ნანა კაკაბაძე სააკაშვილზე: რომელ ქვეყანაში ეკითხებიან პატიმარს, სად უნდა მოიხადოს სასჯელი

ნანა კაკაბაძე სააკაშვილზე: რომელ ქვეყანაში ეკითხებიან პატიმარს, სად უნდა მოიხადოს სასჯელი

რომელ პატიმარს, რომელ ქვეყანაში ეკითხებიან სად უნდა მოიხადოს მან სასჯელი ან სად უნდა იყოს მოთავსებული, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები გადაჭარბებულია და ის სხვა პატიმრებისგან პრივილეგირებული არ უნდა იყოს.

„ასეთი ორმაგი სტანდარტებით მიდგომა არის ძალიან ცუდი სიგნალი, რადგან ამას უყურებს 300 ათასამდე ადამიანი, რომელმაც გამოიარა სააკაშვილის რეჟიმი. ვერცერთი ამ ქვეყნის მოქალაქე ვერ გაიხსენებს მსგავს შეფასებებს მაშინაც კი, როდესაც ციხეებში სიკვდილიანობის პროცენტი იყო ათმაგი, ვიდრე ეს არის დღეს“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.