ეროსი მანჯგალაძის „პირველი ტყუილი“

ეროსი მანჯგალაძის „პირველი ტყუილი“

გაგანია საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში გულშემატკივრები სპორტული მას-მედიის დიდი რაოდენობით განებივრებულები არ გახლდნენ. „ლელო“, „სოვეტსკი სპორტი“ და ყოველკვირეული „ფუტბოლ-ჰოკეი“. ფეხბურთის თაყვანისმცემლებს საჭირო ინფორმაციები ამ სამი გამოცემიდან უნდა მიეღოთ. ეს საკმარისი არ გახლდათ და ე.წ. „ჭორის ინსტიტუტი“ აქტიურად მოქმედებდა. დღეს ინფორმაციის ნაკლებობას აღარ განვიცდით  და ამა თუ იმ მოთამაშის პირად ცხოვრებას ისევე კარგად ვიცნობთ, როგორც ჩვენი ოჯახის წევრებისა ან ახლობლების.

დღევანდელ „სპორტულ მოგონებებში“ რამდენიმე ადრინდელი შემთხვევა უნდა გაგახსენოთ.

ძველი თაობის გულშემატკივრები ხშირად ამტკიცებენ, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი და სპორტული კომენტატორი ეროსი მანჯგალაძე რეპორტაჟების წაყვანისას მსმენელებს „სიურპრიზს“ არაერთხელ უწყობდა და თბილისის „დინამოს“ გატანილ გოლებს თამაშის დასასრულისთვის „ინახავდა“. ფეხბურთის მოყვარულებს კამათი ხშირად მოსვლიათ, ბატონმა ეროსიმ ეს „ოინი“ პირველად როდის გამოიყენა. ცოტა ხნის წინ ხელთ მსახიობის მოგონებები ჩამივარდა და ამ „საიდუმლოს“ ფარდა აეხადა. წერილის პირველი სტუმარი ეროსი მანჯგალაძე იქნება.

„1946 წელს, მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა რადიოკომენტატორს, მოსკოვში მივლინებისას თბილისის „დინამოსა“ და ერთი იქაური გუნდის მთელი მატჩის რეპორტაჟი უნდა წამეყვანა.

დაიწყო შეხვედრა და მალე თბილისელებმა ანგარიშიც გახსნეს. გახსნეს და, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვაუწყე ქართველ რადიომსმენელებს. წარმოვიდგინე მათი დიდი სიხარული - მოსკოვის იმ გუნდის დაჯაბვნა იოლი არ იყო. აი, თბილისელებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს. რაღაც ეშმაკი შემიჩნდა, მოდი ამ ერთ ბურთს „შავი დღისთვის“ შემოვინახავ-მეთქი და მსმენელებს... არაფერი ვაუწყე! პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა. ორი ბურთის უპირატესობა, რა თქმა უნდა, საგრძნობი იყო, მაგრამ რა იცოდნენ ამის შესახებ თბილისში. იქ ხომ ისევ იმ ერთადერთ ბურთს დაჰკანკალებდნენ. ტაიმი დამთავრდა. „ამხანაგო რადიომსმენელებო! ამით ვამთავრებთ პირველი ნახევრის რეპორტაჟს მოსკოვიდან. ანგარიშია 1:0 თბილისელთა სასარგებლოდ“.

და აი, დაიწყო მრავალტანჯული მეორე ტაიმი. სად ჰქონდა ამდენი ენერგია მოსკოვის გუნდს! მალე მან გაქვითა ერთი ბურთი. აქ „ოლიმპიური სიმშვიდე“ გამოვიჩინე და განვაცხადე: „ანგარიშია 1:1. ყველაფერი თავიდან იწყება“. ამასთან ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა და აი მოსკოველმა თავდამსხმელმა მეორე ბურთი გაიტანა. ახლა კი საშინლად შემეცოდნენ თბილისელები. ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ მათ კი ეგონათ, რომ „დინამო“ აგებდა! შემეცოდა და „გამოვიყენე“ კიდეც 40 წუთის წინ „შენახული“ ბურთი. გულწრფელად განვაცხადე: „არა, თბილისელები არ აგებენ. ანგარიში თანაბარია - 2:2“.

