„უკრაინიდან სამხედროები, 23 ნოემბერს, აქციაზე ექსტრემალურ სიტუაციაში გამოჩნდებოდნენ და ასევე იგეგმებოდა კერძო დაცვის სამსახურში გაერთიანებული ყოფილი ძალოვნების გამოყენებაც“

„უკრაინიდან სამხედროები, 23 ნოემბერს, აქციაზე ექსტრემალურ სიტუაციაში გამოჩნდებოდნენ და ასევე იგეგმებოდა კერძო დაცვის სამსახურში გაერთიანებული ყოფილი ძალოვნების გამოყენებაც“

უკრაინიდან თბილისში ჩამოსული 6 მგზავრი, იმავე თვითმფრინავით უკან გააბრუნეს. მათ შორის არის პაშა კაშჩუკი, რომელიც ცნობილია იმით, რომ უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორია და უკრაინელ სამხედროებს სნაიპერული იარაღიდან სროლაში ავარჯიშებს. კაშჩუკს Facebook-გვერდზე მითითებული აქვს, რომ არის ავტობლოგერი, უკრაინელი მოხალისე, ორგანიზაცია Combat-ua-ს დამფუძნებელი, რომელსაც ღია წყაროებში გასამხედროებული ტიპის ორგანიზაციად მოიხსენიებენ.

ამავე ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია უკრაინის სპეციალური ძალების დასახმარებლად შეიქმნა. არსებული ინფორმაციით, კაშჩუკის გადამზადებულია უკრაინაში მოქმედი საბრძოლო დანაყოფის, ქართული ლეგიონის - „მგლების“ მებრძოლებიც. ქართველი ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკვე საქართველოშია, ამ ინფორმაცის არ ადასტურებს, თუმცა ადასტურებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მონაწილეობას მიიღებს საპროტესტო აქციაზე და მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებს იმას, რაც მესამე პრეზიდენტის მიმართ ხდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელ არაფოემალურ მებრძოლებს საქართველოში და კერძოდ ყაზბეგში „დასვენების“ სურვილი უჩნდებათ. შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს კიევი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა უკრაინელ მამაკაცთა 12-კაციანი ჯგუფი, რომლებსაც თან არ ჰქონდათ თანხა, უკან დასაბრუნებელი ბილეთები და ვერ დაასახელეს, თუ სად აპირებდნენ განთავსებას. შესაბამისად, 12-ვე უკან, კიევში იქნა დაბრუნებული. სახელმწიფომ არ გარისკა და გააკეთა ის, რაც გააკეთა - ისინი არ შემოუშვეს საქართველოს ტერიტორიაზე.

უკრაინელ სამხედრო ინსტრუქტორს პაშა კაშჩუკს, ბოდიშს უხდის დავით საყვარელიძე, რომელმაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თავი უკრაინას შეაფარა. იგი კაშჩუკს პირდება, რომ საქართველოში დღეს არსებული წესრიგი მალე შეიცვლება და პირადად მოუწყობს ტურს ყველა „დეპორტირებულ“ მეგობარს.

„ჩემი სახელით და ყველა აზრიანი ქართველის სახელით, ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც ამ ბოლო დროს, ერთ მანიაკს გადაეყარა ქართული სახელმწიფოში - უკანონოდ დაადეპორტეს ან არ შემოუშვეს საქართველოს ტერიტორიაზე. თქვენს წინაშეა, პაშა კაშჩუკი, პაშა ლისანსკი, დიმიტრი გორდონის წინ. მათ წინაშე, ვისაც გულწრფელად უყვარს და აფასებს საქართველოს, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას და ქართულ სულს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს მართავს შეშლილი მანიაკი, კრემლის პირდაპირი მოწინააღმდეგეები, ჩვენ, ყველანი იმედგაცრუებულები ვართ უკრაინელი მეგობრების მიმართ ამ დამოკიდებულებით, რადგან უკრაინა საქართველოსთან ერთ-ერთი უახლოესი სახელმწიფოა, უკრაინელები კი ერთ-ერთი ყველაზე სულიერი ახლობლები. კიდევ ერთხელ, დღევანდელი საქართველოს მთავრობის ნაცვლად, ყველას უღრმესი მადლობა!“, - წერს დავით საყვარელიძე.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილთან კონტაქტში მყოფი უკრაინელი მებრძოლები საქართველოში ჩამოსვლას ცდილობენ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია ფიქრობს, რომ სამხედრო ინსტურქტორს საქართველოში შემოსვლის უფლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისცეს.

„როდესაც საუბარი არის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან მაიდანზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე და ასევე საუბარი იყო სამხედრო გადატრიალებაზე, კითხვის ნიშანი ჩნდება, თუ რატომ უნდა იყოს ორგანიზებული ასეთი ადამიანების შემოყვანა საქართველოში, თუ არა ის რადიკალური ქმედებები და ის პროვოკაცია, რომლისკენ არიან მიდრეკილი ზოგიერთი ადამიანები“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, რათა სააკაშვილის თემა აქტუალური და დესტაბილიზაციის მიმართულება უზრუნველყოფილი იყოს - მათ შორისაა უკრაინიდან კონკრეტული ადამიანების ვიზიტები. რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეების ქვეყანაში არშემოშვებას, ვოლსკი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილთან კონტაქტში მყოფი უკრაინელი მებრძოლები საქართველოში ჩამოსვლას ცდილობენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, რათა სააკაშვილის თემა აქტუალური და დესტაბილიზაციის იყოს მიმართული. მათ შორისაა უკრაინიდან კონკრეტული ადამიანების ვიზიტები. ჩამოვიდა ერთი ჟურნალისტი, რომელსაც, ვითომ, ინტერვიუს აღება უნდოდა და, ინტერვიუს გარეშე, უკან გააბრუნეს, მაგრამ უკრაინაში, თავის გადაცემაში, დეზინფორმაციის უშველებელი ტალღა გამოუშვა ეკრანებზე. იგივე იყო სახალხო დამცველის შემთხვევაშიც, რომელიც არანაირი სახალხო დამცველის ფუნქციის შესასრულებლად არ არის ჩამოსული.

ახლა კიდევ, ჩამოვიდა გუნდი, რომელშიც ერთ-ერთი საკმაოდ გამოცდილი სამხედროცაა. არ მგონია, რომ სამხედრო გადატრიალების განვითარების რესურსი ჰქონდეს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ისინი არ არიან საქართველოს მეგობრები. სააკაშვილი არის ბერკეტი, რომელიც საკმაოდ მოხერხებულადაა გამოყენებული იმ ძალის მიერ, რომელსაც დესტაბილიზაცია სურს რეგიონშიც და მსოფლიოშიც“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე არ მალავს, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო და შესაძლოა, ძალიან რადიკალურიც, მაგრამ არაძალადობრივი. რადგან მისი თქმით, თოფის სროლა ქვეყანაში პუტინს უნდა.

„ვლადიმერ პუტინს უნდა, რომ ქართველებმა ერთმანეთს თოფი ვესროლოთ. მას უნდა, რომ საქართველო აირიოს, ქართველებმა ერთმანეთი დავხოცოთ და საქართველო 90-იანების კიდევ იქითა ქაოსში გადავარდეს. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით, მიუხედავად ძალიან მრავალი პროვოკაციისა, რომ გამოეწვიათ ოპოზიცია, ოპოზიციის ლიდერები და საზოგადოება, როდესაც მათ აყურებინებდნენ შემზარავ კადრებს, თუ როგორ ეპყრობოდა ბადრაგი პრეზიდენტ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილმა უნდა ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ის ციხეში არ უნდა იჯდეს“, - აცხადებს გია ბარამიძე.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გაძლიერებულ კონტროლზე უნდა იქნას აყვანილი აეროპორტები, საზღვაო პორტები, მათ შორის საავტომობილო საზღვარი და არა მარტო სუს, არამედ შსს-ს სასაზღვრო პოლიცია უნდა მუშაობდეს ყურადღებით და პირველ რიგში, უკრაინის მიმართულებით, რადგან პირდაპირი მუქარა მოდის უკრაინიდან. ქართული ლეგიონის მეთაური, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი დაიმუქრა, რომ საქართველოში თავის თანამებრძოლებს გამოაგზავნიდა. ასეც მოხდა, მაგრამ მისივე თანამებრძოლები დაადეპორტეს.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, უკრაინელი მოქალაქეები უკან გააბრუნეს, მაგრამ საქართველოშია მამუკა მამულაშვილი, რომელიც ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობის სურვილს არ მალავს. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ „ნაცმოძრაობასა“ და მასთან დაკავშირებულ პირებს, ძალისმიერი მეთოდებით, ხელისუფლების დამხობა სურთ.

„არც მამულაშვილი და არც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები არ მალავენ იმას, რომ უნდათ ძალისმიერი გზით ხელისუფლების შეცვლა. ფაქტობრივად, გეგმა გაცხადებული აქვთ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, მამუკა არეშიძეს არ სჯერა უკრაინელი არაფორმალური მებრძოლების მოტივაციის, რომ ყაზბეგში მიდიოდნენ დასასვენებლად, მიუხედავად იმისა, რომ დაჯავშნილი ჰქონდათ სასტუმრო.

