საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში უსაბუთო და უსახლკარო მიგრანტმა ლატარეაში 500 000 ევრო მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
გამარჯვებული 25 წლის ალჟირელია, რომელიც საფრანგეთში 3 წლის წინ ჩავიდა. ის ქალაქ მონპელიეს ერთ-ერთ უბანში თავს სიგარეტის გაყიდვით ირჩენდა.
„კარგი ადამიანია, რომელიც უბანში უყვართ. სიგარეტს ყიდის, რათა თავი ირჩინოს. ასე რომ, ეს ძალიან კარგი ამბავია მისთვის“, - განაცხადა ლატარეაში გამარჯვებულის ბიძაშვილმა.
საფრანგეთის ეროვნული ლატარეის თამაშების ოპერატორის, Française des Jeux-ის წესების მიხედვით, გამარჯვებულს სამი მილიონიდან მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა, რომ აღნიშნული თანხის ბილეთი შეეძინა.
ის იმედოვნებს, რომ მოგებული ჯეკპოტით საცხოვრებლის შეძენასა და საფრანგეთში თავისი სტატუსის დარეგულირებას შეძლებს.