2005 წლის 20 სექტემბერს, დიღომში მეგობრის საცხოვრებელ სახლში, ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუდიკ ოვაკინიანი დააკავეს. სასამართლომ, მტკიცებულებების გარეშე, მას თავისუფლების აღკვეთა 13 წლით მიუსაჯა. ოვაკინიანმა საპატიმროში 8 წელი გაატარა, ის 23 იანვარს ამნისტიით გათავისუფლდა. ყოფილმა პატიმარა მთავარ პროკურატურას უკვე მისცა ჩვენება ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ.
რა კავშირი აქვს მის დაკავებასთან „სოდ“-ის ყოფილი უფროსს ირაკლი კოდუას და რას თავაზობდა დუმილის სანაცვლოდ ბაჩო ახალაია?- ამ ყველაფერზე, ყოფილი პატიმარი, რუდიკ ოვაკინიანი for.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს.
რა გახდა თქვენი დაკავების მიზეზი?
- მეგობრის სახლში დამაკავეს. შემოვიდა პოლიცია და შემოსასვლელში, ქალბატონის ფეხსაცმლიდან ამოიღეს წამალი, რომელიც მათი მტკიცებით იყო ჩემი. მითხრეს, რომ ეს შენი არისო, დამადეს ხელბორკილები და წამიყვანეს.
ვინ იყო დაინტერესებული თქვენი დაკავებით?
- ირაკლი კოდუა.
რატომ?
- გერმანიიდან ჩამომყავდა მანქანები. მას აინტერესებდა სად „პრავდებოდა“ მანქანები, უნდოდა, რომ გამეკეთებინა კამერა, წავსულვიყავი და დამეჭირა კაცი, რაც არ გავაკეთე. ამის გამო დამაკავეს და გადამიყვანეს დიღომში წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც შემოვიდა ირაკლი კოდუა, გიორგი არველაძე და მცემეს.
დანაშაული აღიარეთ?
- არა. დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია როგორ ვაღიარებდი? მერე გადამიყვანეს ორთაჭალის მე-5 დაწესებულებაში. 28 კაციან საკანში 120 კაცი ვიყავით. 2 დღეში ერთხელ, 3 საათი გვეძინა. უჰაერობის გამო იხოცებოდნენ ადამიანები. ჩემი იქ ყოფნის დროს მოხდა ციხის ბუნტი.
თქვენზე რა სახის ზეწოლა მოხდა და ვისი მხრიდან?
- სასტიკად მცემა ციხის დირექტორემა თამაზ მელაძემ. მიზეზი იყო ტელეფონი. ტელეფონებს თვითონვე გვაძლევდნენ და მერე ამ ტელეფონებში ფულს თვითონვე ვიხდიდით.
ვის აძლევდით ამ ფულს?
- ზედამხედველს. ნათურასაც კი ჩვენ ვყიდულობდით. შემოდიოდნენ და ტელეფონს გვართმევდნენ, შემდეგ იგივე ჩვენს ტელეფონში ფულს გვახდევინებდნენ. ერთხელ, რომ შემოვიდნენ ვუთხარი ტელეფონი არ გვაქვს-მეთქი. ამის გამო გამიყვანეს საკნიდან და თამაზ მელაძემ სასტიკად მცემა - რატომ დამალე ტელეფონიო. ბოლოს მითხრა, არ მაინტერსებს ფულს მოიტან, მნიშვნელონა არ აქვს ტელფონი გექნება თუ არაო. ამის მერე გადამიყვანეს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში. ეტაპირების დროს კი სპეცდანიშნულების რაზმმა გვცემა.
რატომ გცემეს?
- გვითხრეს, რომ მუხლებზე დადექით და ქურდებს შეაგინეთო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ შეგეგინებინა მაინც გცემდნენ. ისე მცემეს, რომ ნეკნები ჩამიმტვრიეს, მხედველობა დავკარგე ცემისგან. თავი 2 ადგილას მაქვს გატეხილი და ხერხემალი მაქვს დაზიანებული. ისე ვიყავი ნაცემი, რომ ჩემით საპირფარეშოში ვერ შევდიოდი. ნაცემი სისხლისგან ვიცლებოდი და ციხის უფროსმა ხულორდავამ მითხრა, რომ ალკატრასზე უარესი ადგილიაო. ერთი კვირის მერე, ლაპარაკის გამო კარცერში ამიყვანეს.
9 საათის მერე არ უნდა გელაპარაკა, ხმა არ უნდა ამოგეღო. ლაპარაკის გამო ზედამხედველმა ზვიად ზვიადაურმა ჯერ პირველ სართულზე მისაღებში მცემა და მერე კარცერში გადამიყვანა. 5 კაცი საცვლებით ვიჯექით კარცერში. 20 დღის განმავლობაში ვიყავი იქ და დღეში 2-ჯერ გამოწერილი მქონდა ცემა. გვირტყამდნენ მანამ, სანამ არ გავითიშებოდით. ერთი ჭიათურელი სპეცრაზმელი იყო და ის რომ გვცემდა გვიხაროდა, რადგან, როგორც კი დაგარტყამდა მაშინვე გაგთიშავდა.