„ჩვენ ვიცით, როგორი ტენდენციებია ასეთ დროს მთელს მსოფლიოში, როცა ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა. გავიხსენოთ ასეთი ტიპის ჯგუფების ჩასვლა სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე უკრაინაში და კერძოდ, დონეცკში არჩევნების დროს 2 000 ქართველი რომ ჩავიდა „დასასვენებლად“. სხვა ქვეყნების მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, ამიტომ არ მჯერა რომ ისინი დასასვენებლად ჩამოვიდნენ.

ამასაც თავი დავანებოთ, ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა თქვა - გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან დაიძრებიან ყოფილი ძალოვანები რევოლუციაში ჩასართავადო. პირველ რიგში იგულისხმებოდა ის ქართველები, რომლებიც 2012 წლის მერე სხვადასხვა ქვეყანაში გაიფანტნენ და პირველ რიგში - უკრაინაში. მაშინ ეს ყველაფერი სოზარმა დააკაშვირა 23 ნოემბერს, ნაციონალებისთვის საკრალურ დღეს, გიორგობას, როდესაც ქვეყანაში ვარდების რევოლუცია განხორციელდა. მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული ვერსიაა, მით უფრო, როდესაც გაუთავებელი საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ უნდა მოაწყონ რევოლუცია. სატელევიზიო ეკრანებიდან ისინი ამბობენ, რომ ეს იქნება მშვიდობიანი აქცები, მაგრამ განსხვავებულია მათი პოზიცია სოციალურ ქსელში, პირდაპირ საუბრობენ აჯანყებაზე და ძალისმიერი მეთოდით ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. ანუ, სამოქალაქო დაპირისპირების სამოქალაქო ომში გადაყვანაზე.

თუ ისევ თქვენს კითხვას დავუბრუნდებით, ჩემთვის ეს არის დამრტყმელი ძალა, რომელსაც 23 ნოემბრის აქციებში უნდა მიეღო მონაწილეობა დისტანციურად, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში გამოჩნდებოდა და შეიძლება სხვა ფორმითაც. მით უმეტეს, რომ ჩემი ინფორმაციით, აქ არსებობს რამდენიმე კერძო დაცვის სამსახური, რომელშიც გაერთიანებული არიან ყოფილი ძალოვანები, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან და მე ვიცი, რომ მათი გამოყენებაც იგეგმება. თუმცა, სააკაშვილის გორში გადაყვანის შემდეგ ამის აუცილებლობა ამ ეტაპზე მოხსნილად მეჩვენება“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, ამ ისტორიაში ძალიან საინტერესოა ისიც, რომ უკრაინელი მებრძოლები ჩამოფრინდნენ მაშინ, როდესაც გადაწყდა სააკაშვილის გორში გადაყვანა.

„როგორც ჩანს, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა თავისი სადაზვერვო სტრუქტურებისგან იცოდნენ, რაც მოხდება და ამიტომ იყო აშშ-ის ელჩის არადიპლომატიური განცხადება იმის თავობაზე, რომ თავი დაანებეთ ლაპარაკს და გადაიყვანეთ კერძო საავადმყოფოში. ასევე, ჩემთვის ცნობლია ისიც, რომ აშშ-ის მხრიდან ძალიან სერიოზული საუბარი შედგა როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან.

ამიტომ მიიღო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე და ამიტომ იყო ოპოზიციამ თქვა, რომ არ მოაწყობენ აქციებს, ამიტომ იყო გვარამიას ღიმილისმომგვრელი პოზიციის ცვლილება, როდესაც ამბობდა ოსური სპეცრაზმი აპირებდა გორის ჰოსპიტალიდან სააკაშვილის გატაცებას, მერე უცებ დაავიწყდა ეს ამბავი და უკვე მისაღები გახდა ხელისუფლების გადაწყვეტილება. მე მაინც მგონია, რომ ძალისმიერ მეთოდით ხელისუფლების ცვლილება არის მათი გეგმა, თუმცა გარკვეული პაუზა აიღეს, ელოდებიან სააკაშვილის მდგომარეობის გამოსწორებას. მით უმეტეს, რომ ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ისინი საქართველოში მაედნას მოაწყობენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.

 

 

 

 

romani უკრაინა არასდროს ყოფილა სახელმწიფო და არც არის. ეს არის დიდი ხუტორი მონოკულტურული ფსიქოლოგიით, სლავების ყველაზე სუსტი რგოლი და, ზოგადად, ძალიან დაბალი დონე. ისტორიის ამ ეტაპზე, იგი, საქრთველოსათვის ძალიან საშიშ და უარყოფით როლს თამაშობს. ყველაფერი თუ იცით, მიიღოს ზომები სახელმწიფომ, ბოლოს და ბოლოს. აჩვენეთ თქვენს კბილები. ვინც ჩვენსკენ არ არის ის ჩვენი მტერია, და უარესიც, ქვეყანას ანგრევს. დაანგრია უკვე 2008-ში.
2 წლის უკან