დავით მათიკაშვილი: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა იმ ადამიანების პირდაპირი შეურაცხყოფაა ვინც ამ რეჟიმის პირობებში საშინელი ტრავმები განიცადა

დავით მათიკაშვილი: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა იმ ადამიანების პირდაპირი შეურაცხყოფაა ვინც ამ რეჟიმის პირობებში საშინელი ტრავმები განიცადა

მიხეილ სააკაშვილი როგორც ნებისმიერი პატიმარი მსჯავრს ისე მოიხდის მსჯავრს, როგორც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული და რაც განაჩენშია მოცემული, ხოლო ყველა ის საუბრები მის ვადამდე გათავისუფლებაზე არის მრუდე დღის წესრიგის გაღვივების მცდელობა, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხადა. ის მიხეილ სააკაშვილის მომხრეების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ექსპრეზიდენტის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის სამართლებრივ საფუძვლებზე საუბარი ღიმილის მომგვრელია და სასაცილო. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, როდესაც ადამიანმა თავისი გადაწყვეტილებით დაწყებული შიმშილობით თუ ე.წ. შიმშილობით საკუთარი ჯანმრთელობა ჩაიგდო ამ დღეში, რომ მას უფრო მეტი სამედიცინო ჩარევა დასჭირდა ვიდრე იმ დაწესებულებაში იყო შესაძლებელი სადაც იმყოფებოდა. შემდეგ განვითარდა ის პროცესები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად აკვირდება. აქ ყველაზე საინტერესოა ის, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ სააკაშვილის პირადი ექიმი აცხადებდა, რომ პირდაპირ კურორტზე გადავიყვანოთ ექსპრეზიდენტიო, როცა მსჯავრდებულსა და პატიმარს ცოტა სხვა სტატუსი გააჩნია. მინდა საზოგადოებას და იმ ადამიანებს შევახსენო, რომ ვინც ასე გამალებით ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ესაა პირდაპირი შეურაცხყოფა და მორალური ტერორი იმ ადამიანებზე, ვინც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში განიცადა საშინელი ტრავმები, სიცოცხლის მოსპობიდან დაწყებული ბიზნესის წართმევით დამთავრებული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.