თბილისს ნამდვილი ბორის ბერეზოვსკი ეწვია

თბილისს ნამდვილი ბორის ბერეზოვსკი ეწვია

თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფესტივალ "საახალწლო მუსიკალური შეხვედრების" ფარგლებში ბორის ბერეზოვსკის კონცერტი გაიმართება. XIII საერთაშორისო ფესტივალი 15-30 დეკემბერს ტარდება. “საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებზე“ თავს მოიყრიან სახელგანთქმული მუსიკოსები და საზღვარგარეთ მცხოვრები წარმატებული ქართველი შემსრულებელები.

 

ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ დაარსდა 1997 წელს. იგი ყოველწლიურად იმართება კონსერვატორიის დიდ დარბაზში, დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება. 12 წლის მანძილზე “საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებში“ მონაწილეობა მიიღო გია ყანჩელმა, დიმიტრი ბაშკიროვმა, ელენე ობრაზცოვამ, ალექსანდრე კორსანტიამ, ლიანა ისაკაძემ, ლევ მარკიზმა, ვლადიმერ სპოვაკოვმა, პაატა ბურჭულაძემ, იანო ალიბეგაშვილმა, ლიზა ლეონსკაიამ, ოლეგ მაიზენბერგმა, ჟერარ პულემ, ფრანსუა ლოლომ, ლეონიდ ჩიჟიკმა, ბილი კობემმა, სიმებიანმა კვარტეტმა “იზაი“, ევროკავშირის კამერულმა ორკესტრმა და სხვებმა...

 

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი ფესტივალი ტრადიციულად მრავალფეროვანია და ყველა გემოვნების მსმენელზეა გათვლილი; 6 კონცერტის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საოპერო მუსიკა, კლასიკური გიტარა, საფორტეპიანო მუსიკა, ფოლკლორი; ქართველი მელომანები შეხვდებიან მსოფლიოში აღიარებულ ისეთ შემსრულებელებს როგორიცაა: ხატია ბუნიათიშვილი, ბორის ბერეზოვსკი, ალექსანდრე კორსანტია; ტრადიციულად ფესტივალზე ერთი კონცერტი ეთმობა ფოლკლორს - ფესტივალს გახსნის ანსამბლი “ბასიანი“; ასევე გაიმართება კლასიკური გიტარის საღამო ანდრაშ ჩაკის მონაწილეობით.

 

ერთი საღამო დაეთმობა პიანისტთა თბილისის V საერთაშორისო კონკურსის ლაურეატებს. საოპერო მუსიკის კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო დანიელა პინი, ტენორი იანგ იანგი, თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით.