საქართველოდან გატანილი საგანძურის ჩამონათვალი - მესამე ნაწილი

საქართველოდან გატანილი საგანძურის ჩამონათვალი - მესამე ნაწილი

for.ge აგრძელებს საქართველოდან გატანილი სამუზეუმო ექსპონატების ჩამონათვალის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია 2004-2012 წლებში საქართველოდან გატანილი და უკან დაბრუნებული ექსპონატების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. სამინისტროდან მიღებულ 293-გვერდიან დოკუმენტებში ვერ ნახავთ ერთ ფურცელს, რომელიც ეხება უცხოეთიდან დაბრუნებული ექსპონატების შემოტანის კონკრეტულ თარიღს, სპეციალისტების, ან სპეციალური კომისიის დასკვნას ექსპონატების მდგომარეობის შესახებ.

სანამ ჩამონათვალს ბოლომდე არ გამოვაქვეყნებთ და მკითხველს არ გავაცნობთ როგორ, რა დოკუმენტების საფუძველზე დაატარებდნენ ერთი ქვეყნიდან მეორეში ჩვენი ქვეყნის საგანძურს, თავს ვიკავებთ კომენტარებისგან, შეფასებებისგან, მიუხედავად ფორუმებსა და სოციალურ ქსელში ეროვნული მუზეუმის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟისა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისა.

ეს არის რიგით მესამე წერილი. ამჯერად გთავაზობთ 2009 და 2010 წლებში საქართველოდან გატანილი სამუზეუმო ექსპონატების არასრულ ჩამონათვალს:

2009 წელი

კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ცხადაძეს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ 2009 წლის 24 თებერვალს აცნობა, რომ „ეროვნული მუზუემიდან ფრანგულმა მხარემ ითხოვა მხატვარ ვასილი კანდინსკის ორი ნამუშევარი - „სურათი წრით“ და „შავი შტრიხი II“, რომლებიც 2009 წლის 8 აპრილიდან 10 აგვისტომდე პარიზის ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში უნდა გამოეფინათ. ლორთქიფანიძემ ნებართვის გაცემა ითხოვა ეროვნული მუზეუმის რესტავრატორზე ეველინა კარსელზე. სამინისტრომ ნებართვა 3 დღის შემდეგ გასცა, რომელსაც ხელს აწერს მინისტრი ნიკა რურუა.

კანდინსკის ზემოხსენებული ორი ტილოს საქართველოდან გატანის შესახებ ლორთქიფანიძემ სამინისტროს კიდევ ერთხელ 2009 წლის 25 აგვისტოს მიმართა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ამერიკის შეერთებული შტატების მხარემ ითხოვა ორი ექსპონატი. მეორე დღეს რურუამ შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა. იმავე დღეს კი ცხადაძემ ნებართვა გასცა, რომლის მიხედვით ზემოხსენებული ორი ექსპონატი აშშ-ში უნდა გაეტანა ეროვნული მუზეუმის რესტავრატორს ჯონი ახობაძეს. გატანის ვადის გასწვრივ მითითებულია, რომ კანდინსკის ტილოები ნიუ იორკის გუგენჰაიმის მუზეუმში უნდა გამოეფინათ 2009 წლის 8 სექტემბრიდან 2010 წლის 31 იანვრამდე.

2009 წლის 21 სექტემბრითაა დათარიღებული დავით ცხადაძის ბრძანება, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვების გაცემის შესახებ“ და ეხება შემდეგ ექსპონატებს: ბ. რამინაშვილის 2 ფერწერულ ნამუშევარს; ო. ტიმჩენკოს, ჯ. შონიას, ზ. ბაჩანაშვილის, ტ. კანტიძის თითო ნამუშევარს; საავტორო რელიეფს; საავტორო ნამუშევარს და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორულ მუზეუმში დაცული ოქროს ნივთების ნამცეცებს (4 ცალი). 21 სექტემბრს ბრძანების საფუძველზე გარკვეული ექსპონატების საფრანგეთში ერთი თვით გატანის სანებართვო მოწმობა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაკო ჭოღოშვილმა გასცა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ ვახტანგ ლიჩელზე (ნებართვის გაცემის კიდევ ერთ საფუძვლად მითითებულია თსუ-ს ადმინისტრაციის წერილი, რომელიც for.ge-სთვის მოწოდებულ დოკუმენტებს შორის არ არის). გასატანი კულტურული ფასეულობის გასწვრივ მითითებულია - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორულ მუზეუმში დაცული ოქროს ნივთების 3 ნამცეცი და თსუ-ს ექსპედიციის მიერ სოფელ აწყურში მოპოვებული ერთი ოქროს ნამცეცი.

