რუსეთმა უკრაინის საზღვართან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა, რომელიც იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში შეტევისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, თავდასხმა, როგორც ჩანს, მოიცავს ავიადარტყმებს, საარტილერიო და სატანკო შეტევებს შემდგომი სადესანტო დარტყმებით აღმოსავლეთში, ოდესაზე და მარიუპოლზე, ასევე მცირე შეჭრას ბელარუსის გავლით. ბუდანოვის თქმით, კრემლი გეგმავს თავდასხმას, რომელიც უნდა გახდეს მეტად მასშტაბური, ვიდრე რუსეთის ნებისმიერი მოქმედება იყო 2014 წელს. რუსეთი ზრდის ჯარის და შეიარაღების რაოდენობას ოკუპირებულ ყირიმში და საზღვარზე მცირე მანძილის „ისკანდერების“ და სხვა შეიარაღების მობილიზებას ახდენს. მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერი მსგავსი თავდასხმა მოჰყვება მხოლოდ სერიულ ფსიქოლოგიურ ოპერაციებს, რომელსაც მოსკოვი უკვე ახორციელებს და რომლის მიზანია უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაცია.
ამ განცხადებების პარალელურად, კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი არ გამორიცხავს პროვოკაციების მცდელობას, რათა გამართლდეს დასავლეთის განცხადებები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. მისი თქმით, ამის გამორიცხვა შეუძლებელია და ფიქრობს, რომ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა ხდება.
„გვაბრალებენ რაღაც უჩვეულო სამხედრო აქტივობას ჩვენ ტერიტორიაზე ისინი, ვინც თავისი შეიარაღებული ძალები ოკეანის გაღმიდან გადმოიყვანა, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები. ეს კი არცთუ ლოგიკურია და არცთუ წესიერი“, - განაცხადა პესკოვმა. მანვე აღნიშნა, რომ კრიზისის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით ექნება ყველაზე სერიოზული შედეგები, რომ უკრაინა, როგორც ჩანს, ცდილობს კიდევ ერთხელ თავისი პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტას მიაღწიოს. საკუთარი თავისთვის და ევროპაში ყველასთვის კიდევ ერთი უბედურების შექმნას.
პესკოვის თქმით, უკრაინა ამის მიღწევას ცდილობს ნატოს წვრთნების, ასევე შავ ზღვაში ნატოს გემების, ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების საფარქვეშ, რომელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთი ამჯერად მიზნის საბოლოოდ შესრულებას შეეცდება.
ვახტანგ მაისაია: პრობლემა მართლაც სერიოზულია. რუსეთის ასიათასიანი დაჯგუფება ყოველ წუთს მზად არის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრას. როგორც ჩანს, რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ყოველგვარ ფორმატებზე ხელი აიღოს, მოახდინოს აქტიური ქმედებების განხორციელება შავი ზღვის აუზში, თანაც უსაფრთხოების კონტექსში. რუსეთი შეეცდება უკრაინა გახადოს თავისი პლაცდარმი ნატოსთან დაპირისპირების მიმართულებით. რუსეთი ნატოსთან უკვე პირდაპირ დაპირისპირებაშია, იმიტომ რომ, რუსეთი და ბელორუსია იყენებენ ჰიბრიდული ომის ელემენტებს პოლონეთის წინააღმდეგ და მალე, ეს შეიძლება, გადავიდეს ლიეტუაზეც. როგორც ჩანს, აქ საუბარია, რომ პუტინი სერიოზულად ცდილობს, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება როგორმე გადააყენოს. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ის შეეცდება დაიკავოს უკრაინის მნიშვნელოვანი რეგიონი ხარკოვი და ზაპოროჟიე, გავიდეს ლუგანსკისა და ე.წ. დონბასის მთლიან ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ და მთლიანად მოწყვიტოს უკრაინა შავი ზღვის სანაპიროს, დაიკავოს მარიუპოლი, ნიკოლაევი, ოდესა და ამით უკრაინას არ მისცეს საშუალება შავი ზღვის აკვატორიაში ჰქონდეს გასვლის უფლება. რა თქმა უნდა, რუსეთის იდეა იქნება ისეთი, რომ ხელი შეუწყოს მეხუთე კოლონის ამოქმედებას კიევში, სამხედრო აგრესიის ფონზე. პუტინი იმედოვნებს, რომ ზელენსკის ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა არ ექნება გარდა იმისა, რომ დანებდეს, ან გადადგეს და მოვიდეს პრორუსული პოლიტიკური ძალა.
