რაიმე კომპეტენციას;
ბუნებრივია, ამ სამი უაღრესად წონადი არგუმენტიდან მხოლოდ ერთიც სავსებით საკმარისი იქნებოდა, რათა მოსამართლეს მკაცრად გაეფრთხილებინა რომელიმე სხვა, "ჩვეულებრივი“ ბრალდებული, ხოლო შემდგომ, თუ იგი არ შეწყვეტდა საკუთარ უტიფარ დემაგოგიას, სიტყვაც ჩამოერთვა; მეტიც - საერთოდ გაეძევებინა კიდეც სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან;
მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მისცა შესაძლებლობა სააკაშვილს, ყველაფერი ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, შეუზღუდავად ჩაედინა; ამ შემთხვევაში, პირადად მე, მოსამართლის მიმართ პრეტენზია მაინც არა მაქვს, რადგან სააკაშვილის უტიფრობისათვის სასამართლო პროცესზე „მწვანე შუქის“ ანთება, შესაძლოა, ორი, არანაკლებ წონადი კონტრ-არგუმენტით იქნეს გამართლებული, კერძოდ:
1.ეს სასამართლო, ბრალდებულის უფლებების დაცვის კუთხით განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა: ყველა, ვისაც ეს არ ეზარება, შინაურიცა და გარეულიც, ამ პროცესს გამადიდებელი შუშით აკვირდება და ცხადია, სააკაშვილისათვის სიტყვის შეწყვეტა, იმდენად გაბუქდებოდა, რომ არა მხოოდ ლომჯარიასა და აქაური უფლებადამცველი ასოების ამქარს, არამედ საქართველოს მიმარ არაკეთილმოსურნე არაერთ უცხოელ დაინტერესებულს (ასეთები კი ცოტანი არ არიან) პოლიტიკურ დევნილად მისი შერაცხვა გაუიოლდებოდა;
2.კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლას შეიძლება პირველხარისხოვანი გავლენა ჰქონდეს სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას, ვინაიდან ყველასთვის, შინ თუ გარეთ, ამ გამოსვლით სრულიად მკაფიო გახდა თავად სააკაშვილის პიროვნება, რაც ძალზე არსებითია მოსამართლის მიერ უკვე მსჯავრდებულისათვის სამართლიანი სასჯელის დასანიშნად. სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა გახლდათ პირდაპირი და უტყუარი საბუთი, რამაც როგორც სასამართლო, ისე ქართველი თუ საერთაშორისო საზოგადოებაც უდავოდ უნდა დაარწმუნოს: საქმე გვაქვს გამაოგნებლად უტიფარ ბოროტმოქმედთან - იგი არათუ არ ნანობს და ვერც აცნობიერებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არათუ არ აღიარებს ბრალს, არამედ - თავზარდამცემი ცინიზმით უხვად შეზავებული ურცხვი პოლიტიკური დემაგოგიით ცდილობს ობიექტური რეალობის საპირისპირო აღქმების, თითქოსდა მის მიერ ჩადენილი უმძიმეს ბოროტმოქმედებას კი არა, პირიქით, თურმე - პირადად მის გასაოცარ, საერთაშორისოდ აღიარებულ და დაფასებულ, პოლიტიკურ სიქველეს წარმოადგენდა, შექმნას! ბევრად უარესიც: აშკარაა, მას რომ შესაძლებლობა მიეცეს, კვლავაც და უფრო მძიმე ბოროტმოქმედებას ჩაიდენს; და კიდევ უარესიც: იგი ყოველგვარ ზღვარს გადასული უტიფრობით სასამართლოდანაც, ბრალდებულის სკამიდანაც ისევ მოუწოდებს მძიმე დანაშაულისაკენ - მართლმაჯულებისათვის ხელის შეშლისა და წინააღმდეგობის გაწევისკენ, რათა მისი “ გამათავისუფლებელი“ მოძრაობა საქართველოს პოლიტიკის დღის წესრიგის დამდგენი საბედისწერო პრობლემა გახდეს! მართლაც წარმოუდგენელია!
ვერ მივცემ თავს უფლებას, რაიმე რჩევა მივცე პროკურატურას, მაგრამ არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ქვეყანა ხედავს, რომ პატიმარი სააკაშვილი, დიდი ალბათობით, ახალ მძიმე დანაშაულს არა მხოლოდ ამზადებს, არამედ უკვე სჩადის, რადგან - მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლისა და აქტიური წინააღმდეგობის გაწევისაკენ საჯაროდ, სასამართლო დარბაზიდანაც კი, დაჟინებით მოუწოდებს!
სასამართლო პროცესი - პროცესად. მაგრამ ნუთუ ამ აშკარად დანაშაულებრივ მოწოდებას არ უნდა მიეცეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ბოლოსა და ბოლოს სამართლებრივიც, შეფასება?! როდემდე შეიძლება ამის ატანა"?!