ამ ორომტრიალში მეც საშინლად ავღელდი. კიდევ კარგი, რომ თბილისელებმა საოცარი თავშეკავება გამოიჩინეს და არ დაჰყარეს ფარხმალი. მალე მათ მესამე ბურთიც გაიტანეს. ეს უკვე გამარჯვება იყო - 3:2. მატჩიც სწორედ ასეთი ანგარიშით დასრულდა. დიახ, ყველაფერი კარგია, რაც კეთილად დამთავრდება.“

წინა საუკუნის 80-იან წლებში ქართველ გულშემატკივრებს შორის ერთი ისტორია ვრცელდებოდა - კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა ერევანში, „არარატის“ თაყვანისმცემელი კოლეგები საჯაროდ შეარცხვინაო. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამ ორ გუნდს და მათ თაყვანისმცემლებს შორის ყოველთვის განსაკუთრებული „ურთიერთობა“ არსებობდა. ვაჟა აზარაშვილმა პოპულარული სიმღერა „დინამო-დინამო“ 1976 წელს, თბილისელების მიერ საბჭოთა კავშირის თასის აღების შემდეგ დაწერა. იმ შეხვედრაში „დინამოელებმა“ ერევნის „არარატი“ გაანადგურეს - 3:0. სომხებს ეს სიმღერა მოსმენილი კი აქვთ, მაგრამ მისი შექმნის ჭეშმარიტი „ისტორია“ ალბათ არ იციან. ერთხელაც ბატონი ვაჟა ერევანში დაპატიჟეს.

„ერევანში დაგვპატიჟეს არამ ხაჩატურიანის 100 წლისთავზე. მოგეხსენებათ, იგი წარმოშობით თბილისელი იყო და 18 წლის ძმამ წაიყვანა მოსკოვში. სომხები დიდებულად შეგვხვდნენ: მოაწყეს ქართული, რუსული და სომხური მუსიკის კონცერტი. მერე წაგვიყვანეს რაზდანზე - კარგ რესტორანში. ქეიფის ეშხში რომ შევედით, იმათ დაიწყეს: ჩვენ გვახსოვს, რომ ახალ გახსნილ სტადიონზე აქ პირველად თბილისის „დინამომ“ მოგვიგო და ბურთი მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანაო. მე ვუთხარი, - ონ მოი დრუგ! მერე ილია დათუნაშვილის 5 გოლი გაიხსენეს „არარატის“ კარში. მე ვუთხარი, - ერთ ტაიმში შეაგდო, ონ ტოჟე მოი დრუგ! აღარ ვუთხარი, „არარატს“ რომ მოვუგეთ 3:0 მოსკოვში, მაშინ დავწერე „დინამო“-მეთქი.

სომხებთან სათასო შეხვედრაში ერთი გოლი „დინამოს“ მცველმა ფირუზ კანთელაძემ გაიტანა. ამ პიროვნების შესახებ თავის დროზე არაერთი ანეკდოტი ვრცელდებოდა, ისევე როგორც „დინამოს“ დანარჩენ მოთამაშეებზე. ჩვენი მომდევნო სტუმარი ბატონი ფირუზი გახლავთ, რომელიც ორ „სახალისო ისტორიას“ გაიხსენებს.

ალბათ გახსოვთ „გრასჰოპერსი“ – „დინამოს“ მატჩი და ფრანგი არბიტრი კიტაბჯანის უნამუსო მსაჯობა.

 

„უეფას თასზე ვთამაშობთ სტუმრად „გრასჰოპერსთან“. ძალიან საზიზღარი მსაჯი შეგვხვდა, ფრანგი კიტაბჯანი. ჯერ ხომ მთელი თამაშის განმავლობაში მოგვშალა ნერვებზე, მერე იყო და ასპროცენტიანი პენალტი არ მოგვცა შუაგულ ციურიხში.

ჩვენმა ბიჭებმა პროტესტი გამოხატეს, მაგრამ, როგორც იტყვიან: „მსაჯის სიტყვა კანონია, აღარ უნდა ლაი-ლაი“. მეტი რომ ვერაფერი მოვახერხე, ბოდიშს კი ვიხდი, მისი მიმართულებით... გავაფურთხე. იქვე ამ ამბავს არაფერი მოჰყოლია, რადგან წამის ამბავი იყო და ბევრს (მათ შორის, მსაჯსაც) არაფერი დაუნახავს და გაუგია.

თამაშის შემდეგ სასტუმროში ამ მატჩის ჩანაწერს ვუყურებთ. ხომ მოგეხსენებათ, რა პროპაგანდა იყო მაშინ საბჭოთა გუნდებზე და რას ვხედავ! ხაზგასმით დაუფიქსირებიათ ოპერატორებს ჩემი „უზრდელობის“ მომენტიც, მაგრამ აჩვენებენ შენელებულ რეჟიმში, თუ როგორ გავბედე გაფურთხება და 10-15-ჯერ გაიმეორეს, რაც ეკრანზე ასე ჩანდა: ეს ჩემი მსაჯის მისამართით გამოყოფილი ნერწყვის პატარა ბურთულა ამოდის ჩემი პირიდან, მიფრინავს მსაჯისაკენ, მერე ისევ ბრუნდება და ჩადის ჩემ პირში, ანუ იქ საიდანაც სტარტი აიღო.