ამ საკითხის ვიწრო ჭრილში განხილვა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გამოწვეული კრიზისები, სადაც რუსეთის ხელწერა აშკარაა, რა არის რუსეთის საბოლოო მიზანი, ეს არ შეიძლება მხოლოდ უკრაინას უკავშირდებოდეს...
- საბოლოო მიზანი არის რეჟიმის შეცვლა - ეს არის პუტინის მთავარი ამოცანა. ზელენსკის ხელისუფლება პუტინისთვის არის არაკომფორტული და მიუღებელი. აქ, მარტო უკრაინაზე არ არის საუბარი, ამაში მოიაზრება საქართველოც. თუ უკრაინაში ეს მოხდა, არ არის გამორიცხული საქართველოშიც ანალოგიურ მიმართულებით განვითარდეს სცენარი.
ანუ, შესაძლოა, ამ პროცესებს მიებას საქართველოც?
- დიახ. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ფაქტორმა საქართველო -უკრაინის ურთიერთობა დაძაბა, სააკაშვილის გამო, უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს. უბრალოდ, აქ ერთი ნიუანსია, რომ უკრაინის თანამდებობის პირების და მოქალაქეების არშემოშვება გახდეს პრობლემა და არა უშუალოდ სააკაშვილის ფაქტორი.
ამ პროცესების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აცხადებს, რომ ისინი უკრაინას მარტო არ დატოვებენ, ეს რას ნიშნავს?
- ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ის დაეხმარება პოლონეთს და უკრაინას, რუსული აგრესიის მოგერიებაში - სამხედრო ინსტრუქტორები, შეიარაღება, საერთაშორისო ორგანიზაციებში განგაშის ატეხვა და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია - ამაზეა საუბარი. შესაძლოა ბრიტანეთმა აამოქმეოს „ნატო“-ს მე-5-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება და ამ კუთხით დაეხმარებიან უკრაინას, იმიტომ, რომ „ნატო“-ს კუთხით შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზული პრობლემები, ნატო“-ს ზოგიერთ ქვეყანას, შესაძლოა არ ჰქონდეს იმისი სურვილი, რომ უკრაინის გამო ომში ჩაებან რუსეთთან. არიან ასეთი ნეიტრალური ქვეყნები, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს მაპის სტატუსის მინიჭების უფლება არ მისცეს. ბუქარესტის სამიტზე მაპი არ მოგვცეს მხოლოდ იმის გამო, რომ მაშინ მძვინვარებდა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი, ახალი მომხდარი იყო 7 ნოემბერი და ასეთ ქვეყანას ვინ მისცემდა მაპს? თავად ბუშის ადმინისტრაციამაც დიდად თავი არ გამოიდო. საქართველოს არ მისცეს მაპი სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამო, ეს არის ცხადზე ცხადი. როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, ეს ყინული დაიძრა, საქართველოს მისცეს განსაკუთრებული პაკეტი, გაიხსნა „ნატო“-ს წვრთნისა და აღჭურვის ცენტრი, ევროკავშირმა მოგვცა ასოცირებული წევრის სტატუსი და საქართველოსთან გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. დღეს, ცოტა სხვა სიტუაციაა, რუსეთი არის უფრო აგრესიული და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ერთ კონტექსში უნდა განვიხილოთ.
ბოლო წლების მანძილზე, უკრაინამ საკმაოდ კარგი დახმარება მიიღო სამხედრო აღჭურვილობის თვალსაზრისით, გადაეცა ჯაველინები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, უპილოტო სამხედრო თვითმფრინავები და ასე შემდეგ. როგორია უკრაინის სამხედრო ძალების მდგომარეობა, რამდენად შესწევს უნარი მოიგერიოს რუსული აგრესია?
- რა თქმა უნდა, უკრაინის არმია არ არის ის, რაც იყო 2014 წელს როდესაც რუსეთის დარტყმის ქვეშ მოხვდა. მაშინ უკრაინამ სერიოზული სამხედრო მარცხი განიცადა. მას შემდეგ, რუსეთის არმიამაც საკმაოდ სერიოზული მოდერნიზაცია განახორციელა, მოხდა სერიოზული ცვლილებები და რუსეთი არმია რჩება სერიოზულ მოწყვლადობის შემქმნელად, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმიის პოტენცილი ბევრადაა გაზრდილი. აქვე ემატება რუსეთის მიმართ, უკრაინის გარკვეული მოსახლეობის განსხვავებული მიდგომები, იგივე თუნდაც, მედვედჩუკის რეფორმების მხარდამჭერი პარტია, ეს არის პრორუსული პარტია, რომელმაც აჩვენა, რომ მეორე ადგილზე იყო მმართველი პარტიის მერე და ზელენსკიმ მხოლოდ ის შეძლო, რომ ის გაუშვა შინა პატიმრობაში, მაგრამ მას გააჩნია საკმაოდ სერიოზული მომხრეები, ის უკვე მეორე პარტიად მოიაზრება და ეს უკვე სერიოზული განაცხადია. აქედან გამომდინარე, შიდა სიტუაციაც ცოტა რთულია. ასე რომ, სავარაუდოდ, კრემლი ამასაც ითვალისწინებს და ყველანაირად ცდილობს, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა.
