ირაკლი კობახიძე სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე: არავის აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებაში

ირაკლი კობახიძე სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე: არავის აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებაში

არავის აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„განმარტება უკვე გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ და არავის აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს განმარტებებში. გადაწყვეტილება სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, უკვე მიღებული იყო, როდესაც იუსტიციის მინისტრმა წერილი მიიღო. კორესპონდენციების გადამოწმება ძალიან მარტივია, მათ შორის იმისიც, თუ როდის იყო ეს კორესპონდენცია იუსტიციის სამინისტროსთვის გაზიარებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.