მოკლედ, ვერავინ გაიგო, მე მივაყენე შეურაცხყოფა მსაჯს თუ პირიქით, რადგან საბოლოო კადრში ჩემი ნერწყვის ბურთულა საწყის ადგილს დაუბრუნდა.“

ერთხელ ფირუზ კანთელაძე გაქურდეს. სიტყვა „გაქურდეს“ ვიხმარეთ, მაგრამ ფეხბურთელის „ცარიელ და გაღლეტილ“ ბინაში წასაღები არაფერი აღმოჩნდა.

„ერთხელ, გასვლითი თამაში რომ გვქონდა რუსეთში, გამოვკეტე ჩემი „ცარიელი“ სახლის კარი და წავედი ორი დღით. ვაი იმ ჩამოსვლას, რომ დავბრუნდი. კარი ღია დამხვდა. შევედი და რას ვხედავ? - ყველაფერი არეულ-დარეული, ლეიბ-საბანი და ბალიში სულ დეტალ-დეტალ დაუმუშავებიათ. ყურადღება მიიქცია ქურდების მიერ მაგიდაზე დატოვებულმა წერილმა:

„ბატონო ფირუზ! - არ გვეგონა, თუ ასეთ გაჭირვებულ ფეხბურთელს ვძარცვავდით, როგორიც თქვენ ბრძანებულხარ. გიტოვებთ 10 მანეთს საჭმლისთვის, ერთი-ორი დღე გეყოფათ, მერე რამეს მოვიფიქრებთ, თუ არ დაგვიჭირეს მანამდე, თუ დაგვიჭირეს, შენით უნდა მოიპოვო შენი ლუკმა. პატივისცემით „ა“, „ბ“ და „შ“ - მეგობრები...“

ის ათი მანეთი დღესაც შენახული მაქვს.“

დღევანდელი მოგონებების დასასრულს კი ბატონ ნოდარ ახალკაცი-უფროსს გავიხსენებთ, ადამიანს, რომლის ხელშიც თბილისის „დინამოს“ საკუთარი ისტორიის განმავლობაში ყველაზე თვალსაჩინო წარმატებები ჰქონდა. ნოდარ ახალკაცი იმ პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბრძანდებოდა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ესპანეთში რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად ჩავიდა და ახალკაცი დელეგაციის ხელმძღვანელი ბრძანდებოდა. ამ „სტუმრობას“ რევაზ არველაძე მოგვიყვება:

„ბატონ ნოდარ ახალკაცთან ერთად ესპანეთში ვიყავით, დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. საქართველოს ნაკრებს ამხანაგური თამაში ჰქონდა დაგეგმილი მეორე დივიზიონის გუნდთან - „ალბასეტესთან“, რომელიც სატურნირო მდგომარეობით მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა.

თამაშს მინიმალური ანგარიშით ვიგებდით, მაგრამ მსაჯმა ჯერ ბლომად დრო დაამატა და შემდეგ ბოლო წუთზე ჯარიმა გამოიგონა მასპინძლების სასარგებლოდ. მოკლედ, სანამ არ გაგვითანაბრეს, არ მოისვენა.

მატჩის შემდეგ ბანკეტი გაიმართა, ყველანი ცუდ ხასიათზე ვართ, ფრეს გამო. საპატიო სტუმრებს შორის ჰანს მიულერიც იყო. უცებ ესპანელთა გუნდის პრეზიდენტი წამოდგა, რაღაც მოყვა და ხალხმა სიცილი დაიწყო. მისი ნათქვამი არ გადაგვითარგმნეს და უფრო დავიბოღმეთ, ალბათ, ჩვენ გაგვამასხარავაო. ახალკაცი ისეთ დღეშია, დანა პირს არ უხსნის. ბოლოს ქართველი სტუმრებიც გავახსენდით და ბატონ ნოდარს ეკითხებიან:

- თქვენ გამოცდილი სპეციალისტი ბრძანდებით და ჩვენი გუნდის მომავალზე რას იტყვით?

- მაშ, უმაღლეს ლიგაში აპირებთ გადასვლას, არა? - პრეზიდენტს გახედა ახალკაცმა.

- დიახ, ვაპირებთ.

- აბა, ჩემი რჩევაა, რომ დღისით ეგ ამბავი არ გამოგივათ, ღამე თქვენს მსაჯს ფანარი დააჭერინეთ და იქნებ, როგორმე გადაიპაროთ“.