რუსეთი აცხადებს, რომ შავ ზღვაში დაწყებული ნატოს წვრთნების დროს გამოყენებული იქნა სტრატეგიული ავიაცია, რაც რუსეთისთვის სერიოზული გამოწვევაა. ნაწილობრივ, ხელოვნურად ხომ არ ხდება ამ კრიზისის გამოწვევა?
- ის, რომ ეს არ არის მიმართული რუსეთისკენ, მისი გადარწმუნება ძალიან რთულია. კრემლის დღევანდელ ხელისუფლებას აქვს რაღაც მანიაკალური მომენტი, რომ დღეს რუსეთში არსებული რთული ეკონომიკური სიტუაცია გადაიტანონ საგარეო საფრთხეების მომენტებზე.
რუსეთი არ შეიძლება არ აცნობიერებდეს სამომავლო საფრთხეებს, ამ ომმა შესაძლოა დიდი მასშტაბები მიიღოს. რამდენად არის დღეს რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით, ამისთვის მზად?
- უკრაინა საკმაოდ სერიოზული დანაკარგია რუსეთისთვის, აქ საუბარია სარაკეტო ტექნოლოგიებზე, სამხედრო საბჭო და სამხედრო კომპლექტის დაახლოებით 20 პროცენტი უკრაინაში იყო განთავსებული. ამიტომ, ამ 20 პროცენტის უკან დაბრუნება რუსეთისთვის საკმაოდ სერიოზული მომენტია. რუსეთი აპირებს, რომ ხელში ჩაიგდოს ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის რეგიონები, სადაც ასეთი ტიპის ქარხნები და ინფრასტრუქტურა არის განთავსებული. რუსეთისთვის სწორედ ეს რეგიონებია ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი. ამიტომ, რუსეთისთვის ამ ყველაფერს აქვს არა მარტო ეკონომიკური, არამედ დავარქვათ ამას, გეოეკონომიკური მომენტებიც. გარდა იმისა, რომ ამით არ მისცემს ნატოს პლაცდარმს და რუსეთს აქვს იმისი იმედი, რომ მას ესეც ისე გაუვა, როგორც ეს გაუვიდა ყირიმის ოკუპაციისას, არავინ ამაზე პასუხი არ მოსთხოვა.
არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რომლის განხილვაც საერთო კონტექსტში, ალბათ, მნიშვნელოვანია, ეს ეხება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს, რომელიც უკვე ექსპლუატაციისთვის მზად არის, გერმანიამ კი გაზსადენის ლიცენზირების საკითხი შეაჩერა, პარალელურად ევროპა რთულ ენერგეტიკულ კრიზისშია, ამ ფონზე რამდენად წავა ევროპა რუსეთთან კონფრონტაციაზე და ხომ არ არის აღნიშნული გაზსადენი რუსეთისათვის სავაჭრო თემა?
- შეიძლება ეგეც იყოს. არ არის გამორიცხული. ევროპის პოზიცია, ერთიანობის კუთხით, არ არის მყარი, არიან სახელმწიფოები, რომლებიც ერიდებიან რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციას, ამიტომ ეს ძალიან რთული საკითხია.
სამწუხაროდ, ამ ურთულესი საერთაშორისო სიტუაციის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება სრულ ვაკუუმშია და ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი სააკაშვილის ანალიზებზეა აწყობილი, თქვენ როგორც ექსპერტი, რომელიც აცნობიერებს საერთაშორისო გამოწვევებს და საფრთხეებს, რა რჩევას მისცემთ ხელისუფლებას?
- ძალიან რთული დილემის წინაშეა საქართველოს ხელისუფლება. ალბათ, ის კურსი, რაც არის დასავლეთთან მიმართებაში, კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ და გავაძლიეროთ. ასევე, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ავერიდოთ რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის პროვოკაციაზე წამოგებას, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა.