„მის დროს პატიმარი რომ არ ემორჩილებოდა ციხის ადმინისტრაციას, ერთი პატარა წინააღმდეგობის გამო დუბინკებით სცემდნენ და ანადგურებდნენ“

„მის დროს პატიმარი რომ არ ემორჩილებოდა ციხის ადმინისტრაციას, ერთი პატარა წინააღმდეგობის გამო დუბინკებით სცემდნენ და ანადგურებდნენ“

ნაციონალები ამტკიცებენ, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში სააკაშვილის უწყვეტი წამება მიმდინარეობს. პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ფიქრობს, რომ ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის თუ მკვლელობის ამბავს და ისტორია მეორდება. ნიკა გვარამია ითხოვს, სააკაშვილთან შევიდეს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი.

საპირისპიროს ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე. იგი იხსენებს, გლდანის დაწესებულებაში ვინმეს კბილი რომ ასტკივებოდა და ღამე ხმა ამოეღო, მთელ სართულს სჯიდნენ ხმაურისთვის, დღეს კი ეს ხალხი მორალს გვიკითხავს, როგორი უნდა იყოს პენიტენციური ჯანდაცვა.

გლდანის ციხე დღემდე რჩება დახურული ტიპის დაწესებულებად. ადვოკატები, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ დაწესებულებაში შესვლა უწევდათ, თავად იყვნენ არაადამიანური მოპყრობის და პატიმართა წამების მომსწრენი. ამის გამო ადვოკატებმა არაერთი საქმე წაიღეს ევროპულ სასამართლოში. წამების თვალსაზრისით, სწორედ, გლდანის მე-8 და მე-18 დაწესებულება გამოირჩეოდა. სააკაშვილის მმართველობის დროს სწორედ გლდანის მე-8-დან გავრცელდა პატიმართა წამების ცნობილი კადრები. მე-18 დაწესებულება კი ცნობილი იყო მედპერსონალის მხრიდან პატიმრების წამების შემთხვევებით და მაშინდელი პერსონალის ნაწილი დღეს ისევ შენარჩუნებულია.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, ახლანდელი „წამება“ რამდენად უტოლდება იმ წამებას, რაც ნაციონალების დროს ხდებოდა ციხეებში?

ყოფილი პოლიტპატიმარი ნორა კვიციანი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ სააკაშვილის დროინდელ ციხესთან ახლანდელი სასჯელაღსრულებითი დაწესებულების შედარება შეუძლებელია. თმებით რომ ათრიეს სააკაშვილი, ეგ უკრაინაში მოხდა, საქართველოში კი ასეთი რამ არ მომხდარა. უბრალოდ, სააკაშვილი, როგორც პატიმარი, არ ემორჩილებოდა ქართული ციხის განაწესს.

„გაიხსენოს, მის დროს პატიმარი რომ არ ემორჩილებოდა ციხის ადმინისტრაციას, ერთი პატარა წინააღმდეგობის გამო დუბინკებით სცემდნენ და ანადგურებდნენ. სააკაშვილი რანაირად უნდა გადაეყვანათ გლდანის ციხეში, როცა არ ემორჩილებოდა? ხელში აიყვანეს, ახლა ეგ ტანკივითაა, 200 კილოგრამიან სააკაშვილს ერთი ადამიანი ვერ წაიყვანდა, სხვაგვარად როგორ უნდა გადაეადგილებინათ?“ - აღნიშნა ნორა კვიციანმა.

მისივე თქმით, ციხეში ყველაფერი წამებად აღიქმება პატიმრისთვის, ცემა-ტყეპაზე რომ არაფერი ვთქვათ, უბრალოდ, „სვიდანიებზე“ შენი ოჯახის წევრებს როცა არ უშვებენ, ნახვის უფლებას არ აძლევენ, ეს წამება არ არის? კარანტინში, ათი დღის განმავლობაში ჩაკეტილი როცაა ადამიანი და ლაპარაკის უფლება არ აქვს, წამება არ არის? პოლიტპატიმარი იხსენებს, რომ პირადად მასთან, ქალთა კოლონიაში ფიზიკური შეხება ქალებთან მიმართებით ნაკლებად ხდებოდა, რადგან რუსთავის ციხეში ისეთი დირექტორი ჰყავდათ, ქალბატონი მედიკო, თავს შეაკლავდა ყველას და არ მისცემდა არავის ამის უფლებას. მამაკაცებს კი უფრო მკაცრად ექცეოდნენ, აწამებდნენ, საშინელება იყო, რამდენი მათგანია დაინვალიდებული, რამდენი განადგურებული.

„ახლაც მეტირება, რამდენი ახალგაზრდაა დაღუპული სააკაშვილის დროს. ვინც მოკლეს, მოკლეს, ვინც არა, აწამეს, „ობიექტივს“ ყოველთვის გამოჰქონდა ინფორმაცია ციხიდან, ვის აწამებდნენ, ვის კლავდნენ, ვინ იყვნენ ჯალათები, ეს ყველაფერი არქივში დევს, მაგრამ დღეს ყველაფერი ხელისუფლებას მივიწყებისკენ მიჰყავს“, - აღნიშნა ნორა კვიციანმა.

