გიორგი ცუცქირიძე: პრემიერის ინიციატივები სოციალურ პოლიტიკასთან, სააფთიაქო ნარკომანიასა და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მოულოდნელი აღმოჩნდა ოპოზიციის დიდი ნაწილისათვის

გიორგი ცუცქირიძე: პრემიერის ინიციატივები სოციალურ პოლიტიკასთან, სააფთიაქო ნარკომანიასა და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მოულოდნელი აღმოჩნდა ოპოზიციის დიდი ნაწილისათვის

,,პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რაც გუშინ საღამოს საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“,  დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა, რეალურად ახალ, ინკლუზიურ, ანუ გრძელვადიან მდგრად ზრდაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკადაც უნდა შეფასდეს. თავის მხრივ, მდგრადი ზრდა ვერ მიიღწევა ეკონომიკურ აქტივობაში მოსახლეობის ფართო ჩართულობის და ადამიანური კაპიტალის გარეშე.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს. 

როგორც ცუცქირიძე წერს, პრემიერის ინიციატივები გრძელვადიან გეგმაზეა დამყარებული. 

,,პრემიერ-მინისტრის ინიციატივები სოციალურ პოლიტიკასთან, სააფთიაქო ნარკომანიასა და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა,  ოპოზიციის დიდი ნაწილისათვის, რომ მათ მიერ მართულმა მედიებმა მაშინვე დაიწყეს აბსურდული ჭორებისა და სპეკულაციების გავრცელება, თითქოს პრემიერი თანამდებობის დატოვებას აპირებს.

მართალია,  ეს ჭორები სრული აბსურდია და სიცრუის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტად გამოყენების, ჩვეული ტაქტიკაა, მაგრამ ამჯერად, ერთადერთ მიზანს ემსახურება, გადაიფაროს პრემიერის ინიციატივები, მთავრობის ეფექტური ნაბიჯები და პოზიტიური დღის წესრიგი, რასაც ტრადიციულად მიმართავენ. თუმცა, უშედეგოდ და ახლაც, მორიგ მოკლევადიან ფეიკად იქცა.
არადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რაც გუშინ საღამოს საქართველოს პირველ არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“,  დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა, რეალურად ახალ, ინკლუზიურ, ანუ გრძელვადიან მდგრად ზრდაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკადაც კი უნდა შეფასდეს.  

თავის მხრივ, მდგრადი ზრდა ვერ მიიღწევა ეკონომიკურ აქტივობაში მოსახლეობის ფართო ჩართულობის და ადამიანური კაპიტალის გარეშე.

დასაქმების  მრავალწლიან პროგრამაზე გადასვლაც, რაც დასაქმების სააგენტოს ფუნქციონალურ რეორგანიზაციას ითვალისწინებს, ამ სტრატეგიის ნაწილად უნდა განვიხილოთ, რომელიც ეკონომიკური აქტივობიდან ხელოვნურად ამოვარდნილი 300 ათასამდე შრომისუნარიანი მოსახლეობის   სტაბილურ დასაქმებას და  გრძელვადიან შემოსავალს უზრუნველყოფს უკვე უახლოეს მომავალში.

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის გასული წლის პანდემიური შოკიდან სწრაფი გამოსვლა კარგია, თუმცა ეკონომიკური ზრდის მაღალი ციფრების მიღმა, პრობლემებიც ჩანს. ეკონომიკური აქტივობის უდიდესი ნაწილი დედაქალაქზე მოდის, ხოლო პრემიერს თუ დავესესხები, სამწუხაროდ, დანგრეული და გაპარტახებულია რეგიონები, და ბევრი რამ თავიდან არის ასაშენებელი, რასაც არაერთი წელი დასჭირდება. 

სოციალური დახმარების არსებული მოდელი, არა უბრალოდ გადასახედი, არამედ მთლიანად შესაცვლელი იყო, რადგან ის ეკონომიკური ზრდის და ინვესტიციების შემოსვლის სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. ეკონომიკის ზრდა, გაზრდილ და კვალიფიციურ შრომით რესურსებსაც ითხოვს.

დღეს, მთავარია, გადავიდეთ ისეთ მოდელზე, სადაც შრომა იქნება მასტიმულირებელი და არა სოციალური დახმარების მოხსნის შიში, ამიტომ სავსებით გამართლებულია სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოსახლეობას ჰქონდეს არა მხოლოდ გარანტირებული ხელფასი, კონკრეტული სამუშაოდან და იმ შემწეობის ოდენობის, არამედ, მას შეეძლება, დამატებით სხვა სამსახურიც იშოვოს, მათ შორის, სეზონური, ან თუნდაც ყოველდღიური,  რაც  ქვეყანაში ეკონომიკის ზრდასთან ერთად, სიღარიბის დონის სერიოზული შემცირების ფაქტორი გახდება.
ბუნებრივია, სტიმულირების ახალ  სისტემაზე გადასვლა,  სინერგიის ეფექტის ელემენტსაც შეიძენს, ამ პროგრამაში ჩართული ადამიანებისათვის, რაც მათ

საკუთარი ბიზნეს საქმიანობის წამოწყების საშუალებასაც მისცემს.   ბუნებრივია, სახელმწიფო აღარ გააგრძელებს ამ ანაზღაურების გადახდას და ფისკალური ეფექტიც შესაბამისი იქნება.
რაც შეეხება სააფთიაქო ნარკომანიასა და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით წამოყენებულ ინიციატივებს, მათი აქტუალობა, გარდა სოციალური და მაკროეკონომიკური მხარისა(მარტო ონ ლაინ კაზინოებიდან 1.5 მილიარდი დოლარის გადინება,  დაახლოებით ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების   ტოლია, და აღემატება ბოლო წლების პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსაც) ეროვნულ პრობლემასაც წარმოადგენს. ‘’ - წერს გიორგი ცუცქირიძე facebook - ზე.