კიდევ ერთ დოკუმენტში - თსუს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი რომან ხარბედია ნიკოლოზ რურუას 2009 წლის 2 ნოემბერს წერს, რომ მის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე (N22/08.1472, 21.05.2009), პარიზში, ლუვრის მუზეუმში გაგზავნილი იყო კოლხეთში მოპოვებული ოქროს ნიმუშების ფრაგმენტები (ხსენებული ნებართვის ასლი ჩვენთვის კულტურის სამინისტროს არ მოუწოდებია for.ge).

„ლუვრში დაგეგმილმა ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, რის საფუძველზეც გადაწყვეტილია ამ სამუშაოთა გაგრძელება. ასევე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ოქროს 4 ნიმუშის ფრაგმენტი უკვე ჩამოტანილია საქართველოში“. რა ექსპერიმენტზეა ლაპარაკი, ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებში აღნიშნული არ არის;

2009 წლის 13 ოქტომბერს დავით ლორთქიფანიძემ ნიკა რურუას მიმართა და სტოქჰოლმში დაგეგმილ გამოფენაზე სახელწოდებით - „მედეა საქართველოდან - აღმოჩენები ანტიკური კოლხეთიდან“ ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან არქეოლოგიური მასალის წარდგენაზე ნებართვის გაცემა სთხოვა. „აღნიშნული ღონისძიება ეძღვნება შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას და არქეოლოგიური ექსპონატების ექსპონირების გარდა ითვალისწინებს საქართველოს პოპულარიზაციას“, - წერს ლორთქიფანიძე. ამ მიმართვის საფუძველზე დავით ცხადაძემ 27 ოქტომბერს ჯერ ბრძანება გასცა, „საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან დროებითი გატანის ნებართვების გაცემის შესახებ“ და იმავე დღეს ხელი მოაწერა სანებართვო მოწმობა N7-073/დ-ს შპს „იუ-არტ“-ზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეროვნული მუზეუმის ექსპონატები საქართველოდან შვედეთში გავიდოდა 2009 წლის 27 ოქტომბერს და უკან დაბრუნდებოდა 2010 წლის 15 მარტს.

კულტურის სამინისტრომ for.ge-ს წარმოუდგინა სტოქჰოლმში დაგეგმილი გამოფენისთვის საქართველოდან გასატანად გამწესებული 151 ექსპონატის ჩამონათვალი. რომელი რამდენ ლარადაა დაზღვეული, ამ დოკუმენტებში მითითებული არ არის. გთავაზობთ რამდენიმე ექსპონატის მონაცემს:

ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული ოქროს საკიდი; ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნით დათარიღებული ვერცხლის მონეტები; ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს ქანდაკება ოქროს სამკაულებით; ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეების აპოლონის ვერცხლის ფიგურა; ოქროს სასაფეთქლეები, ოქროს ყელსაბამები, ოქროს საყურეები, ოქროს დიადემები, ოქროს სამაჯურები, ვერცხლის კოვზები, მინის ჭურჭელი...

„ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ გამოითქვა სურვილი გამოფენას მიემატოს ორი ექსპონატი. გთხოვთ, გასცეთ ნებართვა, დამატებით ორი ექსპონატის ქ. სტოქჰოლმში, ხმელთაშუა ზღვისა და წინა აზიისა ცივილიზაციების მუზეუმში საგამოფენოდ დროებით გატანის შესახებ“, - წერს ლორთქიფანიძე რურუას 2009 წლის 21 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში. „დამატებით ორ ექსპონატზე“ 27 ოქტომბერს დავით ცხადაძემ ხელი მოაწერა ბრძანება N3/167-ს, „საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან დროებით გატანის ნებართვების გაცემის შესახებ“ და იმავე დღეს გასცა სანებართვო მოწმობა N7-074/დ შპს „იუ-არტ“-ზე, რომლითაც 151 ექსპონატს დააწიეს: ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნის II ნახევრის თავსაბურავის სამკაული (ოქროსი) და ამავე პერიოდის ოქროს ყელსაბამი;

2009 წლის 16 ნოემბერს დავით ლორთქიფანიძემ ნიკა რურუას სთხოვა საქართველოდან ჰოლანდიაში თავის ქალის და ქვედა ყბის გატანის ნება დაერთო. 18 ნოემბერს ცხადაძემ ბრძანება გამოსცა, 20-ში სანებართვო მოწმობას ხელი მოაწერა, რომლის მიხედვით ეს ორი ექსპონატი ჰოლანდიაში უნდა ყოფილიყო 2009 წლის 27 ნოემბრიდან 2010 წლის 28 თებერვლამდე. სანებართო მოწმობა დავით ლორთქიფანიძეზეა გაცემული. რამდენად დააზღვიეს თავის ქალა და ქვედა ყბა, მითითებული არ არის;

