„ხელისუფლებას ვეტერანები არ აინტერესებს, რადგან მათგან მოგებას ვეღარ ნახავს“

„ხელისუფლებას ვეტერანები არ აინტერესებს, რადგან მათგან მოგებას ვეღარ ნახავს“

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გმირთა მოედანზე შიმშილობის აქციას მართავენ. პროტესტი 27 დეკემბერს დაიწყო და სავარაუდოდ, 7 იანვრამდე გაგრძელდება.

„თავისუფალი დემოკრატები“ ვეტერანებისთვის სპეციალური სოციალური დაცვის პროგრამის შემუშავებას მოითხოვს. პარტიის ლიდერები გმირთა მოედანზე მოშიმშილე ვეტერანებს შეხვდნენ და მხარაჭერა გამოუცხადეს.

„მივიჩნევ, რომ ქვეყნის ღირსების საკითხია, ვეტერანები ღირსეულად ცხოვრობდნენ. იმ ადამიანების სოციალური მდგომარეობა, ვინც საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ქვეყანას შეწირა, ღირსეული უნდა იყოს. დღეს არ არსებობს ჯანდაცვიის პროგრამა, რომელიც ამ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს საშუალებას მისცემდა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ეზრუნათ;

გაუქმებულია ერთადერთი სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც ვეტერანებს ემსახურებოდა. ჩვენი ამოცანაა, ვეტერანების სოციალური დაცვის შესახებ სახელმწიფო პროგრამა შეიქმნას და 1995 წელს მიღებული კანონი, რომელიც მასში შეტანილი არაერთი ცვლილების მიუხედავად, ვეტერანებს უუფლებოდ ტოვებს, შეიცვალოს“, - განაცხადა შეხვედრაზე პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, „პარტია ვეტერანების მიერ პროტესტის გამოსახატად არჩეულ შიმშილობის ფორმას არ მიესალმება, რადგან ეს მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, თუმცა ესმის, რომ ვეტერანები იძულებულნი არიან, ასეთი ნაბიჯი გადადგან“.

ამასთან, ალასანიამ საზოგადოებას ვეტერანთა უფლებების დაცვის მიზნით გააქტიურებისკენ მოუწოდა.

გმირთა მოედანზე მოშიმშილე ვეტერანებს ასევე პარტიის „ჩვენ თვითონ“ წარმომადგენლები შეხვდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილე ვეტერანები კერძოდ, ლევან გაბრიჩიძემ, ლევან გეგეშიძემ და ვალერი ჭელიძემ მოინახულეს.

როგოც „პირWელს“ ლევან გეგეშიძემ განუცხადა, „იმ ადამიანების სოციალური უზრუნველყოფა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდნენ, თითქმის არ არსებობს“.

„მათ ფულადი კომპენსაციები გაუუქმდათ, არ გააჩნიათ სოციალური დაცვის პაკეტი, ვეღარ სარგებლობენ კომუნალური გადასახადების მხრივ დაწესებული დახმარებით, ხოლო სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ამ ადამიანების დასაქმებას უზრუნველყოფდა, დღემდე არ გვაქვს“, - აღნიშნა მან.

პარტია „ჩვენ თვითონ“ ხელისუფლებას მიმართავს მოთხოვნით, 1990-იანი წლების ომის ვეტერანების მიმართ სათანადო ყურადღება გამოიჩინოს და უახლოეს პერიოდში ინიცირება გაუწიოს საკანონმდებლო პაკეტს, რომელშიც ვეტერანთა ყველა სოციალური მოთხოვნა იქნება ასახული.

ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, „საქართველოს ხელისუფლებას არ აინტერესებს ადამიანები, ვისგანაც მოგებას ვერ ნახულობს“.

ამის შესახებ სესიაშვილმა „პირWელს“ ვეტერანების შიმშილობის აქციის კომენტირებისას განუცხადა და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართულ ჯარს საკუთარი მოსახლეობის მხრიდან მთელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ნდობა აქვსო“. ზოგადად, მსოფლიოში სამხედრო მოსამსახურეების მიმართ დამოკიდებულება იმის მიხედვით განისაზღვრება, რამდენად ითვალისწინებს სახელმწიფო ვეტერანების ღვაწლს.

ჩვენს ხელისუფლებას რა დამოკიდებულება აქვს ვეტერანი მეომრების მიმართ, ყველა კარგად ვხედავთ. სამწუხაროა, მაგრამ ხელისუფლება მხოლოდ 2003 წლის შემდგომ არსებულ სიტუაციასა და ადამიანებს სცნობს, მათ შორის - სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო ის, ვინც 2003 წლამდე იბრძოდა და ქვეყანას უანგაროდ ემსახურებოდა, არ აინტერესებს.

ჩემი მეგობარი, ბატონი ლადო პაპავა ამბობს, სახელმწიფო კერძო ფირმა არ არისო, ჩვენი ხელისუფლება კი სწორედაც რომ კერძო ფირმაა, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული და თუ ვინმესგან მოგებას ღებულობს, მას ადექვატურ საფასურს უხდის.

ვეტერანებმა ქვეყანას თავისი ჯანი და ღონე რომ შეალიეს და ეს ხელისუფლებას არ აინტერესებს, რადგან დღეს ამ ადამიანებისგან მოგებას ვერ მიიღებს“, - განაცხადა სესიაშვილმა და დასძინა, რომ „ხელისუფლებას ურჩევნია, ფული იმ ძალებში ჩადოს, რომლებიც მას ძალაუფლებას შეუნარჩუნებენ“.