საცვლებით რატომ გსვამდნენ კარცერში, ეს დასჯის რამე ფორმა იყო?
- სიცივე იყო და გვყინავდნენ. ბევრი საცვლების გარეშეც იჯდა. ეს იყო დაცინვის ფორმა.
რატომ არ გაასაჩივრეთ მაშინვე ასეთი მოპყრობის ფატქი?
- მაშინ არავინ იცოდა რა უნდა ექნა. ადვოკატი რომ მოდიოდა ციხის თანამშრომელი იდგა წინ. ადვოკატსაც ეშინოდა ხოლმე. რაღაცას, რომ ეტყოდი, თვითონ ადვოკატი გაჩერებდა. 2006 წლის სექტემბერში ბევრი ვიყავით კარცერში. ერთხელ, ყველა კარები გაიღო, პატიმრები გაყავდათ. 13 კაცი დავრჩით კარცერში, მეგონა საცემრად გავყავდით დავიმალე.
დაახლოებით 10 წუთში იღება კამერა, შემოვიდა სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, სურათები გადაგვიღეს და მეკითხებოდნენ, ნაცემი ხართ თუ არაო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, რომ ეს კაცი იყო სახალხო დამცველი. მეგონა, დეპარტამენტის თანამშრომელი იყო და, რომ მეთქვა არ გვცემენ-თქო, იტყუებითო და უარესად გვცემდნენ. ამიტომ, რეალურად რაც იყო ის ვუთხარი.
თვითონ არ გითხრათ, რომ ის იყო სახალხო დამცველი?
- კი გვითხრეს, მაგრამ არ დავიჯერეთ. ესენი რომ წავიდნენ, მაშინვე გაგვიყვანეს იქიდან, 13 კაცი ვიყავით ვინც ეს ჩვენება მივეცით. შემოვიდა ციხის უფროსი ლაშა ბრეგვაძე და მითხრა, რა იყო მიჩივიო?! მთხოვდა საჩივრის გამოტანას, რაზეც უარი ვუთხარი. მერე, როგორც გავარკვიე 10 კაცს გამოატანინეს საჩივარი. დავრჩით მე, იმედა ბუთხუზი და ვაჟა გეგენავა. 3 დღის მერე, ღამის 3 საათზე კამერა თვითონ ბაჩო ახალაიამ გააღო და აგვიყვანა ზემოთ, სადაც დაგვხვდნენ რომა ჯანიაშვილი, გიორგი ხუხია, ლაშა ბრეგვაძე, ახალაიას დაცვის უფრისი და ასევე პრეს-სამსახური კამერით. მე და ვაჟა გეგენავა ვიყავით. იქ დაიწყეს ნორმალური ლაპარაკი, ჩვენ გვიჩივითო და რა გინდათო, მოდით ჩვენთან იყავითო. სუბარმა რაც დაწერა იმას ახლა საწინააღმდეგო დაუწეროთო. როცა უარი ვუთხარით, გადავიდა მუქარაზე.
ბაჩო ახალაიმ მითხრა - ჩათვალე, რომ მკვდარი ხარო. ახლავე ჩაგიყვან ჩამოგახრჩობ და დავწერ, რომ თავი მოიკალიო. მოვითხოვეთ, რომ დრო მოეცათ მოფიქრებისთვის. 2 დღე მოგვცა მოფიქრებისთვის. ვიცოდით, რომ ორ დღეში სახალხო დამცველის წარმომადგენელი უნდა შემოსულიყო ჩვენთან. მათ ყველაფერი დავუწერეთ, რაც ბაჩო ახალაიამ გვითხრა. მათი წასვლის მერე, ბაჩო ახალაია და მეგისი ქარდავა შემოვიდნენ, მთვრალები იყვნენ. ქარდავამ ამოიღო იარაღი და თქვა მოვკლათო.
წინ დამიდგა ახალაია, მე ხელები უკან მქონდა. ახალაია ყვიროდა, ბიჭო შენ მე მიჩივიო და დამარტყა. ძირს დამაგდო და წიხლებით დამიწყო ცემა, სკამები დამალეწა. ვაჟა გეგენავას კი გვერდზე ოთახში მეგის ქარდავა სცემდა. მერე შემოვიდა ქარდავა იარაღი გადაწია და მოვკლათ ამის დედაც.....ო და დამადო იარაღი. ახალაიამ უთხრა, ბიჭო არ მოკლა, დაიცა იქნებ გაიგოს ერთი ამის დედა ......ო.