ყოფილი დეპუტატი, ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ სააკაშვილის შეყვანის დროს გლდანის ციხეში ე.წ. შუმოკი როცა მოუწყეს ექსპრეზიდენტს, რატომ მოხდა ასე, ამას მომავალი შეაფასებს, ამის შეფასება დღეს არ ღირს. თუმცა სააკაშვილის დროინდელი ციხე იყო ხორცსაკეპი მანქანა, სადაც არავის ინდობდნენ. მისი შედარება მხოლოდ დიქტატორების ციხეებთან შეიძლება.

„საერთოდ, ვცდილობ ხოლმე, ადამიანებზე, რომლებიც გისოსებს მიღმა იმყოფებიან, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ნაკლებად ვილაპარაკო, მაგრამ ჩვენ თუ ვსაუბრობთ წარსულსა და პოლიტიკაზე, მოგვიწევს ამ ხალხის ხსენება“.

დეკანოზ დავით ისაკაძის თქმით, სააკაშვილის დროინდელ ციხეში შესვლისას სასულიერო პირებს უმძიმესი მდგომარეობა ხვდებოდათ.

„ჩვენთან პირადად არ აჩვენებდნენ წამების კვალს, მაგრამ ჩვენ ხომ გვქონდა ეს ინფორმაცია. მარტო ხმაურის გამო კი არა, გვერდზე გახედვის გამოც ადამიანს დედას აგინებდნენ და ურტყამდნენ. მწკრივში რომ მიდიოდნენ პატიმრები, ან პაემანზე შესახვედრად, ან ადვოკატთან, ან სასულიერო პირებთან გამოსასვლელად, ჩვენს დასანახად მაქსიმალურად ცდილობდნენ, თავი შეეკავებინათ, მაგრამ ჩვენ თუ ცოტა მოშორებით ვიდექით, გვერდზე რომ გაეხედა პატიმარს, უკვე ლანძღავდნენ და ხელს ურტყამდნენ“, - აღნიშნა დეკანოზმა დავით ისაკაძემ ჩვენთან საუბრისას.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ახლანდელი წამება უფრო მსუბუქია თუ არა სააკაშვილისდროინდელ წამებასთან შედარებით, რადგან „ნაცმოძრაობა“ ჩაბარდა ისტორიას, მათ პასუხი აგეს ამაზე, დღეს კი საქართველოს პრობლემაა „ქართული ოცნება“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ მაშინდელ წამებას ვერ შევადარებთ დღევანდელს.

„ჩემთვის მიუღებელია ასეთი წიაღსვლები, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს უარესი ხდებოდა. „ნაცმოძრაობა“ პრობლემა იყო 2012 წელს და გავისტუმრეთ, დღეს პრობლემაა, რომ სააკაშვილს ექცევიან ცუდად. მე არ მაინტერესებს, ის წარსულში ვინ იყო, დღეს ის არის პატიმარი, ვინმე მიხეილ სააკაშვილი. თუ ჩვენ ვაპირებთ, მას ასე მოვექცეთ, მაშინ ჩვენ ვამართლებთ, როგორ ექცეოდნენ მის დროს სხვა პატიმრებს. მე ვებრძოდი სააკაშვილს იმ დროს, ჩემი სინდისი სუფთაა, „ქართული ოცნების“ სინდისი როგორია? მათ ფეხზე დაისვეს „ნაცმოძრაობა“, რომელიც თავზე აგვაცოცდა. მე „ქართულ ოცნებას“ არ ვპატიობ, რომ დღეს „ნაცმოძრაობა“ ასე ძლიერია“,-გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება „შუმოკს“, ანალიტიკოსი ამბობს, რომ პირადად მას ციხეებშიც უმუშავია. სააკაშვილი როცა იყო იუსტიციის მინისტრი, იგი იყო ციხეების ხელმძღვანელი, ადამიანის უფლებების კუთხით. ამდენად, მან იცის, რომ ციხეების დირექტორების მთავარი დილემაა ის, არ დაუშვან პატიმარი ისეთ ვითარებაში, სადაც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ციხეში დაპირისპირებული ჯგუფები როცა არიან, როცა მოწმეები არ აწყობთ ვიღაცებს, ხდება პატიმრების გაყოფა, სხვადასხვა ციხეში მათი გადაყვანა. სააკაშვილი კი ამორალურად, კანონის დარღვევით შეიყვანეს იმ დაწესებულებაში, სადაც საფრთხე ემუქრებოდა.

„წესით, ამის გამო სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობა უნდა ისჯებოდეს, რომ პატიმარი მიიყვანეს მისთვის საფრთხის მომცველ ზონაში. გარდა ამისა, პატიმრები ყვიროდნენ ღამის 12-1-ელ საათზე, ვინ მისცა მათ ამის უფლება? ამ დროს მათ უნდა ეძინოთ. მათ დაარღვიეს შიდა განაწესი, ე.ი. ეს იყო მართული სიტუაცია, პატიმარს 10 საათზე უნდა ეძინოს, ამოიღებს ხმას? არავითარი უდო, არავითარი შეწყალება, ამნისტია მას აღარ შეეხება. არასწორია, შევადაროთ დღევანდელი მმართველი ძალის ამორალურობა ჰიტლერს, სტალინს, ბერიას, თუგინდ სააკაშვილს, რადგან ისინი წასულები არიან. მათ ამის გამო პასუხი აგეს, როგორც პოლიტიკურად, აქ იგულისხმება არჩევნები, ისე სამართლებრივად, ციხეში ჩასმით“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა for.ge-სთან საუბრისას.