მარინა კალიურანდი: დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი შიმშილობას არ განაახლებს და არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რაც პროვოკაციად აღიქმება

მარინა კალიურანდი: დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი შიმშილობას არ განაახლებს და არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რაც პროვოკაციად აღიქმება

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი იმედს გამოთქვამს, რომ მსჯავრედებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაახლებს. ამის შესახებ მან ქართულ საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის შესახებ. მე მივესალმები სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტას და ყველას, ვინც ურჩია, შეეწყვიტა პროტესტის ეს ფორმა. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, ჯანმრთელობა უმთავრესია და არ გვსურს, რომ ვინმე დაიტანჯოს. მე მაქვს დიდი იმედი, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღარ დაუბრუნდება შიმშილობას მას შემდეგ, რაც ის მიიღებს ყველა საჭირო ჯანდაცვის მომსახურებას რეაბილიტაციის დროს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი არის იმ შესაბამის საავადმყოფოში , რომელიც მისთვის მისაღებია, დათანხმდა გადასვლას და მისთვის დამაკმაყოფილებელია სამედიცინო მომსახურება და ექიმთა პერსონალი. მე მას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და რეაბილიტაციის სწრაფად გავლას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დიდი იმედი მაქვს, რომ ის შიმშილობას არ განაახლებს. დიდი იმედი მაქვს , რომ სააკაშვილი არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რაც პროვოკაციად აღიქმება. დამიჯერეთ, თქვენ არ გჭირდებათ პროვოკაციები, არ გჭირდებათ მეტი პოლარიზაცია. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, რეფორმები“, - აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.