2010 წელი

„ბატონო ნიკოლოზ, გაცნობებთ, რომ ა.წ. 4 მაისს ესპანეთში, სევილიის არქეოლოგიის მუზეუმში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „არგონავტების ოქრო“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდის კოლექცია. ექსპოზიცია მოიცავს 6 სამარხიდან მოპოვებულ ნივთებს, რომლებიც თარიღდება ძვ.წ. VII-I საუკუნეებით. ესპანეთში გაიგზავნება ეროვნული მუზეუმის 82 ექსპონატი“, - აღნიშნულია ლორთქიფანიძის მიერ 2010 წლის 14 აპრილს ხელმოწერილ წერილში. ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი კულტურის მინისტრს სთხოვს ექსპონატების ქვეყნიდან დროებითი გატანის ნებართვა გასცეს „იუ-არტ“-ის სახელზე.

მეორე დღეს რურუას პირველმა მოადგილე დავით ცხადაძემ ბრძანება გასცა და იმავე დღეს ხელი მოაწერა სანებართვო მოწმობას, რომელშიც აღნიშნულია - „ექსპონატები გადის საქართველოდან დროებით, 2010 წლის 21 აპრილიდან 8 ივლისამდე“. ჩვენთვის მოწოდებულ დოკუმენტებს შორისაა ამ 82 ექსპონატის ჩამონათვალი, რომელთაც ახლავს პატარ-პატარა ფოტოები და თითოეულის გასწვრივ მითითებულია სადაზღვევო თანხა, რომელიც ჯამში შეადგენს 37.626.000.00-სს. ოქროს ამ ექსპონატებს შორისაა:

ყელსაბამი ვერძისთავებიანი საკიდებით; დიადემა ორი რომბისებური ფირფიტით, რომლებზეც გამოსახულია ცხოველთა ბრძოლა; სუდარას სამკაული ვარდულებითა და ვოლუტებიანი ორნამენტით შემკული სამკუთხა საკიდებითა და მილაკებით შედგენილი; საყურე „ბიპირამიდული“ საკიდით, ვარდულათი, ცვარათი; არწივის გამოსახულებიანი ფირფიტები; ზურგშეზნექილი სამაჯურები ლომის თავების, ხბოს თავების და ჯიხვის თავების გამოსახულებებით; სხივანა სასაფეთქლეები; ფირფიტები სფინქსის გამოსახულებით; ჩიტების გამოსახულებებით შემკული გულსაბნევი; იხვის ფორმის ფირფიტები; თავსამკაული შედგენილი მხედრებისა და ჩიტების ფორმის საკიდისგან; სანელსაცხებლე...

დავით ლორთქიფანიძის მიმართვის საფუძველზე დავით ცხადაძის ხელმოწერით 2010 წლის 13 ივლისს შპს „იუ-არტ“-ზე გაიცა სანებართვო მოწმობა იტალიაში, კერძოდ ფლორენციის პიტის სასახლეში გამოფენაზე სამი ექსპონატის (ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის II ნახევრის თიხის ტოლჩა; ამავე პერიოდის თიხის ზიარი ჭურჭელი და ძველი წელთაღრიცხვის V ათასწლეულის თიხის ქილა) წასაღებად. სანებართვო მოწმობაში აღნიშნულია, რომ „ექსპონატები საქართველოდან გადის დროებით, 2010 წლის 15 ივლისიდან 2011 წლის 15 მაისამდე“;

„ა.წ. 31 აგვისტოს გერმანიაში, ქალაქ შპეიერის პფალცის ისტორიის მუზეუმში იხსნება გამოფენა „ამორძალები მითიური მეომრები“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპონატები“, - წერს ლორთქიფანიძე ნიკა რურუას 24 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში და შპს „იუ-არტ“-ზე სანებართვო მოწმობის გაცემას ითხოვს. რურუას პირველმა მოადგილემ 26-ში ბრძანება, ხოლო მეორე დღეს სანებართვო მოწმობა გასცა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ექსპონატების გადის საქართველოდან დროებით, 2010 წლის 31 აგვისტოდან 2011 წლის 28 თებერვლამდე“. ჩამოთვლილია ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ექვსი მოძრავი ძეგლი: ბრინჯაოს მახვილი, სარდიონის მძივები, ბრინჯაოს სამაჯური (ორი ცალი), თიხის ქოცო და თავის ქალა.

ბოლოთქმა - მომდევნო წერილში for.ge შემოგთავაზებთ საქართველოს კულტურის სამინისტროდან მიღებულ 2011-2012 წლების მონაცემებს და ამით დავასრულებთ ჩამონათვალის გამოქვეყნებას.