შემიყვანეს დირექტორის კაბინეტში. ახალაიამ მითხრა, ვიცი, რომ გერმანიაში ცხოვრობდი, ყველაფერი ვიცი შენს შესახებო, მეც ცოლი გერმანელი მყავს და მოდი ვიძმაკაცოთო, რად გინდა თავს რატომ მაკვლევინებო. პირდაპირ ვერ გაგიშვებ, მაგრამ რეზბალნიცაზე მეყოლებიო, თუ კი რამე არსებობს ყველაფერი გექნებაო. დაბადების დღეზეც მე გაგიყვან გარეთო. რასაც გეუბნები ყველაფერს ჩავწერ, ხელს მოვაწერ და თუ დანაპირები არ შევასრულე, მერე გამოაქვეყნეთო. ერთ წელში გაგიშვებ გარეთო.
რა უთხარით ამ შემოთავაზებაზე?
- არ დავთანხმდი. ამაზე გაგიჟდა და ისევ ცემა დამიწყო. როცა დაიღალა, ლაშა ბრეგვაძემ გააგრძელა ჩემი ცემა. ისე ვიყავი ნაცემი, რომ ბოდიშით და შარდზე სისხლს გავდიოდი. რეჟიმის უფროსმა რომა ჯანიაშვილმა 5 დღე ჩამკეტა ნაცემი კარცერში. უმძიმეს დღეში ვიყავი. მცემდნენ, რადგან უარი ვთქვი თანამშრომლობაზე. ჩემზე არ ვრცელდებოდა ის, რაც კანონით პატიმარს ეკუთვნოდა. ნებისმიერ დაწესებულებაში, სადაც გადავყავდით, ყველა ისე მიცნობდა, რომ ეს ის არის ჩვენს უფროსს რომ უჩივისო და ამის გამო მცემდნენ. დამიჯერეთ, რომ ცემისგან, ბევრჯერ ჩემი საკუთარი სისხლი მაქვს დალეული.
როგორც ვხედავ, სახისა და შუბლის არეში საკმაოდ ბევრი ნაიარები გაქვთ. ეს იმ სისასტიკის კვალია?
- დიახ. შეგნებულად ამკიდეს ტუპერკულოზი. ჯანმრთელი მიმიყვანეს და დაავადებული გამომიშვეს იქიდან. გიორგი ავსაჯანიშვილმა მცემა იმის გამო, რომ - ეს ის არის ჩვენს შეფს რომ უჩივისო. ისე მცემა, რომ გამოკვლევებზე წამიყვანეს. იქიდან ტუბზონაში დაგამიყვანეს, სადაც ტუპერკულიოზი ამკიდეს. ჩემი ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებელია დღეს ცოცხალი არ ვყოფილვიყავი.
ახლა რას აპირებთ?
- ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას და სიმართლის დამტკიცებას. ჩემი უკანონო დაკავების და ცემის საქმე გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში. ვითხოვ ბაჩო ახალაის და ყველა იმ თანამშრომლების დაკავებას, ვინც მცემდა და მაწამებდა. ბევრჯერ ნაცემი ვარ სხვა პატიმრების გამო. ყურადღებას რომ არ აქცევდნენ ავადმყოფ პატიმრებს, ან არაფრის გამო რომ ცემდნენ და გამოვესარჩლებოდი, ამის გამო უფრო მეტად მცემდნენ.
ის, რომ ახალაია ნასვამი შედიოდა ციხეში და სცემდა პატიმრებს, ამაზე მუდმივად საუბრობდნენ უფლებადამცველები. თუმცა, ბაჩო ახალაია ამას კატეგორიულად უარყოფდა. თქვენ, მზად ხართ პირისპირ უთხრათ ეს ყველაფერი ახალაიას?
- რა თქმა უნდა, - ვეტყვი. გამოძიებას მივეცი უკვე ჩვენება. თუთბერიძე ახლა რომ გამოდის და ყვირის, ის იყო ზუსტად ჩვენთან შემოსული და გვეკითხებოდა - „მართლა იჯექით ტიტვლებიო? როგორ იჯექითო“? გვითხრა, რომ მე თქვენსკენ ვარო. მე ვუთხარი, - თუ არ გაწყობს სიმართლის გაგება, მაშინ დაწერე, რომ დუბლიონკით ვიჯექი და თავი დაგვანებე-თქო.
მთხოვდნენ სტრასბურგიდან სარჩელის გამოტანას. ციხის საავადმყოფოში ცხვედიანმა წინ დამიდო დაბეჭდილი ფურცელი 3 ექიმის ხელმოწერით, ხელს აწერდა ციხის მთავარი ექიმი და ასევე სამი მოწმე პატიმარი.
რა ეწერა იმ დასკვნაში?
- ეწერა, რომ თითქოსდა კავერნის გახსნის გამო, პირში სისხლი ჩამეგუბა, ზარი ვერ მივეცი და გარდავიცვალე. მითხრა, რომ შენივე ზემლიაკი არის ქვემოთ, ჩაგიყვან იქ და ის მოგხედავსო. ის იყო სომეხი და მას „სომეხას“ ეძახდნენ, ეს იყო ის პიროვნება, რომელიც გარდაცვლილ პატიმრებს შიგნავდა.