კიდევ ერთი სამხრეთკორეული სერიალი ნეტფლიქსის მაყურებელთა გულებს იპყრობს. ფენტეზისა და ჰორორის ჟანრში გადაღებული Hellbound ყურებადობით უკვე Squid Game-საც უსწრებს და სტრიმინგ პლატფორმაზე ყველაზე პოპულარული სერიალი ხდება.
სერიალი 20 ნოემბერს, გამოსვლიდან 24 საათში, 80 ქვეყნის რეიტინგში პირველ ადგილზე მოექცა.
Hellbound იმ სამყაროზეა, სადაც დემონების ჯგუფი მოკვდავებზე ნადირობას იწყებს. უზარმაზარი ბეწვიანი არსებების გამოჩენა, რომლებიც ცოდვილების ჯოჯოხეთში წაყვანას ცდილობენ, ხალხში პანიკას იწვევს და ფანატიკურ რელიგიურ იდეებს აღვივებს.
სერიალის საპილოტე სერიის ჩვენება ტორონტოს 2021 წლის კინოფესტივალზე შედგა სექტემბრის თვეში.
მას შემდეგ, 19 სექტემბერს, ნეტფლიქსზე Squid Game გამოვიდა, რომელიც 46 დღის განმავლობაში ლიდერობდა პლატფორმაზე ნახვების რაოდენობით. 142 მილიონი ნახვით 94 ქვეყანაში, სერიალმა ნეტფლიქსს $900 მილიონი მოუტანა. რამდენიმე კვირის წინ კი, Squid Game-ის რეჟისორმა განაცხადა, რომ მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო.